x
ვარდისუბნელი პაპა

80–იანი წლების შუა იყო. პერესტროიკა ჯერ დაწყებული არ იყო და უძრაობის წლებს „დაჩქარების სტრატეგიით“ და მშრალი კანონით ვებრძოდით მშობლიურ კომპარტიასთან ერთად. თუმცა ამ ბრძოლას მსხვერპლიც ახლდა. ასე მაგალითად: იმ დროს თელავში მოსკოვიდან ჩამოვიდა მორიგი პარტიული ჩინოვნიკი, რომელიც მშრალი კანონის მოქმედების შესამოწმებლად „ხერგილზე“ (რესტორანია თელავში)
წაიყვანეს. მასპინძლობა დაავალეს რაიკომის თანამშრომელ წიკლაურს (სახელი აღარ მახსოვს), კაცი რომელიც საერთოდ არ სვამდა. მოსკოველმა სტუმარმა საკმაოდ საფუძვლიანი შემოწმება ჩაატარა სუფრასთან და საკმაოდაც გამოთვრა, ისე როგორც ეკადრებოდა ჭეშმარიტ მოსკოველს. ასეთ მდგომარეობაში გამობანცალდა აივანზე, ალაზნის ველის და კავკასიონის ხედით დასატკბობლად, თავი ვერ შეიკავა და აივნიდან გადმოეშვა. აივანი არც ისე მაღალზე იყო და სტუმარი მსუბუქი ტრამვით გადარჩა; მაგრამ ვერ გადარჩა წიკლაური, იგი პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიც დაატოვებინეს ლოთობისა და ალკოჰოლის
ბოროტად გამოყენების გამო.

ერთი თანამშრომელი გვყავდა ვარდისუბნელი, ძალიან უყვარდა მოხარშული ინდაური ნიორთავით და სახლში ყოველწელს ზრდიდა ზამთრისთვის. კახეთში ასე იციან, რომ სანამ ინდაური თოვლს არ შეჭამს მანამდე არ დაკლავენ. ერთ წელიწადს თოვლის მოსვლამ დააგვიანა და ეს კაცი მთაში წავიდა, თოვლი ჩამოიტანა, დაუყარა
ინდაურს, აჭამა და მერე დაკლა.

იმ წელიწადს კი ყველაფერი რიგზე იყო, თოვლიც დროულად მოვიდა და ღვინოც კარგი დაუდგა. დაგვპატიჟა ათიოდ თანამშრომელი, ინდაურს დაამატა ღორის სამწვადე, ხბოს სახაშლამე, კონდოლის საგუბრის სარკისებრი კობრი, თუშური ყველი და გაიშალა სუფრა. გარეთ თოვდა, ორსართულიანი სახლის პირველ სართულის მომცრო
ოთახში კი შეშის ღუმელი ვარვარებდა. ღუმელთან იჯდა ჩვენი მეგობრის პაპა, სველ წინდებს იშრობდა და ზოგჯერ უკმაყოფილო სახით გადმოგვხედავდა ხოლმე. დიდ ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან მოხუცი პაპა თუნდაც გაგინებდეს, კახეთში საწყენად არავინ იღებს.

ღვინო მართლაც სანაქებო ჰქონდა მასპინძელს, მაგრამ სუფრაზე პატარა, შროშაში ნაყიდი თიხის ხელადებით მოიტანა და მალე იცლებოდა. ამიტომ წამდაუწუმ პაპას შეახსენებდა ხოლმე: „პაპი ჩამაასხი, ჩამაასხი!“ პაპაც უკმაყოფილო სახით ადგებოდა, გავიდოდა მარანში, ჩამოასხავდა და უხმოდ შემოიტანდა ხოლმე შევსებულ ხელადებს. მორიგ დაცლაზე შვილიშვილმა კვლავ შეახსენა პაპას: „პაპი ჩამაასხი, ჩამაასხი“! პაპა, უკვე საკმაოდ გაბრაზებული, ადგა და ცარიელი ხელადებით გასწია მარნისკენ. ერთერთმა ჩვენმა მეგობარმა რაღაც იეჭვა და შეუმჩნევლად უკან გაჰყვა პაპას. პაპა შევიდა მარანში, თან ნაწყენ კილოზე ბურტყუნებს: „ჩამაასხი, ჩამაასხი, დედიშენისამ წელი მოგწყდა წამლაში!“ აიღო იქვე მდგარი ჭაჭის არყით სავსე გრაფინი და ჩააპირქვავა, უკვე ჩვენს მიერ
დანაკლულებულ, ოცლიტრიან ღვინის ბოცაში.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0