x
პოლიტდიალოგი

რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო გამძაფრდა კანდიდატებს შორია დაძაბულობა. სულ ცოტა დარჩა იქამდე, რომ კანდიდატებს შორის ერთმანეთის ძაგება ლანძღვა–გინების ფორმატში გადავიდეს. ასეთი ფორმატი უკვე გაჩნდა სოციალურ ქსელებში, ამ თუ იმ კანდიდტის მხარდამჭერთა დისკუსიებში. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ თავიანთ რჩეულს.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ თუ ოპონენტს აგინებ, ამით მისი მხარდაჭერის ნდობას ვერასდროს მოიპოვებ და შენს მხარეზე ვერ გადმოიყვან. საერთოდ კამათის და დისკუსიის წარმართვის ხელოვნების დეფიციტი აშკარად თვალშისაცემია ჩვენი საზოგადოებისათვის. მოკამათენი თავისი მოსაზრების მართებულობის დასამტკიცებლად ხშირად ერთმანეთის შეურაცხყოფას მიმართავენ. ეს საკმაო გაღიზიანებას იწვევს როგორც მოწინააღმდეგე მხარის მოხრეებში, ისე ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანებში.

კამათის წარმართვის დიდ სპეციალისტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ისეთი ელემენტარული ხერხების გამოყენება, როგორიცაა მოწინააღმდეგე მხარის და მისი მომხრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აუცილებლად უნდა იცოდეს კამათში მონაწილეობის
მსურველმა, ხოლო პოლიტიკოსისათვის ეს აუცილებელი თვისება მგონია. ასეთ ხერხს, რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ სოკრატე მიმართავდა. პირველ რიგში იგი ოპონენტს ეთანხმებოდა საკამათო საკითხში, მხოლოდ ისეთი სიტყვების გამოყენებით როგორიცაა : მაგრამ, თუ, შესაძლოა და ა.შ., შემდეგ კი კითხვების დასმით მოწინააღმდეგე მიყავდა საკითხის მისეულ გადაწყვეტილებამდე. აქ ძირითადი მომენტი ისაა, რომ ოპონენტი შენდამი თავიდანვე სიმპათიით განაწყო. კამათის ასეთი სახით წარმართვა მის მონაწილეს
უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მოწინააღმდეგის თავდაუზოგავი ლანძღვა–გინება.

პოლიტიკური დიალოგის წარმართვის უცოდინრობა ბევრ პოლიტიკოსს ემჩნევა, თუმცა ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკუთარ ამომრჩევლებთან, ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში. ამას წინათ ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს მოუწია
საკუთარი გამონათქვამის განმარტება გაეკეთებინა ევრაზიული კავშირის შესახებ, თუმცა განმარტებამდე მისმა ოპონენტებმა კარგად ისარგებლეს და სათავისოდ გამოიყენეს ივანიშვილის სიტყვები. იგი როგორც ჩანს პოლიკოსის ამპლუაში ჯერ კიდევ კარგად ვერ გრძნობს თავს, რადგან მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი გამოცდილი პოლიტიკოსის პასუხი დაახლოებით ასეთი იქნებოდა: ჩვენ
ვაკვირდებით ევრაზიულ კავშირს, მაგრამ ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ასეთი ფრაზით ნათელია, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური იგი ყველა მიმდინარე საქმის კურსშია მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით და პასუხისმგებლობასაც იცილებს ამ საკითხის გადასაწყვეტად.

კიდევ უფრო დიდი შეცდომა მგონია სირიის კონფლიქტთან საქართველოს პოზიციის დაკავების გამო. ამ შემთხვევაში ჩვენს საგარეო უწყებას, უფრო მართებულად მიმაჩნია, რომ შემდეგი სახით დაეფიქსირებინა თავის მოსაზრება: საქართველო მხარს დაუჭერს აშშ–ს ინტერვენციას სირიაში, თუ იგი (საქართველო) დარწმუნდება, რომ ბაშარ ალ ასადის მომხრეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამით საქართველო, საჭიროების შემთხვევისათვის, უკან დასახევ გზას არ
მოიჭრიდა. თუ აშშ შესაბამის დოკუმენტებს წარმოუდგენდა საქართველოს. ყოველთვისაა შესაძლებელი ეს დოკუმენტები შენს სასარგებლოდ გამოიყენო: შეგიძლია უტყუარად აღიარო და შეგიძლია ეჭვი შეიტანო, იმისდა მიხედვით თუ როგორ სჭირდება ეს შენს ქვეყანას. ასეთი პოზიციის დაკავება სრულებითაც არაა სტრატეგიული მოკავშირის შეურაცხყოფა, ვაშინგტონში მსოფლიოს საუკეთესო
პოლიტიკოსები სხედან და მათთვის ქართული მხარის ეს პოზიცია გასაკვირი არ იქნებოდა; პირიქით, მეტ პატივისცემას დაიმსახურებს საქართველოს ხელისუფლება მათგან.

რუსეთის პრეზიდენტმა რამოდენიმეჯერ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია ამისთვის ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები უნდა გადადგას და ვერც იტყოდა, რადგან ეს უნდა გამოიკვეთოს მოლაპარაკების და პოლიტიკოსთა შორის დიალოგის პროცესში. ჩვენი
მხარე არ იყენებს პუტინის ამ გამონათქვამებს და რატომღაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს სთხოვს ამაში დახმარებას. ასეთი შუამავალი ყოველთვის ეცდება თავისი ქვეყნისთვის მიიღოს მეტი სარგებელი, ვიდრე საქართველოსათვის. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართველ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა პოლიტიკური დიალოგის წარსამართავად.

მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს კარგად იცნობდე, უნდა გქონდეს მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია, რათა დიალოგის პროცესში ოპონენტის კეთილგანწყობა მოიპოვო. თუ ამას ვერ მოახერხებს პოლიტიკოსი ეს მოლაპარაკება განწირული იქნება
ჩასაშლელად. აგრეთვე საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ მოლაპარაკებამდე რა საჯარო განცხადებას აკეთებდი მოწინააღმდეგის მიმართ; თუ მას მანამდე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდი, ცხადია წარმატების ნაკლები იმედი არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია თუ ვის აირჩევს საქართველო პრეზიდენტად. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით შეზღუდული უფლებები აქვს, მაინც იგი რჩება მთავარი პერსონა საგარეო ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სათანადო გამოცდილების მქონე და
პოლიტიკური დიალოგის წარმართვის მცოდნე კანდიდატს, რომელიც შეძლებს ნორმალური მოლაპარაკებების წარმართვას ყველა იმ ქვეყნის და სეპარატისტული რეგიონის ლიდერებთან, რომელთა გადაწყვეტილებებსაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0