x
ცენტრალური კავკასია და ევრაზიული კავშირი

რუსეთი ყველანაირი მეთოდით ცდილობს, შეაკოწიწოს ევრაზიული კავშირი. იქნება ეს: სომხეთის საბაჟო კავშირში ძალით გაწევრიანება; უკრაინის, იმავე კავშირში შესაყვანად, ონიშჩენკოს მეთოდებით
იძულება; საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა და ა.შ.. ევრაზიული კავშირი, სადაც რუსეთის გარშემო გაერთიანებული იქნება „რიმლენდის“ (ჰ. მაკინდერი, ნ. სპაიკმენი) ძირითადი ქვეყნები, როგორც ჩანს რუსეთისათვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა დარჩეს აშშ–ს, ევროკავშირსა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო პოლიტიკის ძირითად მოთამაშედ.

რუსეთის გავლენისაგან თავის დასაღწევად, რიმლენდის ქვეყნები ეფექტურ ნაბიჯებს ვერ ახორციელებენ. პასიურია ევროკავშირიც, რომლისკენ სწრაფვაც არაერთხელ დაადასტურა საქართველომ და
უკრაინამ; თუმცა ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან ევროკავშირის ქვეყნებისათვის ძირითადი მიზანი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და არა სხვა ქვეყნების უანგარო დახმარება, რამაც შესაძლებელია გაურთულოს რუსეთთან ურთიერთობა. ეს გართულება კი საკმაო საფრთხის შემცველია ევროკავშირისათვის.

ცენტრალური კავკასიის (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) და ცენტრალური ევროპის (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) ქვეყნებმა თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს, სულ მალე მოდერნიზებულ
სსრკ–ს შემადგენლობაში აღმოჩნდებიან.

თითქმის ერთი წელი გადის საქართველოში ხელისუფლების ცვლილებიდან, მაგრამ საგარეო ურთიერთობებში ქვეყანამ
მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა. ერთადერთ წარმატებას რასაც საგარეო უწყებამ მიაღწია, შვეიცარიასთან სავიზო რეჟიმის გაიოლებაა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, მხოლოდ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება მოხერხდა, ისიც ძალიან მყიფეა, რადგან რუსეთს როცა სურვილი ექნება, მაშინ გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას კარგად არა აქვს შესწავლილი რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სფერო, არ იცის რუსეთის პოლიტიკური რეალობის სუსტი და ძლიერი მხარეები. პუტინმა, 2011 წლის სამხედრო სწავლების დროს ჯარისკაცებთან საუბარში, განმარტა, რომ მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს ძალა. ძალაში იგულისხმება როგორც სამხედრო სიძლიერე, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე. სამხედრო სიძლიერე ნამდვილად არ აკლია რუსეთს, ასევე შეიძლება ითქვას ეკონომიკაზე. ერთადერთი სუსტი წერტილი არის პოლიტიკა; რუსეთში თითქმის ავტორიტარული მმართველობაა და კორუფციის მაღალი დონეა. ამის გამოსწორება, სურვილიც რომ ჰქონდეს, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამით საფრთხე შეექმნება რუსეთის გავლენას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. ამ რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) ხელისუფლება, რუსეთში დემოკრატიულ ცვლილებებს, საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საშიშროებად აღიქვამს და ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ისინი ჩინეთის ორბიტაზე აღმოჩდნენ.

რუსეთის ეს პოლიტიკური სისუსტე უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს მიერ აშშ–სთან და ევროკავშირთან ურთიერთობისას, რათა მათ ხელი შეუწყონ ცენტრალური კავკასიის ქვეყნების
ინტეგრაციას. ასეთი გაერთიანების პერსპექტივა ამ რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესში ჯდება აქ არსებული კონფლიქტების გამო (არცერთ ქვეყანას არ სურს მის ტერიტორიაზე კონფლიქტის კერა არსებობდეს, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში ეს კერებიც ჩაქრება). ძირითადი ხელისშემშლელი შეიძლება მხოლოდ ალიევების კლანი იყოს, რადგან ეს გაერთიანება წარმოუდგენელია ავრორიტარიზმის და კორუფციის პირობებში. დემოკრატიული პროცესების განვითარებით აზერბაიჯანში, ალიევების მმართველობას საფრთხე შეექმნება. ხოლო, მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულებაც არაა ამ ოჯახისათვის
ხანგრძლივი მმართველობის გარანტია; რუსეთი როცა მოისურვებს, მაშინ ჩამოაშორებს ალიევებს ხელისუფლებას. ყველაზე მყარად დღევანდელ სიტუაციაში გრძნობს ალიევების ოჯახი თავს დაცულად. ამ პრობლემის მოგვარების საშუალება ევროკავშირს და აშშ–ს
ხელეწიფებათ: მათ შეუძლიათ საკმარისი ზეწოლა მოახდინონ, რათა ალიევმა დაიწყოს აზერბაიჯანში დემოკრატიული პროცესების განვითარება.

ამ სამი ქვეყნის გაერთიანების პოტენციალი, როგორც პოლიტიკური, ასე ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალია. ასეთ გაერთიანებას ექნება იმის უნარი, რომ თავი დააღწიოს რუსეთის სურვილს, თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს ეს რეგიონი. ეს შედის, როგორც აშშ–ს და ევროკავშირის, ასევე ჩინეთის ინტერესებშიც, რომელსაც რუსეთის დასუსტებით შესაძლოა გზა გაეხსნას ცენტრალური აზიის ქვეყნებისაკენ.

სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკური რეალიზმის თეორია მოქმედებს, სადაც სუსტი სახელმწიფოს
ინტერესს არავინ ითვალისწინებს. ამიტომ ამ უკანასკნელებმა, თუ მათ გადარჩენის სურვილი აქვთ, ისე უნდა იმოქმედონ, რომ მათი ინტერესთა თანხვედრა მოხდეს სხვა ძლიერი ქვეყნის ინტერესთან. ჩვენს შემთხვევაში ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია თანხვედრაში მოდის სამი დიდი პოლიტიკური სუბიექტის (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი)
ინტერესებში. ამ სიტუაციის გამოუყენებლობა საგრძნობლად დაასუსტებს, ისედაც სუსტ, ცენტრალური კავკასიის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას და ხანგრძლივი ვადით გაგრძელდება რეგიონში არასტაბილური მდგომარეობა.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0