x
"მიჯირყვნის" სტრატეგია


„მისაჯირყნად დაგვიბარეს და მიგვჯირყნეს“ – ასე შეაფასა ალეკო ელისაშვილმა პრემიერთან ტელემედიის წამყვანების შეხვედრა. ცოტა ხნის უკან ექსპერტებთან ანალოგიური შეხვედრის, პრემიერის უახლოეს მომავალში დაგეგმილი „ენჯეოებთან“ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ადასტურებს, რომ ეს მისი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.


ივანიშვილის მოქმედების გეგმის წინასწარ განჭვრეტა არცთუ ისე მარტივია. „მიჯირყვნის“ სტრატეგიას იგი დიდი ხანია ატარებს და ეს მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაიწყო. ეს სტრატეგია აუცილებელია ბიზნესში, მითუმეტეს როცა ბიზნესი ისეთ ქვეყანაში გაქვს როგორიც რუსეთია. საზოგადოებაში ივანიშვილი, პოლიტიკაში მოსვლამდე, ცნობილი იყო ქველმოქმედებით და სიკეთის მთესველის სახელით. ერთერთ პირველ ტელეინტერვიუში ეკა ბერიძესთან მან განაცხადა, დოკუმენტურად შეუძლია აამტკიცოს, რომ ქველმოქმედება მომგებიანი საქმეა. ძირითადად, ყველა სახის საქმიანობის დასაწყისი ითხოვს გარკვეულ მატერიალურ თუ მორალურ ხარჯის გაღებას, რაც აყალიბებს ამ საქმიანობაში შემდეგში პოტენციურ მონაწილეთა ნდობას საქმის წამომწყებისადმი. ამ მეთოდს იყენებდნენ სიცილიური მაფიის ორგანიზატორები, ისინი უანგარო დახმარებას უწევდნენ მთხოვნელებს იმ იმედით, რომ როცა ამის საჭიროება იქნებოდა, ეს მთხოვნელები მაფიის დამხმარე და მხარდამჭერი გახდებოდა.


მდიდარი ადამიანის ქველმოქმედება და სიკეთის თესვა გასაკვირი არცაა, როგორც პროფ. ალა ჩირიკოვამ გამოიკვლია, ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც საქმიანობის დროს სისასტიკით და დაუნდობლობით იყო გამორჩეული, გამდიდრების შემდეგ კეთილი
ხდება. რუსულ ბიზნესში (და არა მარტო რუსულში) კონკურენტის მიმართ სასტიკი და დაუნდობელი თუ არ იქნები, წარმატების მიღწევა ძნელია; ყოველ შემთხვევაში მოკლე ხანში განუზომელი სიმდიდრის დაგროვება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ყველა ბიზნესმენი ცდილობს „მიჯირყნოს“ კონკურენტი.


ივანიშვილი საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი ადამიანია, იგი თითქმის უშეცდომოდ მოქმედებს ბიზნესში. ერთადერთ ჩავარდნად შეიძლება „ნორილსკი ნიკელის“ საქმე განვიხილოთ. როდესაც ივანიშვილმა ამ საწარმოს საგირავნო („ზალოგოვი“) აუქციონზე შეძენა ვერ მოახერხა. მაშინ, თუ არ ვცდები, ივანიშვილის ბანკმა „როსიისკი კრედიტმა“ აუქციონს 350 მილიონი დოლარი შესთავაზა, გამარჯვებული კი გახდა ვლადიმერ პოტანინის და მიხეილ პროხოროვის „ონექსიმბანკი“,
რომელმაც ამ საწარმოს აქციების 51%–ში 170, 1 მილიონი დოლარი გადაიხადა. მაშინ ივანიშვილმა საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა აუქციონის ორგანიზატორების (ანატოლი ჩუბაისი, ოლეგ სოსკოვეცი, ალფრედ კოხი) მისამართით და შესაძლოა ესეც იყო შემდეგში მისი კონფლიქტის სათავე ძმებ ჩერნოებთან, რადგან, როგორც ცნობილია მიხეილ ჩერნოი დაახლოებული იყო ოლეგ სოსკოვეცთან. თუმცა ივანიშვილმა მოგვიანებით ეს მარცხიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა და განაცხადა, რომ იგი თავიდანვე წინააღმდეგი იყო ასეთი ტიპის აუქციონისა, რადგან ეს ქვეყნისათვის სასიკეთო არ იქნებოდა.


საქართველოში თავის პოლიტიკურ წარმატებას ივანიშვილმა თავიდანვე ჩაუყარა საფუძველი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ადვილად გაყიდვადი გახდა, სტალინის შემდგომი სსრკ–ს ლიდერების მმართველობის პოლიტიკის გამო. კომუნისტური
ხელისუფლება იმპერიის პერიფერიებში ხელს უწყობდა პროტექციონიზმის განვითარებას. ამით სსრკ–ს მოკავშირე რესპუბლიკების საკვანძო ხელმძღვანელ თანამდებობზე ხვდებოდნენ ადვილად სამართავი პირები, რომლებსაც თავისი თანამდებობის შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნდათ და საჭირო მომენტში
თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. კორუფციამ და პროტექციონიზმა დიდი მასშტაბები მიიღო განათლების სფეროში, რადგან მაშინდელ სიტუაციაში მთავარი იყო დიპლომი გქონოდა და არა ცოდნა, რომ კარიერა გაგეკეთებინა. განათლების და ცოდნის მასიურმა არქონამ, საქართველოში და სხვა რესპუბლიკებშიც, ჩამოაყალიბა ინტელიგენციის ისეთი ფენა, რომელიც საზოგადოებაში წარმატებულად ჩანდნენ, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ შეხედულებების შეცვლა და სხვა პოზიციაზე გადასვლა. ასე მოხდა 80–იანი წლების ბოლოს საქართველოში, როცა ყველა ათეისტი საზოგადო მოღვაწე უცბად გახდა ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი.


როგორც ჩანს ივანიშვილი დაკვირვებით ადევნებდა ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს; ამიტომ, მგონი თავადაც ათეისტმა, უზარმაზარი თანხები გაიღო ეკლესიების მშენებლობებისათვის, დააფუძნა ფონდი, რომელიც სრულიად უანგაროდ უხდიდა ხელოვნების და სხვა დარგის მოღვაწეებს საკმაოდ დიდ ხელფასებს, დახმარების სახით. ეს ქველმოქმედება მან ძალიან საინტერესოდ გასწია. იგი ყველა დახმარების მიმღებს აფრთხილებდა, რომ მისი სახელი არ ეხსენებინათ, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, რომ ამ დახმარების მიმღები ამას არ და ვერც დამალავდა თავის საახლობლო წრეში; საქართველო კი ისე პატარაა, რომ ეს ყველასათვის ცნობილი ხდებოდა. ქველმოქმედების არ აფიშირებით მან მეტი ნდობა მოიპოვა საზოგადოებაში, ვიდრე ამას ყოველდღიური განცხადებებით მოახერხებდა.


ცხადია, ივანიშვილი არ აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, მისთვის სრულიად საკმარისი იყო ხელისუფლებისაგან დაცული ყოფილიყო საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა და სიმდიდრე; მაგრამ, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოთხოვნები იმდენად გაიზარდა,
სააკაშვილისვე უგუნურობის გამო, რომ მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ამ შემთხვევისათვის კი ივანიშვილს მომზადებული ჰქონდა ნიადაგი პოლიტიკაში მოსასვლელად. ერთერთ პირველ ინტერვიუში მან არც დამალა და თქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნა ყველაზე კარგი ადგილია ქონების შესანარჩუნებლად და პირადი
უსაფრთხოებისათვის. როდესაც მან პირველად განაცხადა, რომ იყიდდა ტელეკომპანიას სამმაგ ფასში და შემდეგ პატრონს დაუბრუნებდა უსასყიდლოდ, უკვე ცხადი გახდა, რომ მას ჰქონდა ისეთი რამ, რაც აუცილებელ წარმატებას მოუტანდა არჩევნებში. როგორც ბოლოს ნათელი გახდა, უკვე პირველ პოლიტიკურ
განცხადებამდე, მან იცოდა ციხის კადრების არსებობის შესახებ; ამიტომ აუცილებელი იყო საკუთარი ტელევიზიის ქონა, რადგან სხვა ტელეკომპანიას შესაძლებელი იყო მის გაშვებაზე უარი ეთქვა შიშის გამო, ან ასტრონომიული თანხა მოეთხოვა.


90–იან წლებში ნაყიდი ინტელიგენციის ფენა დღეისათვის საკმაოდ ხანშიშესულია იმისათვის, რომ კვლავ წამყვანი პოზიცია ეკავოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ახლა საზოგადოებრივ აზრს ქმნიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მდიდარი ადამიანები. მდიდრების გვერდში
ამოყენება არც ისე ძნელია, მთავარია მათ ჰქონდეთ გარანტია, რომ მთლად უსამართლოდ არ წაართმევენ დაგროვილ ქონებას. დანარჩენების ნაწილის ყიდვა შესაძლებელია და ასე მოხდა კიდეც, ნაწილი კი „პრინციპულია“ და მათი ყიდვა არ ხერხდება, ამიტომ საჭირო ხდება მათი „მიჯირყვნა“. ივანიშვილი, თავისი განუზომელი ავტორიტეტის გამო, ამას ადვილად ახერხებს. გარდა ამისა, ქართული
საზოგადოების უმეტეს ნაწილს უარყოფითი შეხედულება აქვს ექსპერტების, ჟურნალისტების და „ენჯეოების“ შესახებ. პრემიერი თავისი განათლებით საკმაოდ მაღლა დგას ოპონენტებთან შედარებით. მან სსრკ–ს დროს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე, მოახერხა და დაამთავრა უნივერსიტეტი, ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. ეს კი მაშინ, პროტექციის გარეშე, მხოლოდ კარგი ცოდნით მიიღწეოდა.


ივანიშვილი თითქმის უშეცდომოდ მოქმედებს პოლიტიკაშიც. მისი ყველაზე სუსტი წერტილი ამ სფეროში, საგარეო პოლიტიკაა. აქ ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა, მითუმეტეს როცა მისი მთავრობის საგარეო უწყება საკმაოდ არაეფექტურია; ამ ხნის მანძილზე ძლივს მოახერხა ამ უწყებამ, აშშ–ს და ევროკავშირს შეშფოთება, ისიც აღშფოთების გარეშე, გამოეხატა რუსეთის მიერ მავთულხლართების საქართველოს ტერიტორიაზე მონტაჟის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ლესოტოსთან საერთო ინტერესების გამონახვით იწონებს თავს. საერთოდ ქვეყნის საგარეო ურთიერთობები სტაგნაციას განიცდის და დროა ხელისუფლებამ იფიქროს უფრო ეფექტურ სტრატეგიაზე გადასვლა, ისე რომ ქვეყნის ეროვნული ინტერსები იქნას დაცული.


სუსტ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს შარშანდელი წინასაარჩევნო დაპირება ნახევარ წელიწადში სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. ეს პრემიერმა ახსენა კიდეც ჟურნალისტებთან შეხვედრისას, როდესაც მან სტრასბურგში ბაქრაძესთან საუბარი გაიხსენა. ბაქრაძის კითხვაზე იცოდა თუ არა მან, რომ ეს ასეთ მოკლე ვადაში არ შესრულდებოდა, მას წამოცდა, რომ ეს დაპირება პოლიტიკური იყო და ამის შესრულებას უფრო მეტი დრო სჭირდება.


ივანიშვილის ძირითადი ოპონენტები მისგან სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ; თუმცა, როგორც ჩანს ეს პროცესი იმდენად გაიწელება, როგორც მეანაბრეთა საკითხი და თანდათან დავიწყებას მიეცემა.


წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა ოდესმე აუცილებლად ცუდად იჩენს თავს. ეს კარგად იცის პრემიერმაც და შესაძლოა მისი ასე ნაადრევად თანამდებობის დატოვება ამითაცაა განპირობებული. რაც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება დაპირებების შესრულებას, სრულად მაინც ვერ შეძლებს ამას და მაინც ეყოლება უკმაყოფილო ხალხი. ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალაუფლებას დაკარგავს, სამაგიეროდ აიცილებს პასუხისმგებლობას ქართული ოცნების დაპირებების შესრულებაზე.


ექსპერტებთან და ჟურნალიტებთან შეხვედრის შემდეგ, ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ პრემიერი კრიტიკას ვერ იტანს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს, იგი კარგი პრაგმატიკოსია და იცის, რომ ზედმეტი რისკის გაწევა საჭირო არაა. სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც მისი კანდიდატი მარგველაშვილია. სანამ მას დაასახელებდა
პრემიერი კანდიდატად, მარგველაშვილს არავითარი რეიტინგი არ ჰქონდა, მას ალბათ მისივე პიარმენეჯერი შალვა რამიშვილიც კი უსწრებდა პოპულარობაში. ამიტომ საჭიროა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდეს, როგორც ყველაფრისმცოდნე პირად, რომელსაც ხალხმა ყველაფერი უნდა დაუჯეროს, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის და განსჯის გარეშე. ამისათვის კი აუცილებელი
გახდა ექსპერტების, ჟურნალისტების, „ენჯეოების“ და სხვების საჯაროდ „მიჯირყვნა“.


„მიჯირყვნის“ პროცესი რომ უშუალოდ არჩევნებს უკავშირდება, იქიდანაც ჩანს, რომ ივანიშვილს ასეთი დამრიგებლურ–აღმზრდელობითი სამუშაო, უპრიანი იქნებოდა მაშინ დაეწყო, როდესაც იგი სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა. მან კარგად
იცის, რომ ასეთი საჩვენებელი განმანათლებლობა, საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს ვერ აწევს. თუ მას ასეთი მიზანი ჰქონდა, უმჯობესი იქნებოდა თავის დროზე ქველმოქმედება განათლების კუთხით გაეწია და არა რელიგიის აღზევებით, რომელსაც უკვე ვალდებულებაც კი გააჩნია ივანიშვილს მოახმაროს თავისი მაღალი
ავტორიტეტი.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0