კინო ნაწარმოებები, რომელთა ფილმად გადაღება შეუძლებელია 2013, 28 სექტემბერი, 13:45 მსოფლიო კინემატოგრაფიაში არსებული ფილმების მესამედზე მეტს საფუძვლად ლიტერატურული ნაწარმოებები უდევს, იქნება ეს რომანი, მოთხრობა, პოემა თუ პიესა. ბევრი უკვე კლასიკად ქცეული რომანი რამდენჯერმეც კი არის ეკრანიზებული, როგორც შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი, რომლის 200-მდე ადაპტაცია არსებობს; რომეო და ჯულიეტას 50-ზე მეტი ეკრანული ვერსია; სამი მუშკეტერი თუ გრაფი მონტე კრისტო. ბევრი ნაწარმოები სწორედ ფილმად ქცევის შემდეგ გახდა პოპულარული, როგორც მაგალითად ნათლიმამა. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომანის ფილმად ქცევა არ არის მხოლოდ დიალოგისა და მოქმედების ფურცლიდან ეკრანზე გადატანა. ხშირ შემთხვევაში რომანის გმირის ხასიათს მკითხველი მისი აზრებიდან ან ავტორისეული მონათხრობიდან იგებს. დიდი მნიშვნეობა აქვს თხრობით პერსპექტივას, მოვლენათა ხედვას ამა თუ იმ პერსონაჟის თუ ავტორის თვალსაზრისიდან. ფილმში კი მთხრობელი თითქმის გამქრალია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში გადმოცემული ეფექტი გარკვეულწილად შეიძლება ფილმშიც შენარჩუნდეს, ის საშუალებები, რომლითაც აღნიშნული ეფექტი მიიღწევა სრულიად განსხვავებულია. ფილმსა და წიგნს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ პირველში სურათი პირდაპირ გვეძლევა, წაკითხულის შემთხვევაში კი სურათის წარმოსახვის სტიმულირება ხდება. ამდენად, კითხვა შედარებით მეტ გონებრივ დატვირთვას ითხოვს. ამას გარდა, ფილმი დროში შეზღუდულიც არის (ჩვეულებრივ მაქსიმუმ 2 საათი), მაშინ, როცა მსოფლიო კლასიკად ქცეული რომანების დიდი ნაწილი რამდენიმე ტომად არის გამოცემული. და კიდევ ერთი, ყველაზე საინტერესო განსხვავება წაკითხულსა და ფილმს შორის: კითხვის პროცესში საშუალება გვაქვს ჩვენეულად წარმოვიდგინოთ პერსონაჟი, ფილმში კი იგი მზა-მზარეული გვეძლევა კონკრეტული მსახიობის სახით. ყოველივე აქედან გამომდინარე, მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოების ეკრანიზაცია ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან რეჟისორი ორმაგი გამოწვევის წინაშე დგება: ფილმის წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთი მხრივ განაწყენდება მკითხველი, რომელიც ნაწარმოებს უკვე იცნობს, მეორე მხრივ კი რომანს დაეკარგება პოტენციური მკითხველი, რომელსაც ფილმის ნახვის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაწარმოების წაკითხვის სურვილი აღარ ექნება. თუმცა მსოფლიო დონის ნაწარმოების წარმატებული ადაპტირებაც აუცილებლად გამოიწვევს დადებითთან ერთად უარყოფით შეფასებს - ეს კი უკვე გემოვნების საკითხია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რომანს, რომლის ადაპტირებაც, ვფიქრობ, შეუძლებელი და არასასურველიც კი იქნება მათი სიუჟეტური თუ სტილისტური მახასიათებლებიდან გამომდინარე. მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში, ვრცელი ავტობიგრაფიული ფრესკა, რომელიც რამდენიმე ტომად არის დაყოფილი. მართალია აღნიშნული ნაწარმოების გარკვეული ნაწილის ეკრანიზება მოხდა, მაგრამ კატრინ დენევის მონაწილეობის მიუხედავად, ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა. კონკრეტული საგნების, მოქმედებებისა თუ შეგრძნებების გამიზნულად შენელებული, სკრუპულოზური აღწერის გადმოცემა, რომელიც ძირითადად პერსონაჟების გონემაში ხდება და ათეულობით გვერდს იკავებს, ვიზუალური საშუალებით თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, მადლენის - ნამცხვრის ამ პატარა ნაჭრის აღწერას ავტორმა 10 გვერდი მოანდომა. თუ ფილმში ეს ეფექტი დაიკარგა, მაშინ პრუსტისგან არც არაფერი დარჩება... ჯეიმზ ჯოისის ულისე, კიდევ ერთი ურთულესი ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაცია წარმოუდგენელია. დუბლინში არის ორი ადამიანი - ალბათ სულ ესაა რაც მის ფაბულაზე შეიძლება ითქვას. არადა რომანი 700-ზე მეტ გვერდს ითვლის. ავტორის მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა თვალსაზრისიდან ეჩვენებინა ადამიანის ცნობიერების, შინაგანი მონოლოგის მთელი სირთულე. მკითხველი მისდევს დუბლინში მოსიარულე პერსონაჟების ცნობიერებას, აზროვნებას, რომლის გადმოცემაც ფურცელზეც კი მხოლოდ პუნქტუაციის ნიშნების უარყოფით ხდება შესაძლებელი. გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წელი, ნაწარმოები, რომელშიც თითქმის არ არსებობს პერსონაჟი, რომელსაც შეიძლება „მთავარი“ ვუწოდოთ. აქ გამოგონილ ქალაქში ერთი ოჯახის თაობათა მონაცვლეობაა აღწერილი ვნებიანი, სარკასტული, მაგიური რეალიზმით. პერსონაჟები ისე სწრაფად იცვლებიან - გარდაიცვლებიან, იბადებიან - რომ ამ პროცესის ფილმად გადაღება თითქმის წარმოუდგენელია. სამუელ ბეკეტის ტრილოგია მოლი, მალონი კვდება, უსახელო, რომელშიც ირღვევა როგორც პერსონაჟები, ასევე ამბავი, თხრობა და რჩება მხოლოდ გაურკვეველი ცნობიერება. მიშელ ბიუტორის მოდიფიკაცია, რომანი, რომელიც მთლიანად „თქვენობით“ ფორმაშია დაწერილი და მატარებლის ვაგონში მყოფი მთავარი პერსონაჟის შინაგან მონოლოგს წარმოადგენს, რომელშიც ერთმანეთში ირევა მითიური და რეალური, არსებული და სასურველი, და რომლის უსასრულოდ გრძელი ფრაზები ხშირად 2 გვერდამდეა გაშლილი. ამჯერად აქ შევჩერდები, თუმცა ამ ნუსხაში შესატანი ალბათ კიდევ ბევრი ნაწარმოები არსებობს, რომლებზე დაფიქრებაც მკითხველისთვის მომინდია... 700 3-ს მოსწონს
|