x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
(ვერ)ჩაკლული სული

1937 წლის რეპრესიაზე დღემდე ბევრს საუბრობენ და მომავალშიც ალბათ ბევრს იმსჯელებენ. ზოგი რეპრესირებულთა რაოდენობას ციფრებით ითვლის, ზოგი - ტანჯვის ხარისხით, ზოგიც ცდილობს განსაზღვროს ის სამყარო, რომელიც სამშობლოს შეწირულ ადამიანებს უნდა შეექმნათ და დანაკარგზე ჩივის. და მაინც, ბოლომდე განუსაზღვრელი დარჩება იმ დანაშაულის მასშტაბი, რომელიც 37 წლის რეპრესიების შემდეგ ქართულ ისტორიაში “ჩაკლული სულის” სახელით დარჩა.
იმ პერიოდში მწერლობა, მხატვრობა, თეატრი ერთადერთი საბრძოლო ასპარეზი იყო, სადაც ქართველი მოღვაწეები თავიანთ სათქმელს ამბობდნენ, ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლების დარტყმის ობიექტი სწორედ ეს სფეროები გახდა. ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება საბჭოთა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იყო. ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებმა შეიწირა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელისა და სხვა გამორჩეულ მოღვაწეთა სიცოცხლე. მათი "აღიარებითი" ჩვენებები თავმოყრილია დოკუმენტში, რომელიც შინაგან საქმეთა საარქივო სამმართველოში ინახება და რომელიც შსს-ს “საარქივო მოამბეში” პირველად გამოქვეყნდა. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, როგორი სასტიკი წამების შემდეგ უხდებოდა ინტელიგენციის გამორჩეულ ნაწილს აღიარებითი ჩვენების მიცემა, რომელიც სიმართლის ნატამალსაც არ შეიცავდა. ხსენებულ ანგარიშში ჩადებულ "აღიარებით" ჩვენებებში წერია, რომ ლიტერატურული ჯგუფები და გაერთიანებები, მათ შორის, "ცისფერყანწელები", ქართული მწერლობისა და პოეზიის განვითარებას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ "ფაშისტური და კონტრრევოლუციური ორგანიზაციები" ყოფილან.
შსს-ს საარქივო სამმართველოს არქივში დაცული საქმის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ მავნებლად და დივერსანტად გამოცხადდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, სასტიკი წამების შედეგად კი მისი “აღიარებით ჩვენება” მიიღეს და დახვრეტეს. ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს და ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. მან პირველად რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 15 წლიანი დუმილის შემდეგ, მოთხრობა ”ტყის კაცით” მიხეილ ჯავახიშვილი კვლავ დაუბრუნდა ლიტერატურას და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მისი ეს აქტიურობა სულაც არ მოსწონსა საბჭოთა ხელისუფლებას, მეტიც მიხეილ ჯავახიშვლიში უდიდეს მტერს ხედავდა, შესაბამისად ყველა შესაძლო გზით ებრძოდა კიდეც მას.
საბოლოო და გადამწყვეტი მიხეილ ჯავახიშვილის საქმეში პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა აღმოჩნდა. როგორც ვიცით, 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა, "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!" - ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
"მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით, " - ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ წარმოთქვა, რითაც საბჭოთა რეპრესიებს შეწირულ ქართველ მოღვაწეთა სათქმელიც თქვა.
ნაციონალისტური იდეების პროპაგანდა არ აპატიეს კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რუსთაველის თეატრის მთავარ რეჟისორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, სანდრო ახმეტელსაც, რომელიც ცდილობდა თავისი ნაციონალისტური იდეები მხატვრულად შენიღბული, მაყურებლებამდე მიეტანა.
სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, რუსთაველის თეატრში ჩნდება ნაციონალიზმით გაჟღენთილი პიესები, როგორებიც იყო აკაკი ვასაძის “შლეგები” და შალვა დადიანის “თეთნულდი”, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველო გამოხატულია სვანეთის სახით. პიესის მიხედვით სვანეთი იმარჯვებს, ხოლო საბჭოთა მმართველობა მარცხდება. ყველაზე ტრაგიკული პიესა, რომლიდანაც იწყება ახმეტელის დევნა, იყო მოსკოვში დადგმული გრიგოლ რობაქიძის “ლამარა”. საბჭოთა ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ ამოიღო, რის გამოც რუსთაველის თეატრს საზღვარგარეთ გასტროლებზე წასვლა აეკრძალა.
საბჭოთა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი მაგალითი იყო აკაკი ხორავას თეატრიდან გაძევება, რომელიც ლავრენტი ბერიას უშუალო ბრძანების მიუხედავად, ახმეტელმა თეატრში აღარ დააბრუნა.
ამ ფაქტების შემდეგ, სანდრო ახმეტელი, საბჭოთა ხელისუფლებამ კონტრრევოლუციონერთა რიგებში ჩაწერა. პლენუმის ანგარიშის მიხედვით, მას, რუსთაველის თეატრში ფაშისტურ-ტერორისტული ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომლის წევრებიც მსახიობები იყვნენ.
1936 წლის 19 ნოემბერს სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში. მისი წამება 222 დღე გრძელდებოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველაფერს უარყოფდა, თუმცა როგორც ყველა, აუტანელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ისიც გატყდა და ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. სასტიკი წამებით დაუძლურებული სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის წინ ღია მანქანით ჩამოატარეს, რათა ხალხს და თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილ მსახიობებს ენახათ, თუ რა ბედი ეწეოდა “ხალხის მტერსა და გამყიდველს”.
1937 წლის 28 ივნისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, სანდრო ახმეტელს სიკვდილით დასჯა, ხოლო მის მეუღლეს, თამარ წულუკიძე-ახმეტელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1937 წლის 29 ივნისს, განაჩენი სისულეში იქნა მოყვანილი. აქედან ოცი წლის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ ახმეტელისა და მისი მეუღლის რეაბილიტაცია მოახდინა, რითაც, ალბათ, საბოლოოდ მასხრად აიგდო ქართველი რეჟისორის მოღვაწეობა და დამსახურებები ერის წინაშე.
პაოლო იაშვილიც ისეთივე "ერის მოღალატე", "აგენტი" და "შპიონი" იყო, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი და დანარჩენები. თუმცა ქართული ინტელიგენციის "აღიარებით" ჩვენებებში ის ერთ-ერთ წარჩინებულ მზვერავად და "დამვერბოვკებლად" ცხადდებოდა.
"არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა, " - წლების მერე დაწერა მწერალმა გურამ ასათიანმა.
1924 წლიდან მოყოლებული, მასშემდეგ რაც საბჭოთა ხელისუფლებამ მისი ძმა, ვასილ იაშვილი შორაპანში სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრიტა პაოლოს ცხოვრება შეიცვალა, შეიცვალა თვითონ პაოლოც. ყველა აღნიშნავს, რომ სცენის, ტრიბუნის, არტისტიზმის, ხალხის მოყვარული საზოგადოებას ერიდებოდა, ჩაიკეტა თავის თავში. იშვიათად ხვდებოდა მეგორბებს. შალვა აფხაიძე იგონებდა “ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე.”
მერე იყო ის, რომ მის პერსონალური სამყარო შეიცვალა. გარშემო სულ რეპრესიას, საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს ხედავდა. საბჭოთა პროპაგანდა კი კვლავ ბორბალივით ტრიალებდა. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე ხშირად ისმოდა მისდამი ბრალდებები “მოღალატური საქმიანობის” გამო.
ჯერ კიდევ 22 ივლისამდელ სხდომაზე ლავრენტი ბერიამ საგანგებოდ აღნიშნა, პაოლო იაშვილისა და მისი თანამოაზრეების - ასევე ქართული ინტელიგენციისა და კულტურის სფეროს უბადლო წარმომაგელების შესახებ. რომ ეს ადამიანები გონს უნდა მოეგონ და დროულად გააანალიზონ თავიანთი პასუხისმგებლობა წითელი სისტემის მიმართ. ეს იყო ნათელი სიგნალი იმისა, რომ მწერალთა კავშირში მასობრივი რეპრესიები მზადდებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ გაფრთხილება გაფრთხილებისთვის. მაგრამ მიუხედავად ბერიას მუქარისა, ქართველ მწერალთა წრეში იყვნენ ისეთებიც, ვინც ”გონს მოგებას” დაუმორჩილებლობა არჩია. მათ შორის იყო პაოლო იაშვილი, რომელმაც ქედის მოხრას თვითმკვლელობა არჩია.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მწერალთა კავშირის შენობაში შესულმა თან სანადრიო თოფი შეიტანა. 1937 წლის 22 ივლისი იყო. სხდომაზე “ქვეყნის მავნებლების” საქმეს განიხილავდნენ. რაც უნდა ირონიული იყოს, პაოლო იაშვილმა თავი სწორედ მაშინ მოიკლა, როცა გვერდით ოთახში მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ. სიმონ ჩიქოვანი მოგონებაში წერს: ”სხდომა დაწყებული იყო და პაოლო შემოვიდა. დამიჯდა, მელაპარაკა სხვადასხვა თემაზე, თან დროდადრო მიმეორებდა: მე მართალი ვარ, იცოდეო. მერე სხვაგან გადაჯდა და იმასთან დაიწყო საუბარი.” პაოლოს სამშობლოსთვის არასდროს უღალატნია. ის ერთი წუთითაც კი არ გამხდარა “პროლეტარი პოეტი”, როგორც ეს მაშინ, თვითგადარჩენის მოტივით, ბევრმა გააკეთა.
მართალია 37 წლის ჯალათებმა მოახერხეს ოქროს თაობის ფიზიკური განადგურება, მაგრამ ვერ შეძლეს მთავარი - ვერ ჩაკლეს ქართული სული და რაც მთავარია მათ დარგულ მუხას ფესვები ჯერ კიდევ მყარად აქვს გადგმული და ვიმედოვნებთ, რომ როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ფიქრობდა, მის აღმოფხვრას ვერასდროს ვერავინ შეძლებს !

0
577
შეფასება არ არის
ავტორი:ვერიკო
ვერიკო
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0