ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებს.
მისი აზრით, საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა არჩევნები უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო.
"არაერთგზის მითქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოსთვის მხოლოდდამხოლოდ ზიანის მომტანია. რაც შეეხება უკვე არსებულ რეალობას, რომ პრეზიდენტმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს, ჩემთვის ეს აბსოლუტურად არ ყოფილა მოულოდნელი, ვიცი რა, თუ როგორ ებღაუჭება პირადად სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას. ბუნებრივია, დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რომ სააკაშვილი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდა იმისთვის, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო საათებიც გაეხანგრძლივებინა. "დემოკრატიული მოძრაობა" უკვე კარგა ხანია, ამ არჩევნებისათვის ემზადება. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს და დღითიდღე სულ უფრო მეტი ხდება, მზად ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ", - ამბობს ბურჯანაძე.
"ეს შეიძლება, პროცესისათვის ნორმალურიც იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ტურში იქნება თუ მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. გამარჯვების შემდეგ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ჩვენ დღეს არ ვართ ქვეყანა, პრაქტიკულად ჩვენი სამშობლო დღეს საერთაშორისო დახმარებების ან განხილვების ობიექტია. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მართლაც გამყარებული ის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები, ტრადიციები და სიახლეებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნორმალური და სწორი განვითარებისათვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე დავამთავრებ ამ გაუგებარ კოჰაბიტაციას "ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან და რეალურად დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, დაიწყება ეკონომიკური ზრდა, დაიწყება ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანა განვითარების ნორმალურ რეჟიმზე გადავა", - განაცხადა ბურჯანაძემ.