საქართველო დავით დარცმელიძე: „სამეგრელოში ბანდფორმირების ჩამოყალიბება აბსურდულია“ 2012, 20 მარტი, 18:42 ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბებაში დავით დარცმელიძეც მონაწილეობს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეა. თავად დარცმელიძე ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია, როგორც მისი მისამართით, ასევე ზოგადად ბანდფორმირებების შექმნის შესახებ. „თემა, რომ სამეგრელოში ბანდფორმირებები ყალიბდება, აბსურდულია და შესაბამისად, აბსურდულია ამ პროცესში ჩემი მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. ერთადერთი რაც ჩემთვის ცნობილია, რომ მართლაც მიმდინარეობს ნებაყოფლობითი რეზერვის პროგრამა, მაგრამ ამაში მე არანაირი ფორმით ჩართული არ ვარ, “ - ამბობს სატელეფონო საუბარში დარცმელიძე. გუბერნატორის მოადგილე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მოუცლელობის მიზეზით ინტერვიუზე უარი განაცხადა. დარცმელიძე გუბერნატორის მოადგილედ გურამ მისაბიშვილის მოსვლის შემდეგ დაინიშნა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გია ალასანიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია რეალურ მტკიცებულებებს ეფუძნება. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ფლობენ უტყუარ ცნობებს, თუ როგორ, სად და ვისი ხელმძღვანელობით ხდება ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ცოცხალი ძალისა და იარაღის მობილიზება. 9 1-ს მოსწონს
|