x
გაურკვევლობის 22 წელი
ტურბაზა „დიღომის“ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ. ბევრი მათგანი არც ალტერნატიულ შემოთავაზებაზე იტყოდა უარს. ხელისუფლება სდუმს, დევნილებში კი უიმედობა ისადგურებს.
image


სად მარხია ძაღლის თავი




„სრულ გაურკვევლობაში ვართ, დავიღალეთ სხვადასხვა ინსტანციაში სიარულით და დაპირებებით “ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ირმა შარია, რომელიც ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე მეგზურობას მიწევს. დევნილები ითხოვენ საცხოვრებელი კოტეჯებისა და მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას. თითქმის ყველა შენობა ამორტიზირებულია, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. მაგრამ იმის შიშით, რომ შეიძლება ერთ დღეს აქედან გაასახლონ, ხალხი სარემონტო სამუშაოებს ვერ აწარმოებს. „დავუშვათ, ავიღეთ სესხი, გავარემონტეთ და გავაფართოვეთ საცხოვრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია იქნება, მერე რომ მოგვადგნენ და შენობების დაცლა მოგვთხოვონ. მცირე სახის სამუშაოების ჩატარება ისედაც ხშირად გვიწევს: ხან იატაკი ჩაიზნიქება, ხან სახურავის ნაწილს ქარი ააფრიალებს, ხანაც წვიმის თქეში შემოვარდება ოთახში“ - მეუბნება ირმა. მისი თქმით, როგორც სახელმწიფო უწყებებში მათ განუცხადეს, 4 ჰექტარი, რომელზედაც გადაჭიმულია ტურბაზის ტერიტორია, საკმაოდ დიდი ფართობია და მისი კერძო მფლობელობაში გადაცემა შეუძლებელია. „სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. კი ბატონო, შემოგვთავაზონ თბილისის ფარგლებში ალტერნატიული ვარიანტი, მაგრამ ეს საკითხიც არ განიხილება.“- აცხადებს ირმა შარია.
image



ხალხს ძველი ფიცრები გადასაყრელად არ ემეტება





ტურბაზა „დიღომი“ მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე.
ეს არის გაშლილი ტერიტორია, რომელზედაც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ტურისტებისათვის ოთხ რიგად აშენდა ხის საზაფხულო კოტეჯები. 1991 წელს ხელისუფლებამ აქ შეასახლა დევნილები ცხინვალის რეგიონიდან, რომელთაც 2 წელიწადში აფხაზეთიდან დევნილებიც დაემატნენ. ამჟამად, აქ რეგისტრირებულია 137 ოჯახი, სულ 374 ადამიანი. ირმა შარია ერთ-ერთი მათგანია. იგი ქალაქ გაგრაში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, უმუშევარია. „ აქ 1995 წლიდან ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ხალხი შეეჩვია აქაურობას. ზოგმა ვენახი გააშენა, ზოგმა ბოსტანი, ზოგს კი შინაური ფრინველები ჰყავს - მეუბნება ირმა შარია. თვალში აშკარად საცემია საცხოვრებელი შენობების წინ ძველი ფიცრებისა და ჯართის გროვა. როგორც ამიხსნეს, ხის შენობები ნელ-ნელა იშლება, ხალხს კი ფიცრები გადასაყრელად არ ემეტება.

image

ტურბაზის „აფრიკა“


საცხოვრებლად ყველაზე რთული ვითარება ჩასახლების ცენტრის
ე.წ. ქვედა რიგშია, სადაც კანალიზაციის სანიაღვრე არხი გადის. წვიმების დროს არხიდან წყალი გადმოდიოდა და ტბორავდა
ახლოს მდებარე კოტეჯების ეზოებს. გასულ წელს არხის სისტემა შეიცვალა, „მაგრამ რა ეშველება ამორტიზირებულ შენობებს?“ - მეუბნება ჩემი მეგზური და ერთ-ერთ კოტეჯში შევყავარ. აქ რურუების ოჯახი ცხოვრობს. სახლში ნესტის სუნი დგას. კედლები დაბზარულია, იატაკი - ალაგ-ალაგ აყრილი, ჭერზე კი წვიმის ნაკვალევი შეიმჩნევა. „ასეთი სულ 15 კოტეჯია, რომელიც რემონტს არ ექვემდებარება. ტურბაზის ამ ნაწილს ჩვენ „აფრიკას“ ვეძახით. საცხოვრებლად გაუსაძლისი ვითარებაა, ხოლო ეზო წყლისგანაა გაპარტახებული. შენობები საცაა დაიშლება“ -მეუბნება ირმა შარია. შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ,
ხმა დაირხა „დეპუტატობის კანდიდატი ანდრია ურუშაძე მოდისო შესახვედრად და ორდერები მოაქვსო“. მაგრამ ეს მორიგი წინასაარჩევნო ფანდი აღმოჩნდა. „ჩვენ ახალ ხელისუფლებასაც მივმართეთ, განაგრძობს ირმა, ვიყავით განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც დაგვპირდნენ ამ საკითხს შესწავლას… უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ არანაირი პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ასეთი გაურკვეველი ვითარება, რომელიც 22 წელი გრძელდება, სასოწარკვეთაში აგდებას ხალხს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ნორმალური ცხოვრება გვინდა “.


http://youtu.be/jlnjwEzCS84


ავტორი გოჩა ხუნდაძე

0
56
5-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა ხუნდაძე
გოჩა ხუნდაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0