x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135766
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510155
ოჯახი და კარიერა
კარიერა

www.babyinfo.ge დღეს საკუთარ მოსაზრებას გთავაზობთ ოჯახისა და კარიერის დილემაზე.

რას ნანობენ ყველაზე მეტად ადრეულ ასაკში დაოჯახებული ქალები? იმაზე, რომ საკუთარი კარიერულ წინსვლასა და წარმატებებზე თქვეს უარი...დღეს ეს უფრო მეტად აქტუალურია, იმიტომ რომ “კარიერული წინსვლა” ძლიერ დაფასდა საზოგადოებაში.
არსებობენ ბედნიერი გამონაკლისებიც, ვინც კარიერული წინსვლა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსა და როგორც ჩანს, წარმატებითაც. დიასახლისების უმრავლესობა კი სინანულით იხსენებს იმ დროს, როდესაც ჰქონდათ წარმატების შანსი, მაგრამ უარი თქვეს მასზე. სინანული მწარეა, მაგრამ არც ისე საფუძვლიანი.
რას წარმოადგენს კარიერა, რომელსაც ასე მივტირით?
პირველ რიგში, დავფიქრდეთ, რაზე ვთქვით ზუსტად უარი? მორიგ 9-დან 6-მდე სამსახურზე? რას გულისხმობთ იმ წარმატებაში რასაც ასე მისტირით? მართლაც ასე რეალური იყო ეს შანსი? რამდენად სასურველია ის თქვენთვის? კონკრეტულად რა მოგწონთ მასში? რას მოგიტანთ ეს “კარიერა”?
რა გჭირდებათ ნამდვილად?
ძალიან ხშირად ჩვენ საზოგადოებრივი და სხვისი აზრებით ვსაზრდოობთ და რაღაცეები “გვგონია”, რომ მართლაც ასეა...თუნდაც რეალურად მივიღოთ ეს რაღაც, შეიძლება ასე აღარ მოგვეწონოს. ბევრი დიასახლისი ოცნებობს სამსახურზე, ისე რომ მისთვის ხშირად მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებს და რა შინაარსი ექნება მის შრომას. სამსახური, როგორც ხსნა და სახლიდან გამოსაქცევი ასე ევლინება ბევრს და ოცნებობს მასზე, მაგრამ თუ იღებს, მერე ხვდება, რომ რიგითი სამსახური საკმარისი არ არის...ყველასთვის, ბედნიერებისთვის. ამიტომაც, ზოგი ნებდება და ისევ ბუდეს უბრუნდება. ზოგი კი ითმენს და იმითაც კმაყოფილია, რომ ბუდიდან გასასვლელი აქვს. ზოგი კი იბრძვის და ერთ სამსახურს მეორეზე ცვლის, მეორეს მესამეზე, და ასე მცირედით იუმჯობესებს მის პირობებს, მაგრამ მაინც ერთ სივრცეში ტრიალებს. არსებობს “მეოთხე გზა”.
როგორ მოვიქცეთ?
დაიწყეთ იმით, რომ მიიღეთ თქვენი რეალობა და მიიღეთ მისგან სიამოვნება. თქვენ დათმეთ რაღაც წარსულში, მაგრამ მიიღეთ კიდეც. გყავთ ლამაზი ოჯახი, შვილები, სახლი, რომელიც თქვენ გაათბეთ და მყუდროება შექმენით. დრო არ დაგიკარგავთ, ის უბრალოდ ცხოვრების სხვა სფეროებს მოახმარეთ. ახალი თვალით შეხედეთ საკუთარ მონაპოვარს, იამაყეთ და მაქსიმალურად ისიამოვნეთ მისით.
მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ არსებული რეალობა ნამდვილი კოშმარია? თუ თქვენი ოჯახი სიამოვნებას ვერ განიჭებთ, და პირიქით მხოლოდ სარგებლობს თქვენი მზრუნველობით? ეს ურთიერთობის სხვა საკითხებს ეხება, მაგრამ მაინც ნუ ეცდებით მისგან გაქცევას...დასაწყისისთვის გაუსწორეთ მას თვალი და შეაფასეთ გულწრფელად. ეს არის ის რის შექმნასაც თქვენ ცხოვრების ნაწილი დაახარჯეთ, შესაძლოა თქვენ ის ვერ შეცვალოთ, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია მისგან ტანჯვას მიიღებთ, თუ სიამოვნებას.
თუ ტანჯულის და მსხვერპლის როლი ვერ მოირგეთ და გადაწყვიტეთ, საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა, მაშინ დაიწყეთ წვრილმანებით და გახადეთ ეს რეალობა თქვენთვის უფრო მეტად სასიამოვნო...უსათუოდ იქნება თქვენს ოჯახში სიამოვნების მარცვლები, უბრალოდ ისინი შეუმჩნეველი ან განუვითარებელია. დაიწყეთ მათი აღმოჩენით. იქნებ თქვენი მძინარე შვილების ცქერა მოგწონთ, ან ერთობლივი საუზმეები, იქნებ საღამოობით საყვარელ მეუღლესთან ერთად ფილმების ყურება...იქნებ ახლა ვეღარც იხსენებთ ამ სასიამოვნო წვრილმანებს, მაგრამ ადრე აუცილებლად გეცოდინებოდათ ისინი, გაიხსენეთ და დააბრუნეთ ეს მოქმედებები თქვენს საოჯახო ცხოვრებაში. გააფართოვეთ თქვენი სიამოვნების შეგრძნება და ახალი სასიამოვნო ქმედეები დაუმატეთ მას. ეცადეთ ეს სიამოვნების მდგომარეობა შეინარჩუნოთ, და ყურადღებით დააკვირდეთ მოვლენებს, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ეს მოვლენები აუცილებლად იჩენს თავს. ეს კი ნიშნავს, რომ დასუფთავების დროა, ალაგმეთ და დაიცავით თქვენი თავი მათგან. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ბედნიერების უფლება და არა მხოლოდ სხვის კომფორტზე უმადური ზრუნვის ვალდებულება. დაუწესეთ ოჯახის წევრებს ახალი საზღვრები და მკაცრად დაიცავით ისინი. საუკეთესო საშუალებაა, რომ ოჯახშივე გაიჩინოთ მოკავშირეები და მხარდამჭერები, თქვენი ბედნიერების საკითხებში. ეს როლი ყველაზე მეტად მეუღლეს შეშვენის, გაანდეთ მას თქვენი ბედნიერების სურვილი და თხოვეთ დახმარება. გულწრფელად უამბეთ რა პერიპეტიებშიც იმყოფებით და ჩართეთ ის ამ პროცესში. გქონდეთ მისი დახმარების იმედი.
როდესაც ოჯახი მეტ სიამოვნებას მოგგვრით, ვიდრე ტანჯვას, მისგან გაქცევა აღარ იქნება პრიორიტეტული და თვალებს აღარ დაგიბრმავებთ, ამიტომაც “კლერკული სამსახური” ხსნად და შვებად აღარ მოგეჩვენებათ. თქვენ მარტო აღარ ხართ, გვერდით მოკავშირეები და მხარდამჭერები გყავთ ოჯახის სახით და თავისუფლად შეძლებთ, რომ იზრუნოთ საკუთარ საქმიანობაზე.
აქაც დაიწყეთ წარსულში მოგზაურობით და სიამოვნების შეგრძნება იყოს თქვენი “დეტექტორი”. გაიხსენეთ რისი კეთება მოგწონდათ, რა განიჭებდათ სიამოვნებას, ჯერ კიდევ მაშინ სანამ არ არსებობდა თქვენი ოჯახი, იქნებ ბავშვობაშიც. გაიხსენეთ, იფიქრეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები.
სინამდვილეში თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ. თქვენს წინ მრავალი შესაძლებლობაა:

* დაიწყეთ თქვენი საქმე;

* თქვენი ჰობი აქციეთ საქმიანობად;


* საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ სხვა დიასახლისებს;

* ისწავლეთ და ახალ პროფესიას დაეუფლეთ;

* თუ შემოქმედებითად დაჯილდოებული ადამიანი ხართ, მაშინ საკუთარი ნიჭის კომერციალიზაციასა და მის გაფართოებაზე იზრუნეთ;
თუ ეს არ გამოგივათ, ან ჯერ-ჯერობით არ გსურთ ხელი მოკიდოთ დამოუკიდებელ საქმიანობას, მაშინ დაიწყეთ მუშაობა.


ამ და სხვა საშუალებებს ჩვენ მომდევნო სტატიებში დაწვრილებით გაგაცნობთ ვებ-გვერდზე http://babyinfo.ge/.


ის რაც სინამდვილეში ყველა ადამიანს სჭირდება არის ბედნიერება. ამაში კი განვითარება, პიროვნული ზრდა, მოძრაობა და ის საქმიანობა გვეხმარება, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და ღირსეული შემოსავალიც მოაქვს. აი ეს კი ნამდვილად დიდი წარმატებაა, ვიდრე 9-დან 6-მდე “რიგით” სამსახურში სიარული. ასე რომ ნუ შეგშურდებათ “წარმატებული ქალბატონების”, გქონდეთ საკუთარი თავის, ოჯახის იმედი და თავად შექმენით წარმატებული მომავალი.


0
45
5-ს მოსწონს
ავტორი:babyinfo
babyinfo
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0