სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი ახალ წელს თოვლის გარეშე შეხვდა, რამაც ყველაზე მეტად, ალბათ, ბავშვებს დასწყვიტა გული, თუმცა თუ ვინმე გვკითხავს, აუცილებლად ვეტყვით, რომ ისეთი თოვლის მოსვლას, როგორიც უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში დაფიქსირდა, საერთოდ არმოსვლა სჯობს!
რატომ და იმიტომ, რომ თურმე, გასულ დღეებში ოდესის ციდან ღამურებს დაუწყიათ "ბარდნა".
თვითმხილველები ზიზღის გრძნობისგან იშმუშნებიან, მეცნიერები კი გაკვირვებულები იჩეჩენ მხრებს და მოკლედ, ვერავინ ხსნის, მაინც რამ გამოიწვია ასეთი მოვლენა.
ოდესელების ინფორმაციით, ციდან ასობით და ათასობით ღამურა ცვიოდა, რომელთა უმეტესი ნაწილი უკვე მკვდარი იყო.
ადგილობრივი ბიოლოგი ვალენტინ ნიკოლაევი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ღამურების `თოვლის~ გამომწვევი მიზეზი კლიმატური პირობების უეცარი ცვალებადობა იყოს.
კერძოდ, ბოლო დღეებში ოდესაში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დათბა, რამაც ღამურებს ხანგრძლივი ძილის შეწყვეტა და ადგილ-სამყოფელის შეცვლა გადააწყვეტინა, თუმცა ამინდი უეცრად შეიცვალა, ციცქნა არსებებმა ყინვას ვეღარ გაუძლეს და დაიხოცნენ.
ჰოდა, აი ასე მოხდა, რომ თოვლის ნაცვლად ოდესაში ღამურები ცვიოდა...