მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. უკვე ახალი სეზონი დაიწყო, მაგრამ მითქმა-მოთქმა არ წყდება. სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ირწმუნაბა, რომ ნინომ საბოტაჟი მოაწყო: "ფილმის "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღების დღეს მოითხოვა მომატებული ჰონორარი, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, დაისაჯა და სერიალიდან წავიდა არა იმის გამო, რომ ჰონორარი მოითხოვა, არამედ იმის გამო, რომ მოაწყო საბოტაჟი.
საბოტაჟია, როდესაც შეთანხმებას არღვევ და ითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე შეთანხმება იყო. სერიალის რეიტინგი კატოზე არ იყო მიბმული. ეს არ არის სერიალი კატოზე, არამედ სამ მეგობარზე.
კატოს პერსონაჟი სერიალიდან არ გადის, უბრალოდ ნინო გაჩეჩილაძის ნაცვლად სხვა მსახიობი ითამაშებს. რა თქმა უნდა, ნინოს წასვლა სერიალიდან ცუდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ საბოლოო პროდუქტზე არ აისახოს". ნინოს კი ამ ყველაფეზე განსხვავებული აზრი აქვს. მე უსამართლობას გადავაწყდი და სხვა მსახიობებისგან განსხვავებით ვარჩიე ხმა ამომეღოო.
"ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვისაც და სხვა მსახიობებისთვისაც, რომ შეუცვლელი მსახიობი არ არსებობს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი მსახიობი და ის იქნება არანაკლები ვიდრე მისი წინამორბედი. სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია მიიღეს მაყურებლისგან, იმიტომ, რომ მაყურებლისთვის ყველა მსახიობი არის შეუცვლელი, ეს იქნება მთავარი როლის შემსრულებელი, თუ ეპიზოდური როლის შემსრულებელი. არ ვიცი, რამდენად ადვილი იქნება ახალ კატოსთან შეგუება, თუმცა ძალიან მინდა, რომ სერიალი წარმატებულად გაგრძელდეს"-გვიამბობს ნინო.