შოუბიზნესი ნინო გაჩეჩილაძემ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებით ჯგუფს საბოტაჟი მოუწყო, დაბრუნდება თუ არა ის სერიალში? 2013, 12 მარტი, 2:29 სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ნინო გაჩეჩილაძემ დატოვა. მსახიობს უფრო მაღალი ხელფასი უნდოდა, რაზეც უარი მიიღო. მისი მტკიცებით, ქართველი მსახიობები რეკლამის გადაღებისას დღეში 200-300 დოლარს იღებენ. კატო ყველაზე პოპულარული სერიალის მთავარი გმირია და ჩემი ხელფასი დღეში მხოლოდ 200 ლარიაო. ნინოს წასვლამ სერიალიდან მის ფანებსა და გულშემატკივრებს გული დასწყვიტა. "ფეისბუქზე" რამდენიმე გვერდი შეიქმნა სახელწოდებით: "დააბრუნეთ ნინო გაჩეჩილაძე სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში", ზოგი იმუქრება, რომ თუ ნინო არ დაბრუნდება სერიალს აღარასდროს უყურებს. თავად ნინო კი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს: "ჩემო საყვარელო მეგობრებო და ჩვენი სერიალის ერთგულო მაყურებელო! ვინაიდან ბევრი მეკითხება იმის შესახებ, თუ რატომ დავტოვე "ჩემი ცოლის დაქალები", იძულებული ვარ განვმარტო: მოგეხსენებათ მე ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი სპექტაკლის რეპეტიციები დამეწყო, რაც ასევე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ჩემგან, პარალელურად ორივე საქმის კეთება საკმაოდ ძნელია, ამიტომ გადავწყვიტე ეს პერიოდი თეატრს დავუთმო და სერიალის მაყურებელს თავი აღარ მოვაბეზრო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ყველას კატოს პერსონაჟის მიმართ გამოხატული სითბოსთვის და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ფორმულა კრეატივს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე ჩემთან ერთად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩემს კოლეგებს კი წარმატებებს ვუსურვებ! სიყვარულით, ნინო". აი "ფორმულა კრეატივის" შემოქმედებითი გუნდი ნინოს სერიალიდან წასვლის ამბავს განსხვავებულად გვიამბობს. სცენარისტი ქეთი დევდარიანი ირწმუნაბა, რომ ნინომ საბოტაჟი მოაწყო: "ფილმის "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღების დღეს მოითხოვა მომატებული ჰონორარი, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, დაისაჯა და სერიალიდან წავიდა არა იმის გამო, რომ ჰონორარი მოითხოვა, არამედ იმის გამო, რომ მოაწყო საბოტაჟი. საბოტაჟია, როდესაც შეთანხმებას არღვევ და ითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე შეთანხმება იყო. სერიალის რეიტინგი კატოზე არ იყო მიბმული. ეს არ არის სერიალი კატოზე, არამედ სამ მეგობარზე. კატოს პერსონაჟი სერიალიდან არ გადის, უბრალოდ ნინო გაჩეჩილაძის ნაცვლად სხვა მსახიობი ითამაშებს. რა თქმა უნდა, ნინოს წასვლა სერიალიდან ცუდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ საბოლოო პროდუქტზე არ აისახოს". საზოგადოების დიდი ნაწილი სერიალში ნინოს დაბრუნებას ითხოვს. თავად ნინო კი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი დროებითია: "შემოქმედებით გუნდს არ გამოვემშვიდობე. რადგან ჩვენ სამუდამოდ არ დავშორებივართ ერთმანეთს, ეს დროებითია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ფორმულა კრეატივს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად ამ პროექტზე იმუშავა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება". ვინ იცის, იქნებ მალე ძველი კატოც დაგვიბრუნდეს... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... 5672 21-ს მოსწონს
|