x
image
MELOMAN
ირაკლი ჩარკვლიანის ლექსები...

image

ქარი
თბილისის ვერცხლისფერ მტვერში,
ბურთივით დაგორავს ქარი,
უსმენენ ქალები გერშვინს,
მეც მინდა ვიყო ქალი.
ცები--დაფლეთილი, ძველი ქოლგები,
აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,
ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედის
მიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო.
მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებით
გაწბილებული,
ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.
კედელთა ტუსაღი, ისევ ლექსებს ვწერ,
უწინდებურად.
ავადმყოფური, ქალური ჟინით და გატაცებით.


დღე

დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.

სულ ახალგაზრდათ

ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.

კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა, ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.

ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე, მოწრუპონ ის მჟავე წლები,
ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.



იმედია მოგეწონათ... ))


0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:MELOMAN
MELOMAN
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0