x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
აფხაზეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე!

imageროგორც მოგეხსენებათ, კვლავ იმატებს აფხაზეთში სამოქალაქო დაპირისპირება. ამის ნათელი მაგალითია 28 თებერვალს სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე გამართული საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგი, სადაც მომიტინგეებმა ულტიმატუმი წაუყენეს პრეზიდენტს და მოითხოვეს მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენება. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში ასეთი ფართომაშტაბიანი მიტინგის ჩატარება ძალიან იშვიათია. მიტინგის მთავარი ორგანიზატორი კი რაულ ხაჯიმბა გახლდათ. როგორც ჩანს მოსწყინდა მას მეორეხარისხოვან როლზე თამაში, იმის მერე რაც პოლიტიკურ ფრონტზე დამარცხდა და ახლა ცდილობს სოციალური პოზიციებიდან შეუტიოს ხელისუფლება. მას მხარს უჭერს არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება და პარტია, ასევე მის გვერდით იდგნენ სამოქალაქო თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ აფხაზეთის ერთიანობის ფორუმი, სახალხო პარტია, ვეტერანთა ორგანიზაცია „აბააში“. ჩანს, ხაჯიმბას მხარდამჭერები ომის ვეტერანთა გაერთიანება „ამცახარაშიც“ არის. ამ მრავალრიცხოვანი აქციის ძირითადი მიზეზი კი იყო ელექტროენერგიის 100%-ით გაზრდა, რამაც მოსახლეობაში რაღათქმაუნდა უკმაყოფილება გამოიწვია. რაულ ხაჯიმბამ შეკრებილთა ყურადღება გაამახვილა თვითმარქვია რესპუბლიკაში დამკვიდრებულ მართვის ავტორიტარულ სტილზე და პრეზიდენტ ანქვაბს ბრალად დასდო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებში. მისივე განცხადებით, ქვეყანა გადაიქცა კორუფციის ბუდედ და ბიუჯეტის შევსების გზით მთავრობამ სწორედ საგადასახადო პოლიტიკა აირჩია. მან ასევე დასძინა, რომ ხელფასებისა და პენსიების მიზერული გაზრდის მიუხედავად პირველადი მოხმარების საგნებზე კატასტროფულად იმატა ფასმა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საგრძნობლად გაძვირდა პური. ამასთანავე მან პრეზიდენტ ანქვაბსა და მინისტრთა კაბინეტს ბრალი დასდო უმოქმედობაში და დასძინა, რომ ისინი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლებიან და არაფერს აკეთებენ კომპლექსური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. მომიტინგეებმა სახელდახელოდ შეადგინეს დელეგაცია, შეიმუშავეს პეტიციის ტექსტი და ულტიმატუმი წაუყენეს პრეზიდენტს. მათ მოითხოვეს, რომ სახელმწიფოს მეთაური გამოსულიყო ხალხის წინაშე და პასუხი გაეცა წაყენებულ პრეტენზიებზე. ასევე, კატეგორიული ტონით დაისვა მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენების საკითხი.

პრეზიდენტი მართლაც ეწვია მომიტინგეებს და შეეცადა პასუხი გაეცა მათ კითხვებზე, რაც მთლად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მომიტინგეების მიერ დასმეულ შეკითხვაზე, თუ რატომ გაძვირდა ფასი ელექტროენერგიაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეიქმნიდა სპეციალური კომისიას რომელიც იმსჯელებდა ამ საკითხზე და ის თანხა რაც მოსახლეობამ ზედმეტად გადაიხადა უკან დაუბრუნდებოდათ. ხელისუფლების საქმიანობის რეაბილიტაციის მიზნით, მან ერთგვარი ანგარიში ჩააბარა ოპონენტებს გაწეული მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2012 წელს მთავრობამ 600 ადამიანს დაუფინანსა საზღვარგარეთ მკურნალობა და საამისოდ 92 მილიონი რუბლი დახარჯა, ხოლო ომის დროს გადამწვარი და მეწყრისგან დანგრეული სახლების მფლობელთა დასაკმაყოფილებლად დამატებით 140 მილიონი გამოიყოო. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ბანკის ურჩი გადამხდელების პრობლემა აფხაზეთშიც ძალიან მკაცრად დგას. გავლენიანი ჩინოსნების დახმარებით წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ გამოიტანა მსხვილი კრედიტები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე დაუბრუნებელია და ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს. რაზეც მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ გამოექვეყნებინათ იმ ურჩი გადამხდელების სრული ჩამონათვალი და გატანილი კრედიტების ოდენობა. ოპოზიციამ მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს ერთი კვირა მისცა. ულტიმატუმის ვადა ისე ამოიწურა, ანქვაბისგან გადამჭრელი პასუხი არ მიუღიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ აფხაზური ოპოზიცია საბრძოლოდაა განწყობილი და უკან დახევას არ აპირებს. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მოუწოდეს, კიდევ ერთხელ აქტიურად გამოხატონ პროტესტი და მიიწვიეს ისინი სანქცირებულ მიტინგზე 11 მარტს, რომელიც ამჯერადაც ოპოზიციონერთა შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სამსონ ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე გაიმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 12 მარტს დაგეგმილია აფხაზეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი მოსკოვში, სადაც იგი შეხვდება ვლადიმირ პუტინს. ოპოზიციის მიერ 11 მარტს დაგეგმილი აქცია კი რაღათქმაუნდა არ ატარებს სიმბოლურ ხასიათს, და იგი ერთგვარი მესიჯია რუსეთის ფედერაციის მიმართ.

0
64
2-ს მოსწონს
ავტორი:LEVAN_001
LEVAN_001
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0