"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, "ბარსელონა" "მილანის" მომავალ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა, მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა.
"მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ შევძლებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ "როსონერი" ძალიან ძლიერია და ახლა კარგ ფორმაში იმყოფება. ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ მოედანზე და გვექნება დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრისგან. ბევრმა ჩათვალა, რომ გუნდში კრიზისია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის და ამ ყველაფერს სამშაბათს დავამტკიცებთ. ჩვენ თავიდანვე აქტიურად უნდა შეუტიოთ მეტოქის კარს და სწრაფი გოლი გავიტანოთ. ჩვენ გვაქვს მთელი 90 წუთი გამარჯვებისათვის, შესაძლოა დამატებითი დროც დაინიშნოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ შემდეგ ეტაპზე თამაში. ასევე, ჩვენ ძალიან ყურადღებით თამაში გვმართებს დაცვაში. აუცილებელია, რომ მეტოქეს მაქსიმალურად არ მივცეთ შეტევის შანსი და საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესები არ დავარღვიოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, რომელიც არ გამოგვივიდა ბოლო მატჩებში", - განაცხადა ჩავიმ.