მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" 5 წაგება დაუგროვდა. წინა 4 შემთხვევაში, კატალონიელებს მარცხი განწყობას არ უფუჭებდა და ისინი მომდევნო შეხვედრის მოგებას ყოველთვის ახერხებდნენ. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, იგივეს იმედი უნდა გვქონდეს შაბათს გასამართ შეხვედრაშიც, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "ბარსას" წინ რთული მატჩი ელის.
პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსას" მიმდინარე სეზონში დამარცხდა, ესპანეთის სუპერთასზე, "რეალის" წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ის თამაში კატალონიელებმა 1:2 დათმეს. 4 დღის შემდეგ, ტიტო ვილანოვას გუნდმა, რთულ მატჩში, "ვალენსია" 1:0 დაამარცხა.
სეზონის მე-2 მარცხი 7 ნოემბერს შედგა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, "ბარსამ" "სელტიკთან" 1:2 წააგო. მომდევნო შეხვედრაში, კატალონიელებმა "მალიორკას" 4:2 სძლიეს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსა" პირველად 19 იანვარს, მე-20 ტურის შეხვედრაში დამარცხდა. კატალონიელთა უქულოდ დატოვება "სოსიედადმა" მოახერხა (2:3). რამდენიმე დღეში, ესპანეთის თასზე, კატალონიელებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდათ. მათ "მალაგას" გასვლაზე დამარცხება მართებდათ და "ბარსამ" ეს მოახერხა (4:2).
"ელ კლასიკომდე" ბოლო მარცხი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მილანთან" წაგება იყო. იტალიაში 2 უპასუხო ბურთის გაშვების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში, "ბარსამ" "სევილიას" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.