სისხლის სამართალი ბუტა რობაქიძის საქმის გამომძიებელს ნივთმტკიცების გაჩუქებაში ადანაშაულებენ 2013, 27 თებერვალი, 1:31 შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი გამომძიებლის, შალვა ნიქაბაძის, დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბრობს და შესაბამის მტკიცებულებებს ავრცელებს. გურამ დონაძის განმარტებით, შალვა ნიქაბაძემ საქმეში არსებული ერთ-ერთი ნივთმტკიცება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნა და წლების განმავლობაში უკანონოდ თავად მას ჰქონდა, მერე კი გააჩუქა. "ეს არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული" - აცხადებს გურამ დონაძე და საქმის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, საქმე ეხება 2000 წელს გიორგი კაშიასა და მისი მეუღლის, ქეთევან კუპრეიშვილის, ბინის ქურდობას, რა დროსაც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ქურდებმა აღნიშნული ბინიდან ოფიციალურად რეგისტრირებული ტაბელური იარაღები წაიღეს. დანაშაული არ გახსნილა. დონაძის განმარტებით, გიორგი კაშიას ბინიდან მოპარული ერთ-ერთი იარაღი, ბარაბნიანი პისტოლეტი, 2004 წელს რობაქიძის საქმეში აღმოჩნდა. "2004 წლის 30 ნოემბერს დიდუბის პროკურატურის გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ დაიბარა ქეთევან კუპრეიშვილი და ჰკითხა, ეს იარაღი ეკუთვნოდა თუ არა მას, რადგან ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იარაღი იყო ოფიციალურად გაფორმებული. თუმცა, 2004 წლამდე ეს ქურდობა იყო გაუხსნელი და მის ოფიციალურ მფლობელს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც იარაღი რობაქიძის საქმეში აღმოჩნდა. ქეთევანმა ამოიცნო პისტოლეტი და იკითხა, დაუბრუნებდნენ თუ არა მას კუთვნილ იარაღს, გამომძიებელმა ნიქაბაძემ განუცხადა, რომ ვერ დაუბრუნებდა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულება იყო და ჯერჯერობით საქმეში უნდა ყოფილიყო". აცხადებს გურამ დონაძე. მისივე თქმით, 2005 წლის 20 აპრილს შალვა ნიქაბაძემ დაიბარა ქეთევან კუპრეიშვილი და უთხრა, რომ ეს იარაღი თითქოს მას გადასცა, რომ ასე იყო საჭირო და ამის დასადასტურებლად ხელწერილიც ჩამოართვა. "ამის შემდეგ გადის სამი წელი, რეალურად ეს ნივთმტკიცება, იარაღი, რჩება შალვა ნიქაბაძესთან უკანონოდ, უსაბუთოდ და დაურეგისტრირებლად. სამი წლის განმავლობაში ნიქაბაძე ამ იარაღს ფლობს. 2008 წლის 23 ნოემბერს ჩადის ყვარლის რაიონში და თავის მეგობარს ეუბნება, რომ შეგპირდი, იარაღს ჩამოგიტანეო და საბარგულიდან აძლევს იარაღს ნუგზარ გვაზავას, ყვარლის პოლიციის უფროსს და ჩუქნის. გვაზავამ იკითხა, სუფთაა იყო თუ არა იარაღი, რაზეც ნიქაბაძემ უპასუხა- კი და დაჰპირდა, თბილისში რომ ჩამოხვალ, გადმოგიფორმებო. რამდენიმე დღეში გვაზავა ჩამოვიდა მომსახურების სააგენტოში, მას დახვდა შალვა ნიქაბაძე და თაღლითური გზით ცოლ-ქმარი, კუპრეიშვილი და კაშია, მიიყვანა სააგენტოში, სავარაუდოდ, დაშინების გზით, და იარაღი გადააფორმებინა გვაზავაზე". - აღნიშნავს დონაძე. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კაშია და კუპრეიშვილი წლების განმავლობაში გაჩუმებული იყვნენ. 2012 წლის 27 დეკემბერს კი ქეთევან კუპრეიშვილმა წლების წინ დაწერილ ხელწერილთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება მისცა: "წარმოდგენილი დოკუმენტი არის ჩემს მიერ დაწერილი, მასზე დასმული ხელმოწერა შესრულებულია ჩემს მიერ. აღნიშნული ხელწერილი დამაწერინა ჩემთან სახლში, მიცკევიჩის ქუჩაზე, გამომძიებელმა შ. ნიქაბაძემ, რომელმაც პირადად მიკარნახა ტექსტი, მითხრა, რომ ასე იყო საჭირო, მეც დავუჯერე და მისი კარნახით შევადგინე აღნიშნული დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელწერილში აღნიშნულია, თითქოსდა მე გადმომეცა ჩემი კუთვნილი იარაღი, ეს არის ტყუილი და რეალურად მას ჩემთვის არაფერი დაუტოვებია. უფრო მეტიც, ხელწერილის დაწერიდან რამდენიმე წლის მერე იგი დაუკავშირდა ჩემს მეუღლეს, შევხდით მას და ვიღაც უცნობ პიროვნებაზე გადაგვაფორმებინა იარაღი". ნათქვამია კუპრეიშვილის ჩვენებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გურამ დონაძე პროკურატურას რამდენიმე შეკითხვას უსვამს: "რატომ არ ინტერესდება პროკურატურა იმ ქურდობის გახსნით, 2000 დან- 2004 წლამდე სად მოგზაურობდა ეს იარაღი, რატომ არ არის დღემდე გაცემული პასუხი იმაზე, რომ ნიქაბაძე სამი წლის განმავლობაში მოტყუებით ფლობდა სხვის სახელზე გაფორმებულ იარაღს და რაში იყენებდა ის ამ ცეცხლსასროლ იარაღს?" - კითხულობს დონაძე. ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია ნუგზარ გვაზავა, რომელიც დეტალურად ყვება, თუ რა ვითარებაში გადასცა ნიქაბაძემ მას იარაღი. 50 1-ს მოსწონს
|