კინო ''ჯანგო'' - ტარანტინოს ახალი სიგიჟე 2013, 17 თებერვალი, 16:02 ''Django Unchained'' - ამერიკელი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარი 24 იანვრიდან გადის საქართველოს კინოთეატრებში. მე პირადად რეჟისორის, რომლის ფილმებიც - ''მაკულატურა'', ''ცოფიანი ძაღლები'', ''მოკალი ბილი'' და სხვა, საკულტო ფილმებადაა მიჩნეული დიდი მოყვარული გახლავართ და ჯანგოსაც მოუთმენლად ველოდებოდი. პრემიერაზე, კინოთეატრ რუსთაველში, ოდნავ აღელვებული და სიამოვნების მოლოდინით სავსე მივეყრდენი წითელ საზურგეს და თითქმის 3 საათის განმავლობაში, არ მქონია წამოდგომის არანაირი სურვილი.
არ ვიცი რას ფიქრობდნენ სხვები, მაგრამ ჯანგომ ჩემი მოლოდინი გაამართლა.
ფილმის სცენარისტიც და რეჟისორიც კვენტინ ტარანტინოა. მსახიობები კი მართლაც ოქროსი, ჯეიმი ფოქსი - მონა ზანგის, ჯანგოს როლს ასრულებს, ქრისტოფერ უოლტცი, რომელიც ტარანტინოს წინა ფილმიდან ''უსახელო ნაბიჭვრებიდან'' გემახსოვრებათ, აქაც დასამახსოვრებელ პერსონაჟს ქმნის, იგია განმათავისუფლებელი ჯანგოსი, ''დამნაშავეთა თავებზე მონადირე'' და მეგობარი, რომელიც თავს წირავს შეყვარებულთა ბედნიერებისათვის. ლეონარდო დიკაპრიოსთვის კი მსგავსი როლები არც ისე ჩვეულია, ამჯერად იგი ლამაზ, კეთილ ბიჭუნას კი არა, ცივსისხლიან, ცინიკოს მდიდარს ასახიერებს. ჯანგოს სატრფოს, ბრონჰილდას პერსონაჟს თამაშობს მომხიბვლელი კერი ვაშინგტონი. აი სამუელ ელ ჯექსონს კი ისეთი გრიმი აქვს ცნობაც კი გაგიჭირდებათ. აღსანიშნავია თითოეული მსახიობის პროფესიონალიზმი, მათ მართლაცდა ხუთიანზე შეასრულეს თავიანთი საქმე და რეჟისორმაც ზუსტი არჩევანი გააკეთა.
ფილმის ჟანრი ეპიკური ვესტერნია, მოქმედება კი მე-19 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობს. ბოროტქმოქმედებზე მონადირე ბატონი შულცი შავკანიან მონას, ჯანგოს შეხვდება და აქედან იწყება მათი ისტორიაც. ჯაჭვებით დატყვევებული, მაგრამ სულით თავისუფალი და დაუდგრომელი ჯანგო თავისი სატრფოს ბრონჰილდას გასათავისუფლებლად გაეშურება დოქტორ შულცთან ერთად. ბრონჰილდამდე მისასვლელ გზაზე კი მათ უამრავი ფათერაკი და თავგადასავალი ელით წინ. მოახერხებენ კი ისინი საქმის ბოლომდე მიყვანას და ეშმაკი ქელვინ ქენდის გაცურებას, ამას თავად იხილავთ ფილმში.
ჯანგო ოპერატორული ნამუშევრის სილამაზის გარდა, მუსიკალური გაფორმებითაც გამოირჩევა. წარმოიდგინეთ, აქ მოისმენთ, ბეთჰოვენს, ვერდის რექვიემს, ენიო მორიკონეს, ჯონ ლეგენდს და ამ ყველაფერთან ერთად თანამედროვე რეპ მუსიკას, რომელიც საკმაოდ მოუხდა მე-19 საუკუნის ვესტერნულ ატმოსფეროს. ''ჯანგოს განთავისუფლება'' 25 დეკემბერს გამოვიდა ამერიკის კინოეკრანებზე, მას შემდეგ უკვე მოიპოვა მრავალი ჯილდო, მათ შორის ოქროს გლობუსი, ბაფთა, პრიზები საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისათვის და სხვა. მე ისღა დამრჩენია ტარანტინოს მორიგ შედევრს დაველოდო, თქვენ კი გირჩევთ ჯანგოს ყურებას, უმჯობესია ფართო ეკრანებზე, სტიმულისათვის თრეილერსაც შემოგთავაზებთ და რამდენიმე ფოტოს. 144 5-ს მოსწონს
|