x
image
MELOMAN
თამბაქოს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ....

imageთამბაქოს ერთ-ერთ ალკალოიდს ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც, ვთქვათ, კოკაინს ან ჰეროინს. ასე რომ, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებული ხდება. სულ რამდენიმე კვირაც რომ ეწეოდეთ და მერე თამბაქოს წევას ერთბაშად დაანებოთ თავი ან საგრძნობლად მოუკლოთ, ეს სიმპტომები მაინც იჩენს თავს. აღკვეთის სინდრომი ბოლო სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე საათში დაიწყება და პიკს 2-3 დღეში მიაღწევს, სულ კი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდება.
აი, უსიამოვნებების ჩამონათვალი:
- თავბრუხვევა (მხოლოდ 1-2 დღე);
- იმედგაცრუების ან ბრაზის განცდა;
- გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევები;
- კონცენტრირების გართულება;
- მოუსვენრობა;
- თავის ტკივილი;
- ადვილად დაღლა;
- მადის მომატება.

რა სასარგებლოც უნდა იყოს პლასტირები თუ ტაბლეტები, ისინი მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულების გაწყვეტაში დაგეხმარებათ. მთავარი პრობლემა კი გონებაში ძევს და მას თქვენს გარდა ვერავინ მოერევა, თუმცა ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემენ.


აირჩიეთ თავის დანებების დღე. დაამთხვიეთ ის რაიმე პირად დღესასწაულს.თუ უფრო მეტხანს იფიქრებთ, ამასობაში შეიძლება გადაიფიქროთ კიდეც. მეორე მხრივ, ცოტა დრო ნამდვილად დაგჭირდებათ, ბრძოლის სტრატეგია რომ შეიმუშაოთ. უთხარით ყველას – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს. სთხოვეთ დაგეხმარონ, ანდა ნუ გაცდუნებენ მაინც. ყველაფერთან ერთად, სიტყვის გატეხისა მოგერიდებათ და ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება თქვენთვის.თავის დანებების დღემდე კი ყოველი სიგარეტის მოწევისას აღნუსხეთ ზუსტი დრო, ჩაიწერეთ, როგორ გრძნობდით თავს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს სიგარეტი ხუთბალიანი სკალით. თუ ძალიან არ გინდათ, სჯობს, არ მოსწიოთ. თან ნუ ატარებთ კვესსა და ასანთს, სიგარეტიც სადმე შორს გადადეთ. ნუ შეიძენთ ახალ კოლოფს, ვიდრე ძველს ბოლომდე არ დაცლით. ეცადეთ, 24 საათი თამბაქოს გარეშე გაძლოთ, არჩეულ დღეს კი მოწევა სრულიად შეწყვიტეთ. სიგარეტი და ასანთი მოისროლეთ, სანთებელა და საფერფლე დამალეთ.
თავს მოცალეობის უფლებას ნუ მისცემთ – ისეირნეთ, ივარჯიშეთ, თეატრში წაბრძანდით. ეძებეთ სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივა – საღეჭი რეზინი, საწუწნი კანფეტი.თუ მაინც გიმტყუნათ ნერვებმა და თამბაქოსკენ გაგექცათ ხელი, გახსოვდეთ: ერთი სიგარეტი მწეველთა რიგში ვერ დაგაბრუნებთ. თვითგვემასა ნუ მიეცემით, განაგრძეთ გადაგდების მცდელობა, თან იმაზე დაფიქრდით, რატომ მოსწიეთ და როგორ აარიდებთ თავს მომავალში ამგვარ ცდუნებას.

წარმატებას გისურვებთ... ))

0
67
8-ს მოსწონს
ავტორი:MELOMAN
MELOMAN
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0