თავის მოვლა როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სახის კანი და როგორ მოვუაროთ მას ზამთარში?! 2013, 18 იანვარი, 22:57 ყველა ქალს სურს, ლამაზი იყოს, კარგი სახის კანი ჰქონდეს და რაც შეიძლება გვიან დაეტყოს ასაკი. კანი რომელიც ჩვენს ორგანიზმს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი ნეგატიური ფაქტორია - მტვერი, ეკოლოგიური დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორ კვებაზე, სტრესებსა და მძიმე დღის რეჟიმზე. განსაკუთრებული მოვლა სახის კანს ზამთარში სჭირდება: სიცივე და ქარი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა... გამათბობელი ოთახის ჰაერს აშრობს, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე, ამიტომ ეცადეთ, ოთახი ორ-სამ საათში ერთხელ მაინც გაანიავოთ. თუ კანი გამოშრა, ის მალე დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.
როდესაც სახე მშრალია, ნაოჭებიც ადვილად ერევა. მაგრამ როდის და რა ინტენსივობით გაჩნდება ნაოჭები, გენეტიკაზე, ცხოვრების სტილსა და გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კანის ბიოლოგიური დაბერება 60 წლიდან იწყება. ნაადრევი ნაოჭები, ლოყებისა და კისრის, ასე ვთქვათ, ჩამოკიდება კი გაცილებით გვიანი ასაკის პრობლემებია. თუ ასეთმა პრობლემებმა ადრე იჩინა თავი, ეს სხვა მიზეზების ბრალია.
ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას განსაკუთრებით უწყობს ხელს ნიკოტინი. გამოკვლევის თანახმად, მწეველი ქალების სახის კანი ოთხჯერ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე არამწევლისა.
ყავა და ჩაი განსაკუთრებული მავნე ზემოქმედებით არ გამოირჩევა, მაგრამ დიდი დოზებით არც მათი მიღებაა მიზანშეწონილი. სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს გამონაბოლქვი და დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი სხვა მომწამლავი ნივთიერება, ამიტომ სუფთა ჰაერზე სეირნობა კანისთვის სასარგებლოა. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, დამცავი დღის კრემები იხმარეთ. ნებისმიერი ტიპის კანის გაწმენდა აუცილებელია. გაწმენდილი კანი არ შრება და ელასტიკურობას ინარჩუნებს. აიღეთ ბამბის ქულა, ჯერ ცხელ წყალში დაასველეთ, გაწურვის შემდეგ კი მცენარეული ზეთით. ზეთი შეიძლება იყოს როგორც მზესუმზირის, ასევე ზეითუნის. გაიწმინდეთ ამ ბამბის ქულით სახე და კისერი. 1-2 წუთში სახე ჩაიში ან ისევ ცხელ წყალში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ. რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტები შეარჩიეთ მის გასაწმენდად. მშრალი ბამბის ქულა დაასველეთ მჟავე მაწონში ან რძეში და სახე გაიწმინდეთ. შემდეგ ბამბის ქულა გამოცვალეთ და სახე კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. თუ კანი მშრალია, ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, თუ ცხიმიანია, რძის ან მაწვნის ზედა ფენა დილამდე დაიტოვეთ. 339 4-ს მოსწონს
|