
თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ფუნიკულიორი "დაბრუნდა". ბელგიელების მიერ აგებული ფუნიკულიორი, რომელიც ძალიან დიდხანს ემსახურებოდა ქალაქს, 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში სავალალო მდგმარეობაში აღმოჩნდა.
მეცხარმეტე საუკუნის ბოლოს აუცილებელი გახდა მთაწმინდის სატრანსპორტო გზით დაახლოება ქალაქთან და სამწლიანი მოლაპარაკების შემდგომ, თბილისის "კონკის" დირექტორს, ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა მისცეს.

აგების სანაცვლოდ რობი ფუნიკულიორის მართვის ორმოცდახუთწლიან კონცესიას ითხოვდა, თავად კი იღებდა ვალდებულებას, რომ მთაწმინდაზე აეყვანა წყალი, მოეწყო ბაღი, აეშენებინა საზაფხულო თეატრი, მგზავრობის ღირებულებად კი 20 კაპიკს განსაზღვრავდა.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. მშენებლობაში მრავალი უცხოელი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
გავიდა წლები, ეს ულამაზესი ბაღნარი მოძველდა, დაზიანდა და აღარ ფუნქციონირებდა. იგი ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით გარემონტდა, გალამაზდა და კვლავ ქალაქის ულამაზეს გასართობ ადგილად გადაიქცა, რომელსაც უამრავი ტურისტი ეტანება.
რაც შეეხება საბაგირო გზას, იგი 2012 წლის ბოლოს საზეიმო ვითარებაში გახსნა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.
ეწვიეთ და ისიამოვნეთ.
