გერმანული ავჩარკის -კაპიტანის პატრონი მიგელ გუზმანი (Miguel Guzman), 2006 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ძაღლი სახლიდან გაიქცა და სასაფლაოზე მივიდა. იმ დროიდან დღემდე, კაპიტანი ამ ადგილს არ სცილდება.
ძაღლის ერთგულების უნიკალურ შემთხვევაზე არგენტინული მედია იუწყება. მიგელ გუზმანმა სიცოცხლეში, ძაღლი თავის შვილს- დემიანს უყიდა, თუმცა ძაღლმა პატრონად სწორედ მიგელი სცნო და მას დღემდე ერთგულობს. მიგელი კაპიტანის გამოჩენიდან 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა. როცა ოჯახი გასვენებიდან შინ დაბრუნდა მათ ძაღლი აღარ დახვდათ.
მიგელის ოჯახმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოახერხა ძაღლის პოვნა, როცა საფლავზე მისულმა ოჯახის წევრებმა ის იქ მჯდომარე დაინახეს. მათი თქმით ძაღლი გლოვობდა რაც წკმუტუნშიაისახებოდა, თითქოს ტიროდა კიდეც. კაპიტანი სასაფლაოს ტერიტორიას არ სცილდება. პატრონის საფლავს მხოლოდ მაშინ ტოვებს, როცა გასეირნებას გადაწყვეტს და სეირნობითაც მხოლოდ სასაფლაოზე სეირნობს. ჭამით მას ადგილობრივი თანამშრომლები აჭმევენ.
- ჩვენ არასდროს წაგვიყვანია ის სასაფლაოზე.-აცხადებს მიგელის ქვრივი- წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოახერხა ძაღლმა გზის გაგნება. მას შემდეგ რაც ის ვიპოვეთ კაპიტანი სახლში ჩვენთან ერთად წამოვიდა, თუმცა მალევე მიტრიალდა და საფლავისაკენ გაიქცა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, მას ღამით მიგელის მარტო დატოვება არ სურდა.
- რამდენჯერმე ვცადე მისი შინ დაბრუნება, -აცხადებს მიგელის შვილი დამიანი - თუმცა ამაოდ. ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ სასაფლაოზე მოკვდება. კაპიტანი ისეთი ერთგულია, რომ მამას სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს.