x
image
eagle
მეამბოხე არქიტექტორი მუშაობისას

imageწარმოვიდგინოთ, რომ, შესაძლებლობათა და ძალთა ფართო სპექტრით სრულად აღჭურვილი
არქიტექტორები ვართ, გამოკეტილნი აშკარა ბარიერებით და დასაზღვრულობებით სავსე ფიზიკურ
და სოციალურ სამყაროში. ასევე, წარმოვიდგინოთ, რომ ამ სამყაროს შეცვლას ვესწრაფვით. ჩვენ,
ამბოხისათვის შემართულმა უნარიანმა არქიტექტორებმა, სტრატეგიულად და ტაქტიკურად უნდა
ვიფიქროთ იმის შესახებ, რა და სად, როგორ და რა ინსტრუმენტებით უნდა შევცვალოთ. მაგრამ
როგორღაც
ამ სამყაროში ცხოვრების გაგრძელებაც უნდა შევძლოთ. ესაა ფუნდამენტური დილემა,
რომლის პირისპირ დგება ყველა, ვისაც პროგრესული ცვლილებები სწყურია.
მაგრამ როგორია სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ გამომწყვდეულნი? ვიცით, რომ იგი სავსეა
წინააღმდეგობებით, პოზიციათა მრავალგვაროვნებით, მოქმედებათა წარმოსახვის იმ აუცილებელი
გაქანებებით, სხვადასხვა სფეროებში რომ ისხამს ხორცს, არათანაბარი გეოგრაფიული
განვითარებით და ძალზე სადავო მნიშვნელობებითა და მისწრაფებებით.
ამ სამყაროს შემზარავობა
და წარმოუდგენელი კომპლექსურობა ამოუწურავ შესაძლებლობებს გვთავაზობს კრიტიკული
განსჯისათვის, ინდივიდუალური თუ კოლექტიური ნების განხორციელებისათვის კი შედარებით
შეზღუდულ თავისუფლებას. მაგრამ, მოჩვენებითი წესრიგის შემზარავობა და შესაძლო ბრძოლის
მიმოფანტული ველები მუდამ გამომფიტავი დაბნეულობის საფრთხეს შეიცავს (მაგალითად,
მსგავსი დაბნეულობა მყარად დაამკვიდრა გლობალიზაციამ). გარდა ამისა, შეუძლებელი ჩანს თავი
ავარიდოთ ჩვენ ქმედებათა წინასწარგანუსაზღვრელ შედეგებს - რაც
არ უნდა კარგ ანალიზზე
დავაფუძნებით გვქონდეს ისინი გათვლილი. როგორ უნდა გავარღვიოთ ეს დაბნეულობა და
შევიცნოთ განსხვავებული შესაძლებლობები, და ამავე დროს, არ დავივიწყოთ იმ შეზღუდვათა
ძალა, რომლებითაც გარემოცულნი ვართ?
პასუხების ნაცვლად მცირეოდენ განსჯას შემოგთავაზებთ. წინა თავში ვმსჯელობდი სოციალური
და ეკოლოგიური ცხოვრების ხარისხობრივად განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ
მხარეთა შორის
თარგმანების
სისტემის შესახებ. სივრცით-დროითი მასშტაბი, რომელშიც
პროცესები წარმიმართება, საგულისხმო ფაქტორია. ამიტომ, ვილსონი გვთავაზობს მასშტაბს,
როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიფერენციალს მეცნიერების ერთიანობაში.
კომუნისტური
მანიფესტი
იმავე პრობლემაზე მიუთითებს, რადგან რევოლუციური აზრი – ინდივიდიუალური
აზრიდან – ქარხნის, პოლიტიკური პარტიების, და სახელმწიფოს გავლით - გადაიქცევა მოძრაობად,
რომელშიც მსოფლიო მშრომელები შეიძლება გაერთიანდნენ. დიალექტიკა შესაძლებელს ხდის
მრავალფეროვანი ცოდნისა და პრაქტიკების მასშტაბების მიხედვით თანმიმდევრულ მოწესრიგებას
ვიწრო, კაუზალური რედუქციონიზმის გვერდის ავლით. აზროვნების ეს დიალექტიკური წესი მე-5ე
თავში არათანაბარი გეოგრაფიული განვითარების შესახებ წარმოდგენილი თეორიის
ასპექტებს ეხმიანება. იქ მე ვვარაუდობ, რომ იმის განსაზღვრისას, როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო, და როგორ
შეიძლება მან უკეთ იმუშაოს, სივრცით-დროითი მასშტაბის წარმოება ისევე მნიშვნელოვანია,
როგორც მის შიგნით დიფერენციათა შექმნა.

0
47
3-ს მოსწონს
ავტორი:eagle
eagle
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0