მხატვრობა "ჯოკონდა," ანუ "მონა ლიზა" 2013, 6 იანვარი, 3:14 ფერმწერი, მეცნიერი და შემოქმედი, ლეონარდო და ვინჩი აღორძინების ხანის იტალიური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ნახატმა მოაღწია, თუმცა მისი "მონა ლიზა" მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კომპოზიციად ითვლება. ![]() 1503 წლის დასაწყისში ლეონარდო და ვინჩი ფლორენციში დაბრუნდა, სადაც უდიდეს აღმავლობას განიცდიდა მიქელანჯელო ბუონაროტისა და რაფაელ სანტის (სანციოს) ხელოვნება. მდიდარმა ვაჭარმა ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ და ვინჩის მეუღლის, ლიზას პორტრეტი დაუკვეთა. "მონა ლიზას, " ანუ "ჯიკონდას" პორტრეტი, როგორც მას 1625 წელს მეცენატმა და კოლექციონერმა კასიანო დელ პოცომ უწოდა, დიდი მხატვრის ყველაზე ცნობილი და, ალბათ, ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული სურათია. პორტრეტზე გამოსახული ქალის ვინაობა არაერთი დისკუსიისა და დაუჯერებელი ლეგენდის საგანი გახდა. მავანთა აზრით, ეს გლეხი ქალია, სხვებს ჰგონიათ, რომ ბიჭი, ![]() ამ კომპოზიციაში გამოვლენილია ღრმა ჰუმანიზმი, რაციონალურობასთან შერწყმული პოეტურობა, მხატვრის განსაცვიფრებელი ნიჭი და ოსტატობა. ამბობენ, რომ ფლორენციელი ვაჭრის ცოლის ერთ მდგომარეობაში გასაჩერებლად ლეონარდო ძალას არ ზოგავდა, იგი მას მუსიკითა და კითხვით ართობდა. "ჯოკონდამ, " "მშვენიერებამ, რომელშიც მძაფრი სულიერი ტკივილია ასახული, " როგორც ბრიტანელი ავტორი უოლტერ პატერი ამბობდა, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ფლორენციულ მხატვრობაზე. ![]() ![]() სურათზე გამოსახული ქალი მაყურებლისკენ არის შემობრუნებული, სავარაუდოდ, ის მაღლა, აივანზე ან გალერეაში ზის და რიკულებით შემკულ მოაჯირს ეყრდნობა, რომლის უკანა პლანზე პეიზაჟია გადაშლილი. მაყურებელთან სიახლოვით მონა ლიზა მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ტრადიციული მოდელები მოახდენდნენ. რაც შეეხება უკანა პლანზე დახატულ პეიზაჟს, იგი მით მეტ სიღრმეს იძენს, რაც უფრო გვშორდება მთების ტეხილი სილუეტები, რომლებიც საბოლოოდ მომწვანო ცისფერ ცას ერწყმის. პეიზაჟის მარცხენა ნაწილში ვხედავთ დაკლაკნილ გზას, მარჯვნივ კი მდინარის დამშრალ კალაპოტს, რომელსაც თითქოს არავითარი კავშირი არა აქვს ზედა ნაწილში დახატულ ჯებირთან. და ვინჩი შეგნებულად წყვეტს ჰორიზონტის ხაზს, რაც გაბედული და სარისკო გადაწყვეტილებაა, და ამ დარღვეულ ხაზს მონა ლიზას თავს უკან მალავს, უფრო ღრმა ვიზუალური ეფექტის მისაღწევად. მხატვრის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დეტალები. მართლაც, სიფრიფანა რიდე, რომელიც ქალის გაშლილ თმას ფარავს, კაბაზე მოყოლებული კანტი, მისი ნაქარგობა და ნაკეცები, სახელოებზე შუქის ანარეკლები, სფუმატოს ფაქიზი ჩრდილები სურათს ჰაეროვან და ჰარმონიულ პლასტიკურ ეფექტს ანიჭებს. ამას ემატება შუქი, რომელიც სათუთად ანათებს პერსონაჟის სახეს, გულმკერდს, ხელებსა და უკანა პლანზე დახატულ პეიზაჟს. ეს სურათი განსაკუთრებით მონა ლიზას განთქმული ღიმილით არის მიმზიდველი. ამგვარ ხერხს ხშირად იყენებდნენ მხატვრები კვატროჩენტოდან ჩინკვეჩენტოსკენ გარდამავალ პერიოდში, იგი ქალური მომხიბვლელობის განუყოფელ ელემენტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი დონალდ ს. სტრონგი მიიჩნევს, რომ ლეონარდო და ვინჩიმ დახატა "ჯოკონდა, " რათა სიმბოლურად ეჩვენებინა სათნოების გამარჯვება დროზე და შეექმნა მაღალი ზნეობის ქალის სახე. 3353 5-ს მოსწონს
|