x
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების გეოგრაფიული განაწილება
image2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა საქართველოსათვის პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. აღნიშნული მოვლენა, საინტერესო კვლევის საგანია ჩვენთვის, რადგან ჩვენც უშუალოდ ამ პროცესის მონაწილენი ვიყავით, ელექტორატის ნაწილს წარმოვადგენდით. ამჯერად გადავწყვიტეთ ისეთ საკითხზე გაგვემახვილებინა ყურადღება, როგორიცაა ცენტრისა და პერიფერიის ელექტორალური ქცევის თავისებურებები.

სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით მეტად ინფორმირებულია. ინფორმირებულობა კი, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ქცევაზე. ურბანული ცენტრების მოსახლეობისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკული ხედვა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილება.

აღნიშნულიდან ჩანს, რომ ქალაქი მეტად ოპოზიციურია ვიდრე სოფელი. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი კოალიცია-ქართული ოცნების გამარჯვებისა ქალაქების უმრავლესობაში, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისა სოფლად.

რაც შეეხება ამომრჩეველთა ხმების გადანაწილებას პარტიების მიხედვით, საინტერესო იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განხილვა სოფელთან მიმართებით, ხოლო კოალიცია-ქართული ოცნების, ქალაქთან მიმართებით, ვინაიდან სწორედ ასე გადანაწილდა მათ მიერ მიღებული ხმების უმრავლესობა. მესამე ძალის განხილვას, სხვა პარტიების სახით, აზრი ეკარგება, იმდენად უმნიშვნელოა მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ყველა რეგიონში, გაიმარჯვა სოფლად; ქალაქს რაც შეეხება, აღნიშნულმა პარტიამ მოიგო 19 ქალაქი.
ესენია: გარდაბანი, მარნეული, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, აბაშა, სენაკი, წალენჯიხა, ჩხორუწყუ, ზუგდიდი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, შუახევი და ხულო. ყველა დანარჩენ ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმარჯვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ.

როგორც ჩანს ყოფილ ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა არაქართველი მოსახლეობის მხრიდან, ამას ცხადყოფს ქალაქების რაოდენობა, სადაც არაქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი დიდია და სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისა სოფლად რეგიონული მასშტაბით, არის მუნიციპალიტეტები სადაც ენმ დამარცხდა სოფლების დონეზე. ასეთებია საგარეჯო, სიღნაღი წნორთან ერთად და ახმეტა კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების სასოფლო დასახლებები საერთო გამოთვლით ასევე წააგო ენმ-მ; ქვემო ქართლში ასეთი მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთია-თეთრიწყარო. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თეთრიწყაროში მიიღო 44.1% სოფლად, ხოლო კოალიცია-ქართულმა ოცნებამ - 52.3%. რაც შეეეხება შიდა ქართლს, ამ შემთხვევაში კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სოფლად გაიმარჯვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ. ენმ-მ ამ შემთხვევაში მხოლოდ გორის სასოფლო დასახლებებში მოიპოვა უპირატესობა.
image

აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქალაქი თბილისი, როგორც აგლომერაცია დიდ გავლენას ახდენს ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი.

არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ
ცხადყო, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა ქონდა ქალაქად, ვიდრე სოფლად, უფრო
მეტიც, აქამდე არსებულ არც ერთ სხვა არჩევნებში ოპოზიციას არ მიუღია იმდენი ხმა ურბანულ
არეალებში როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ოპოზიციურობაში მნიშვნელოვან როლს რამდენიმე ფაქტორი თამაშობს, მათ შორის:

1) ქ. თბილისი, როგორც აგლომერაცია
დიდი ზეგავლენას ახდენს საქართველოს მთელ რიგ რეგიონებზე (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო
ქართლი, მცხეთა-მთიანეთი).

2) ასევე მნიშვნელოვანია მსხვილი
ქალაქების (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) გავლენა მიმდებარე ტერიტორიებზე.

3) სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები
ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით მეტად ინფორმირებულია, ვიდრე სოფლის მცხოვრებლები,
შესაბამისად ურბანული ცენტრების მოსახლეობისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური, სოციალური
და ეკონომიკური პროცესების კრიტიკული ხედვა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილება.

4) კვლევამ ცხადყო, რომ ქართველებით
დასახლებული ქალაქები გაცილებით უფრო ოპოზიციურია, იმ დროს როდესაც ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებული ქალაქები კვლავ ხელისუფელების
მხარდაჭერას ავლენენ.


სტატიის ავტორი:
დავით სიდამონიძე



გამოყენებული ლიტერატურა:

http://results.cec.gov.ge/

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0