x
არალის ზღვის მნიშვნელობა და არსებული პრობლემები
imageმდებარეობა და ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები
არალის ზღვა, ასევე არალის ტბა - მლაშე ტბაა ცენტრალურ აზიაში, რომელიც მდებარეობს ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე. ამჟამად
ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ამ დროისათვის ერთმანეთს წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის
დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამურდარია
1960-იანი წლებიდან ყაზახეთსა და უზბეკეთში გამოიყენება ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც ამ მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევდა. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ
კატასტროფად ითვლება. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ2-ს შეადგენდა. ამ მონაცემებით იგი მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში (სიდიდის გამო მას ზღვას ეძახდნენ).


წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც,
რომ წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, დაახლოებით 100 მმ. აორთქლებული წყალი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება,
რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთევზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება მარილის სქელი ფენები. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის
მეოთხედს შეადგენდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს. [1]


ჯერ კიდევ არც ისე გვიან არალის ზღვა სიდიდით მეოთხე ტბა იყო მთელ მსოფლიოში. განთქმული იყო უმდიდრესი ბუნებით, ხოლო არალის სანაპირო ზონა აყვავებად და ბიოლოგიურად მრავარფეროვან ადგილად ითვლებოდა. უნიკალურად ჩაკეტილი და მრავალფეროვანი არალი არავის არ ტოვებდა გულგრილს ამ ადგილის მიმართ. სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიიღო არალის ზღვამ ასეთი სახელწოდება.“არალი“ თურქულად კუნძულს ნიშნავს, იგი უზარმაზარ უდაბნოში იყო კუნძული სიცოცხლისა და მრავალფეროვნებისა.

არალი მდებარეობს უზბეკეთისა და ყაზახეთის საზღვარზე. მისი ფართობი 1990 წლისათვის შეადგენდა 36, 5 ათას კვ.კმ. 1960 წლამდე არალის ზღვის ფართობი შეადგენდა 66, 8 ათას კმ2. მიახლოებით საშუალო სიღრმე შეადგენს 10-15 მეტრს. არალის ზღვა მოიცავდა 300-მდე კუნძულს. თუმცა ადამიანის დაუდევრობის გამო არალის ზღვა საკმაოდ შეიცვალა და დღეს ის ქრება. სიტუაცია 1995 წლიდან რადიკალურად დაიძაბა ამ მომენტისათვის არალის ზღვას დაკარგული აქვს თავისი წყლის მარაგის 3/4 ნაწილი. ზედაპირის ფართობი კი შემცირდა ნახევარზე მეტჯერ. მარილიანობა ზღვაში კი 2, 5-ჯერ გაიზარდა. ხოლო თვითონ ზღვა გაიყო ორ ნაწილად: დიდ და პატარა არალად. ერთი სიტყვით არალი შრება და ქრება. ეს კატასტროფა უკვე გასცდა არალის ზღვის საზღვრებს. ზღვის აკვატორიიდან, როგორც ვულკანის კრატერიდან სხვადასხვა მხარეს მიმოფანტულია დაახლოებით 100 000 ტონა მარილი, ტოქსიკური მტვერი, სხვადასხვა ქიმიკატები და შხამი. ეს ყველაფერი ზემოქმედებს და ღუპავს ყოველივე ცოცხალს. დაბინძურების ეფექტს ზრდის ისიც, რომ არალის ზღვა მდებარეობს ძლიერი აღმოსავლეთის ქარის გზაზე რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით მოჰფინოს აეროზოლი ატმოსფეროში. ამის შედეგად მარილი ხვდება მთელს ევროპაში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეშიც კი.

არალის ზღვის კატასტროფის დინამიკის თანახმად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისათვის არალის ზღვა სრულიად ამოშრება და წარმოიქნება ახალი უდაბნო არალ-ყუმი. ის იქნება გაგრძელება ყარაყუმისა და ყიზილყუმის. ამის გამო მრავალი ათწლეულის განმავლობაში უფრო მეტი რაოდენობა მარილისა და შხამ-ქიმიკატებისა პრობლემებს შეუქმნის მთელს დედამიწას. ასევე მიღებული შხამი დააბინძურებს ჰაერს და დაანგრევს აზოტის ფენას. კლიმატის შეცვლა გამოიწვევს მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს მთელს რეგიონში. აქ ახლაც
უკვე ნათელია კლიმატური
ცვლილებები. ამ მომენტისათვის არალის ტერიტორიაზე ზაფხული შემცირდა და უფრო ცხელი და მშრალი გახდა ხოლო ზამთარი უფრო ცივი და გრძელი. ამ სიტუაციით პირველ რიგში იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ რეგიონში წესით ერთ სულ მოსახლეზე საჭიროებისათვის ნორმის სახით გათვალისწინებულია 150 ლ წყალი, მაშინ როდესაც ადგილობრივები მხოლოდ 15-20ლ წყლის მიღებას ახერხებენ. მრავალმილიონიან რეგიონში უკვე გავრცელებულია შიმშილი და ეპიდემიები.

ორივე მდინარე რომელიც არალის ზღვის მთავარი არტერია იყო, სათავეს იღებს მთებში და გადის: ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე. 1960-იან წლებში ამ მდინარეებიდან გაიყვანეს არხები მინდვრების მოსარწყავად, რის გამოც, არალის ზღვაში უკვე ვერ ჩაედინებოდა ზღვის შესავსებად საჭირო წყლის რაოდენობა. ადრე ისინი ჩაკეტილ ზღვას ამარაგებდნენ 60 კმ3 წყალს წელიწადში, რაც შემცირდა 4-5 კუბამეტრამდე. დღეისათვის კი ორივე მათგანი მოწყვეტილია
ზღვას. მდინარის დელტების ნაწილი დაჭაობებულია.
[2]


რუსეთის იმპერიის გააქტიურება არალის ტერიტორიაზე


პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიასთან გაცნობისას, უნდა აღინიშნოს რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ-ეკონომიკური აქტივობები არალის ზღვის ტერიტორიაზე. 1847 წლიდან ამ მხარეში გაიზარდა რუსეთის სამხედრო საქმიანობა, მას შემდეგ რაც დაარსდა პატარა ქალაქი „არალსკი“, შემდგომ არალი. მალე ამ ზღვაში რუსეთის იმპერიის ფლოტმა დაიწყო ხომალდების გაშვება. ვინაიდან არალის ზღვას
არ გააჩნდა მსოფლიო ოკეანეში გასასვლელი, ამიტომ სავარაუდოდ გემებს შლიდნენ და აქლემების ქარავანის მეშვეობით ეზიდებოდნენ ორენბურგში, მდინარე ურალთან. იქ კი, ხელახლა აწყობდნენ.
ამ ერთგვარ მოგზაურობას თავის დროზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და მხატვარი ტარას შევჩენკოც აღნიშნვდა თავის ნაშრომებში. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტია, თუნდაც შვედური ხომალდების,
ორენბურგის გზით ამ ქარავნის მეშვეობით არალის ზღვაში მოხვედრა.





არალის ზღვის ტრაგედიის დასაწყისი - საირიგაციო არხების გაყვანა


1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ
გადაწყვიტა, იმ ორი მდინარის (სამხრეთით ამურდარიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით სირდარიის) მიმართულების შეცვლა, რომლებიც არალის ზღვას კვებავდა, მიზანი უდაბნოში იმ ადგილების
მორწყვა იყო, სადაც ბრინჯის, ნესვის, ხორბლეულისა და ბამბის მოყვანას გეგმავდნენ. არხების მშენებლობა მასშტაბურად 1940-იანი წლებიდან დაიწყო. არხების უმეტესობა ცუდად იყო აშენებული,
რაც იწვევდა მასში გამდინარე წყლის ჟონვასა და ქრობას. ყარაყუმის არხიდან, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი იყო, 30-დან 75%-მდე წყლის ნაწილი ტყუილუბრალოდ იკარგებოდა. დღეს უზბეკეთის არხების მხოლოდ 12% ითვლება წყალგაუმტარად.

1960 წლისათვის ყოველწლიურად 20-60 კმ3 წყლისა, ზღვის მაგივრად მიდიოდა მიწაში. ზღვის მკვებავი წყლის უმეტეს ნაწილს მიმართულებები შეეცვალათ, რის შედეგადაც 1960 წლიდან არალის ზღვამ ნელ-ნელა შევიწროება დაიწყო. 1961-1970 წლებში ყოველწლიურად ზღვის დონე დაახლოებით 20 სმ-ით კლებულობდა. 1970 წლიდან კი საშუალო მაჩვენებელი კლებისა ყოველწლიურად 50-60 სმ-ს შეადგენდა. 1980 წლებში ზღვის დონე განაგძობდა ვარდნას, თუმცა ამჯერად უკვე 80-90 სმ-ით წელიწადში. სარწყავი წყლის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა, თითქმის გაორმაგდა 1960-2000 წლებში, შესაბამისად იმავე პერიოდში ბამბის მოსავალიანობაც 2-ჯერ გაიზარდა.


ტბის გაქრობა არ წარმოადგენდა მოულოდნელობას საბჭოთა კავშირისათვის, ისინი ამას გაცილებით ადრე მოელოდნენ. ჯერ კიდევ 1964 წელს, ჰიდროპროექტების ინსტიტუტში აღნიშნავდნენ, რომ ტბა განწირული იყო, რასაც ხსნიდნენ, იმით, რომ ეს ხუთწლიანი
გეგმის ნაწილი იყო, რომელიც დამტკიცებული იყო მინისტრთა საბჭოსა და პოლიტბიუროს მიერ. უფრო დაბალ ეშელონებში ვერავინ გაბედავდა ამ გეგმის საწინააღმდეგოდ ეთქვა რამე, თუნდაც
ეს არალის ზღვის არსებობის საკითხი ყოფილიყო.


მაშინ არსებულ პროგნოზზე რეაქცია ძალიან მერყეობდა. ზოგიერთი საბჭოელი ექსპერტი არალის ზღვას „ბუნების შეცდომად მიჩნევდა“. ერთ-ერთმა ინჟინერმა 1968 წელს განაცხადა, რომ „არალის ზღვის გაქრობა შეუქცევადი პროცესია და ეს ყველასათვის ნათელი არის“. მეორე მხრივ, მასშტაბურ პროექტში წარმოდგენილი იყო მდინარე ობის ნაკადების ნაწილის გადმომისამართება ცენტრალურ აზიაში უზარმაზარ არხთა სისტემის მეშვეობით. არალის ზღვის შევსება კი ამ პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. დიდი ხარჯების გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა
ამ პროექტზე 1986 წელს.

1960-დან 1998-მდე არალის ზღვის ზედაპირი 60%-ით
შემცირდა, მოცულობა კი 80%-ით. 1960 წლისათვის არალის ზღვა იყო მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ტბა, რომლის ფართობი 68 000 კმ2, ხოლო მოცულობა 1 100 კმ3 შეადგენდა. ეს მონაცემები 1998 წლისათვის 28 687 კმ2-მდე დაეცა და სიდიდით მერვე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში. დაკარგული წყლის მოცულობით არალის
ზღვა ექვივალენტურია ტბების: ონტარიოსა და ერის შრობისა. ამავე პერიოდში მისი მარილიანობა 10 მილიგრამ-პროცენტიდან გაიზარდა 45 მილიგრამ-პორცენტამდე.


1987 წელს ტბის განუწყვეტელი შემცირების შედეგად ტბა გაიყო ორ ნაწილად: ჩრდილოეთ არალის (პატარა ზღვა ან პატარა არალის ზღვა) და სამხრეთ არალის (დიდი ზღვა ან დიდი არალის ზღვა) ზღვებად.


1991 წელს უზბეკეთმა მიიღო დამოუკიდებლობა საბჭოთა
კავშირისაგან. უზბეკეთში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, კრეიგ მიურეიმ 2002 წელს დამოუკიდებლობა აღწერა, როგორც „ისლამ ქარიმოვისათვის საშუალება, თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სტილისაგან და ფილოსოფიისაგან გამოყოფად“. მიურეი 1990-იან წლებში არალის ზღვის შემცირებას ქარიმოვის ბამბის პოლიტიკას უკავშირებს. ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საირიგაციო სისტემებს, რაშიც მიურეი წყლის კარგვის მეტს ვერაფერს ხედავს, რადგან წყლის დიდი ნაწილი ვერ აღწევს ბამბის პლანტაციებამდე. კულტურათა მონაცვლეობა არ ხდებოდა სამეურნეო რაიონებში, რის გამოც დიდი რაოდენობით პესტიციდებისა და სასუქის შეტანა ხდებოდა საჭირო. მავნე ნივთიერებათა ნაწილი ხვდებოდა არალის ზღვაში. მიურეი
არსებულ სიტუაციას ადარებდა ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელ მონურ სიტუაციას. გამოიყენებოდა იძულებითი შრომა, მოგება ძალაუფლებასთან იყო დაკავშირებული. მიურეი ამას ადარებდა ყაზახეთში არსებულ სიტუაციას, სადაც ბამბის ინდუსტრია განსხვავებით უზბეკეთისაგან იყო კერძო.


2003 წლის ზაფხულისათვის სამხრეთ არალის ზღვა
მოსალოდნელზე სწრაფად ქრებოდა. ტბის სიღრმეში არსებული წყალი უფრო მარილიანი იყო ვიდრე ზედაპირის და არ ხდეობდა არევა. ამგვარად, ზაფხულში წყლის ზედაპირი უფრო მეტად თბებოდა
და უფრო სწრაფად ქრებოდა ვიდე ეს მოსალოდნელი იყო. 2003 წელს სამხრეთ არალის ზღვა გაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ აუზებად.


2004 წლისათვის არალი ზღვის ზედაპირი მხოლოდ 17 160 კმ2-ს შეადგენდა. რაც პირვანდელი ზომის 25%-ს შეადგენს. თითქმის
ხუთმაგად გაზრდილმა მარილიანობამ კი გაანადგურა ფლორისა და ფაუნის დიდი ნაწილი. 2007 წლისათვის ზღვის ზედაპირი თავდაპირველი ზომის 10% გახდა. სამხრეთ არალის მარილიანობამ
100 მილიგრამ-პროცენტს მიაღწია. ჩრდილოეთ არალის ზღვის გაქრობა ჯებირის აშენების გამო შეჩერებულია ჯერჯერობით, სამწუხაროდ სამხრეთ არალი კი განაგრძობს გაქრობას და ჩნდება
უდაბნო „არალყუმი“.


სამხრეთ არალის ზღვის მიწისქვეშა წყლების ჩამონადენი ვერ შეაჩერებს მის შრობას თავისი სიმცირის გამო (დაახლოებით 4 კუბური კილომეტრი წელიწადში). ეს მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება პამირისა და ტიან-შანის მთებში და პოულობს თავის
გზას გეოლოგიურ ფენებში მსხვრევის ზონაში, არალის ძირას.

image
ზეგავლენა გარემოზე, ეკონომიკაზე და ჯანმთელობაზე


არალის ზღვის ეკოსისტემა და მასში ჩამდინარე მდინარეების დელტები თითქმის მთლიანად განადგურებულია, ერთ-ერთი მიზეზი მოჭარბებული მარილიანობაა. ზღვა მცირდება და ტოვებს უზარმაზარ ვაკეებს, რომელიც დაფარულია მარილითა და ტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც იარაღის გამოცდის, ინდუსტრიული პროექტების, პესტიციდებისა და სასუქების აქტიური გამოყენების შედეგია. ამ ნარჩენებს ქარი მტვრის სახით მიმოფანტავს
არალის ზღვიდან მოშორებით. არალის ზღვის გარშემო ტერიტორია ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ადგილობრივები განიცდიან სუფთა წყლის ნაკლებობასა და აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ხშირია კიბოსა და ფილტვების დაავადებათა შემთხვევები. რეგიონში ასევე გავრცელებულია რესპირატორული დაავადებები,
მათ შორის ტუბერკულიოზი და კიბო, კუჭ-ნაწლავის სისტემათა დაზიანება, ანემია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ღვიძლის, თირკმლისა და თვალების პრობლემებიც შეგვიძლია ტოქსიკურ ქარებს მივაწეროთ. რეგიონში ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ დონეს, რომელიც 2012 წელს 5, 29 პრომილე იყო უზბეკეთისათვის [4] და 8, 52 პრომილე ყაზახეთისათვის [5], რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობას აქ უზბეკეთი - 21, 2 და ყაზახეთი - 23, 6 პრომილე.
უშუალოდ არალის ზღვის არეალში კი 75 პრომილე, ხოლო დედათა სიკვდილიანობა 12 პრომილე [3]. მოსავალი რეგიონში განადგურებულია მარილიანობის გამო, რადგანაც ქარი უზარმაზარ
ვაკეებზე არსებულ მარილს მტვრის სახით აქეთ-იქით ფანტავს. რეგიონში ზამთრი უფრო ცივი გახდა, ხოლო ზაფხული ცხელი.


როდესაც არალის ზღვის თევზის ინდუსტრია თავის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ თევზჭერის სფეროში დაახლოებით 40 000 ადმიანი იყო დასაქმებული და მთელი საბჭოთა კავშირის თევზჭერის 1/6 აქ ხდებოდა. ახლა ეს სფერო განადგურებულია და ის ქალაქები, რომლებიც ადრე ზღვის ნაპირას მდებარეობდნენ და თევზჭერის ცენტრებს წარმოადგენდნენ, ახლა გემების სასაფლაოებად იქცნენ. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს უზბეკეთში მდებარე ქალაქი მიუნაკი, რომელიც თავის დროზე განვითარებულ პორტსა და თევზჭერის
ინდუსტრიის ადგილს წარმოადგენდა. ამ ქალაქში თავისდროზე 30 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა კი ნაპირიდან კილომეტრებითაა მოშორებული. სათევზაო ნავები მშრალ მიწაზეა მიმოფანტული, იმ ადგილას, რაც ადრე წყლით დაფარულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ნავების უმეტესობა აქ უკვე 20 წელზე მეტია განისვენებს. ერთადერთი თევზეულის კომპანიაა დარჩენილი მიდამოებში, რომელსაც თევზი ბალტიის ზღვიდან შემოაქვს, ათასობით კილომეტრის მოშორებით.

imageასევე განადგურდა ონდატრების (მუსკუსის ვირთხა) ტყავის წარმოება, რომელიც ცხენის აღკაზმულობისათვის
გამოიყენებოდა. ეს სირდარიისა და ამურდარიის დელტებში ხდებოდა, სადაც წელიწადში დაახლოებით
500 000 ონდარტის ტყავს ამუშავებდნენ [6].
არალის ზღვის რეგიონისათვის საერთო ზარალი შეფასებულია 35-40 მილიარდ რუბლად (800 მლნ ფუნტი სტერლინგი). თუმცა ჩემის აზრით შეუფასებელია ადამიანის უგუნურებით გამოწვეული ზარალი,
რასაც ხშირ შემთხვევაში თვით ადამიანები ეწირებიან ხოლმე.



გარემოსდაცვითი პრობლემების შესაძლო გადაწყვეტა


წლების განმავლობაში მრავალი განსხვავებული გადაწყვეტილება, განსხვავებული პრობლემებისათვის იქნა წარმოდგენილი. ასეთებია მაგალითად:

სარწყავი არხების ხარისხის გაუმჯობესება;წყლის გამამტკნარებელი საშუალებების დაყენება;ფერმერების იძულება, რათა გამოიყენონ მდინარეების წყალი;ბამბის იმ ალტერნატიული სახეობების გამოყენება, რომლებიც ნაკლებ წყალს საჭიროებენ;ბამბისათვის ნაკლები ქიმიკატების გამოყენება;ჯებირების აშენება არალის ზღვის შესავსებად;არალის ზღვისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად წყლის ნაკადების გადამისამართება მდინარე ვოლგიდან, ობიდან და ირტიშიდან. 20-30 წლიანი პროგრამა, ღირებულება 30-50 მლრდ აშშ დოლარი.კასპიის ზღვიდან მილსადენის მეშვეობით ზღვის წყლის გადაქაჩვა არალის ზღვაში და ადგილზე არსებულ მტკნარი წყლის რესურსებთან შერევა.

1994 წლის იანვარში ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ისინი გამოყოფდნენ თავიანთი ბიუჯეტის 1%-ს არალის ზღვის აღდგენისათვის.


2000 წლის მარტში იუნესკომ ჰააგაში ჩატარებულ მსოფლიოს წყლის მეორე ფორუმზე წარადგინა თავისი ხედვა არალის ზღვის აუზთან მიმართებაში 2025 წლისათვის. ეს პროგრამა გააკრიტიკეს არარეალური მიზნებისა და ტბის უზბეკეთის მხარეს მცხოვრები ადგილობრივების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო.


2006 წელს მსოფლიო ბანკის აღგენითმა პროექტმა მოულოდნელი
და პესიმისტური სურათი აჩვენა.


არალის ზღვის აუზის პროგრამა


არალის ზღვის მომავალი და პასუხისმგებლობა მის გადარჩენაზე ახლა ხუთი სახელმწიფოს ხელშია, ესენია: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. 1994 წელს მათ მიიღეს
ASBP -აზაპ (Aral Sea Basin Program - არალის ზღვის აუზის პროგრამა). პროგრამის ოთხი მიზანია:


არალის ზღვის აუზის გარემოს სტაბილიზაციაზღვის გარშემო არსებული კატასტროფული გარემოს რეაბილიტაციაარალის ზღვის აუზის, როგორც საერთაშორისო წყლების მართვის გაუმჯობესება კომპეტენციის გაზრდა პროგრამის მიზნების მისაღწევად, როგორც რეგიონულ, ისე ნაციონალურ დონეებზე.

აზაპ: პირველი და მეორე ეტაპი


გეგმის პირველი ეტაპი დაკავშირებულია მსოფლიო ბანკის მონაწილეობასთან 1992-1997 წლებში. ეს არაეფექტური გამოდგა სხვადასხვა მიზეზთა გამო. ცენტრალური აზიის ხელისუფლებები ხვდებოდნენ არალის ზღვის მნიშვნელობას მთელი რეგიონისათვის,
როგორც ეკოსისტემისა, ასევე ეკონომიკისათვის. ისინი არ იყვნენ მზად თანამშრომლობისთვის და უჭირდათ გეგმის პროცედურების განხორციელება. ამ პროცესში არ იყო ჩართული დაზარალებული
მოსახლეობა. არალის ზღვის წყალი ძვირადღირებულ სავაჭრო პროდუქტს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე, გარკვეული შეთანხმებებიც კი იყო დადებული მოსაზღვრე ქვეყნებსა და ხალხებს
შორის: წყლის ტრანსპორტირების, ირიგაციის, საწვავის მიწოდებისა და სხვათა შესახებ.


გეგმის მეორე ეტაპი დაიწყო 1998 წელს და ხუთ წელს გასტანა. ამ შემთხვევაში მთავარი ნაკლოვანება ამ პროცესებში ადგილობრივების ჩართულობის ნაკლებობა იყო. სქემა შედგენილ იყო მსოფლიო ბანკის, მთავრობათა წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერტთა მიერ და შეუთანხმებელი იყო ადგილობრივებთან, ანუ იმათთან ვისაც პირველ რიგში ეხებოდა ეს საკითხი. ამ ჩავარდნებმა ახალი გეგმის შედგენის საჭიროება გამოიწვია, სადაც კონსოლიდირებული იყო სხვადასხვა ინსტიტუტები, ხუთი ქვეყნა და მსოფლიო ბანკი.

აზაპ: მესამე ეტაპი

1997 წელს ახალი გეგმა იქნა ჩაფიქრებული, რომლის მთავარ მიზანსაც კვლავინდებურად არალის ზღვის აღდგენა წარმაოდგენდა. მთავარი ამოცანა იყო არხების სისტემის გაუმჯობესება და არსებული წყლის რესურსების კონტროლი. ამ პროექტის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ არალის ზღვის აღდგენას ეძღვნებოდა. ჩრდილოეთ არალის ზღვის პროექტის მთავარ ინიციატივას სანაპიროს გასწვრივ ჯებირების მშენებლობა წარმოადგენდა, აგრეთვე ღრმა არხის გაყვანა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ არალს შეაერთებდა. კოკ-არალის
ჯებირი სიგრძეში 8 კმ-ს აღწევს და 29 კმ3 წყალს აკავებს, სიჭარბის შემთხვევაში კი სამხრეთ არალის ზღვისაკენ უშვებს.


ჩრდილოეთ არალის ზღვის აღდგენითი სამუშაოები

ჩრდილოეთ არალის ზღვაში გარკვეულ აღდგენითი
სამუშაოები უკვე ჩატარებულია. წყლის ნაკადის გაზრდის მიზნით ჩატარდა საირიგაციო სამუშაოების ნაწილი სირდარიაზე. 2003 წელს ყაზახეთის მთავრობამ გამოაცხდა კოკარალის თხრილის მშენებლობა, რომელიც ორ არალს გამოყოფდა. მისი მშენებლობა 2005 წლის აგვისტოში დასრულდა. ამის შემდგომ ჩრდილოეთ არალში წყლის დონემ იწყო მატება, შესაბამისად შემცირდა მისი მარილიანობა. ზღვის დონე 38-42 მეტრამდე გაიზარდა და ვითარება მცირედით გაუმჯობესდა.


ზღვაში თევზის რიცხოვნობაც გაიზარდა. მონაცემების საჯაროდ გამოცხადების შედეგად, ბევრი გაუმჯობესება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის მონაცემებით უკვე თევზჭერაც ხდებოდა ჩრდილოეთ არალში და პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გადიოდა უკრაინაში. ამის შემდგომ მიკროკლიმატმაც იწყო გაუმჯობესება, იმატა ნალექიანობამ, რამაც ადგილობრივ მეურნეობებს იმედი დაუბრუნა. ზღვა, რომელიც ადრე ქალაქ არალიდან 100 კმ-ით იყო დაშორებული, ახლა 25 კმ-ითაა დაშორებული ძველი პორტიდან. ჩრდილოეთ არალის ზღვის ზედაპირი 2550 კმ2-იდან (2003წ) გაიზარდა 3300 კმ2-მდე (2008წ). ამ პერიოდში სიღრმეც 12 მეტრით გაიზარდა და 2008 წლისათვის 42 მ-ს მიაღწია. შემდგომ ყაზახეთის სანაპიროსაკენ მეორე
ჯებირის მშენებლობაც მიდინარეობდა. გეგმაშია ასევე არხის მშენებლობა არალის პორტიდან არალის ზღვამდე.


სამხრეთ არალის ზღვის მომავალი

სამხრეთ არალის ზღვა, რომელიც უზბეკეთის ღარიბ რაიონშია გაჭიმული, მხოლოდ ჩრდილოეთ არალის ზღვიდან გადმოქაჩული წყლით სულდგმულობს. მრავალი საუბრებისა და კამათის შედეგად გამოიკვეთა ჯებირების აშენების საჭიროება და ჩრდილოეთ და სამხრეთ ზღვებს შორის კავშირის გაძლიერება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოიკოჭლებს პოლიტიკოსთა ნება. უზბეკეთი უინტერესობას იჩენს სამხრეთ არალის ზღვასთან მიმართებაში და ზრდის ამურდარიის წყლის ნაკადებს ბამბის პლანტაციების
სარწყავად, ამავდროულად აქტიურად განაგრძობს ნავთობის მოპოვებას არალის დამშრალ ფსკერზე. აქ საჭიროა გაუდაბნოების საწინააღმდეგო ზომების მიღება, წყლის რესურსების კონტროლი
და სხვა საკითხებისადმი ყურადღების მიქცევა.

2006 წლის 30 აგვისტოს უზბეკეთის პრემიერ მინისტრმა
ერგაშ შაიშმატოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთის მთავრობამ და საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელშიც შედიან: უზბეკნეფთგაზი, ლუკოილი, პეტრონასი, კორეის ეროვნული ნავთობის კორპორაცია
და ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია, მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რაც დამშრალი არალის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ერთობლივ მოპოვებას გულისხმობდა. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ „არალის ზღვა ფართოდ შეუსწავლელია და დიდია შესაძლებლობა ნავთობისა და გაზის მოპოვებისა, რისკი დიდია თუმცა იმედოვნებენ ამ უნიკალური პროექტის წარმატებას“. კონსორციუმი 2005 წელს დაარსდა. 2010 წლის 1 ინვისისათვის, რეგიონში 500 000 კუბამეტრი გაზი იქნა ამოღებული 3 კმ სიღრმიდან.

აღორძინების კუნძული - Возрождения


ეს არის კუნძული, რომელიც სამხრეთ არალის ზღვაში მდებარეობდა. ზღვის შრობასთან ერთად ის, 2001 წლისათვის ნახევარკუნძულად იქცა, ხოლო შემდგომ ხმელეთის ნაწილი გახდა. 2008 წელს
სამხრეთ არალის გაქრობასთან ერთად ეს ადრინდელი გეოგრაფიული ადგილი ფაქტიურად გამქრალია. ახლა ის გაყოფილია ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის.

1948 წელს ამ კუნძულზე ააშენეს საიდუმლო ბიოლოგიური
იარაღის ლაბორატორია, ახლა ეს ადგილი სადავო ტერიტორიაა ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის. ამ ადგილის ისტორია და ზუსტი დანიშნულება ჯერაც საიდუმლოებებითაა მოცული, მაგრამ ბიოლოგიური იარაღის გამოცდა იქ ნამდვილად ხდებოდა.
1971 წელს კუნძულიდან მოხდა ქალაქ არალში ვირუსის გავრცელება. იმ დროს 10 ადამიანი დაავადა, რომელთაგან 3 მალევე გარდაიცვალა. ამას მოჰყვა 50 000 ადამიანის ვაქცინაცია. 1992 წელს ბიოიარაღის ბაზა დაშალეს. 2002 წელს ამერიკული მხარის დახმარებით უზბეკეთში გარკვეულწილად მოხერხდა საშიშ ნივთიერებათა განეიტრალება.


XXI საუკუნეში ძალზედ აქტუალური გახდა გარემოს დაცვითი საქმიანობები. თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, თუ რა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს იმ გარემოს სადაც გაჩნდა და მოღვაწეობს ადამიანი. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ იქცევა, როგორც ეკოსისტემის გონიერი ნაწილი, არამედ მტრობს მას, თავისი უგუნურებით. როგორც ამ თემის დასაწყისში ავღნიშნე, პოსტსაბჭოთა სივრცე დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს წარმოადგენს და მრავალფეროვანია შესასწავლი სფეროების მიხედვითაც. მე გადავწყვიტე ეკოლოგიური კუთხით შემეხედა მისთვის და ამიტომაც ავარჩიე მისი ერთ-ერთი რეგიონის, ცენტრალური აზიის ბოლო ათწლეულების უდიდესი ეკოლოგიური
პრობლემა, არალის ზღვის ეტაპობრივი შრობა.


ამ სტატიის მეშვეობით შევეცადე ნათლად აღმებეჭდა არალის ზღვის მნიშვნელობა, ცენტრალური აზიის რეგიონისათვის და შეძლებისდაგვარად გადმომეცა რეალურად არსებული პრობლემები. სტატიაზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ უკეთ შევისწავლე რეგიონი და აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ფაქტი. რეფერატიდან დავრწმუნდით, რომ საბჭოთა კავშირში ეკოლოგიურ საკითხებს გულგრილად ეკიდებოდნენ ადამიანები და ამის გამო მწარე შედეგებსაც იმკის მომავალი თაობა, სამწუხაროდ ადრინდელმა გულგრილობამ ადამიანური მსხვერპლიც მოგვცა; ამიტომაც საჭიროა ამ საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომა.

არალის ზღვა თითქმის განადგურებულია, თუმცა როგორც
ვნახეთ ბოლო პერიოდში მოხდა გარკვეულ მხარეთა გამოფხიზლება და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ეს საკითხი რეგიონალური მასშტაბისაა.
ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტად ჩაერთვება ყველა ამდაგვარი საკითხის მოგვარებაში და კაცობრიობა ასეთ მაგალითებზე უფრო მეტად მოეგება გონს და ისწავლის იმ
გარემოს გაფრთხილებას, რომლის ნაწილიც თითოეული ჩვენთაგანია.


სტატიის ავტორი:

დავით სიდამონიძე


გამოყენებული ლიტერატურა:

1)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90

2)
http://fcnews.site.ge/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90.html

3)
http://en.wikipedia.org/wiki/Aral_Sea

4)
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/uz.html

5)
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/kz.html

6)
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%BD%D0%B4%D0%B0%D1%82%D1%80%D0%B0

7)
http://www.aralsea.org/

8) http://www.boku.ac.at/iwhw/onlinepublikationen/nachtnebel/EU_INTAS_0511_Rebasows/Files/Summary_report.pdf

0
3040
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
3040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0