ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, ნიკა გვარამია, ალეკო ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავა, ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაკავებების სერია გრძელდება, გვარამიას ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით მას ნიკა გვარამიას ახლობლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ნიკა გვარამიას დარეკვის საშუალება მისცეს. ჭაბაშვილს სთხოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მისულიყო. როგორც საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, ისინი, არასამეწარმეო მიზნით,
2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. მათ გარდა დაკავებულები არიან, აგრეთვე, გიორგი ნესმიწვერიძე და იზაბელა გუტიძე. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებასთან დაკავშირებით მას იგივე ინფორმაცია აქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გვარამიას დაკავება „რუსთავის 2“- ში მის საქმიანობას არ უკავშირდება. მთავრობის ყოფილი წევრების დაკავებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვა. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ისინი უმცირესობის საგანგებო სხდომაზე იკრიბებიან. ის რაც დღევანდელ დღეს მოხდა ქვეყანაში – სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე პირდაპირი ზეწოლა, არის უკიდურესად საგანგაშო, - განაცხადა ბაქრაძემ.