x
image
terjolski
რატომ დატოვა გივი სიხარულიძემ კონკურსი

image რამდენიმე დღის წინ მთელი თბილისი გივი სიხარულიძის გარდაცვალებაზე ალაპარაკდა. ჯვარი სწერია ბატონ გივის და, ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ თემას განიხილავდნენ. მასთან რომ არ დამერეკა და მისი ხმა არ გამეგონა, ალბათ მეც იმ ადამიანების რიცხვს შევუერთდებოდი, ვინც ძალიან განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ. როგორც გაირკვა, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა, ბატონი გივი თავს მშვენივრად გრძნობს და "სარკეს" სახლშიც უმასპინძლა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. ბატონი გივის სიტყვები – "ცოცხალი ვარ, ცოცხალი", ჩვენს საუბარს ფონად გასდევდა.
ინტერვიუს მთავარი თემა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" გახლდათ, რომელიც მან წინა ტურზე დატოვა. როგორც შოუს წამყვანებმა თქვეს, მიზეზი მისი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა. ბატონმა გივიმ ამაზე ორაზროვანი პასუხი გაგვცა. ჯანმრთელობის გაუარესება კიდეც უარყო და კიდეც დაადასტურა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მიზეზი უქეიფობა კი არა, უგუნებობა იყო.
– ბატონო გივი, მიხარია, კარგად მყოფს რომ გხედავთ. არადა მთელი ქალაქი თქვენს გარდაცვალებაზე ლაპარაკობდა. საიდან გავრცელდა ეს ჭორი?
– არ ვიცი. ყველგან – ინტერნეტსაიტებზე, სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სააგენტოებში ეწერა, რომ გარდავიცვალე. მთელი მსოფლიოდან მირეკავდნენ და ბღაოდნენ. ბაზრობებზე უბრალო, ოქრო ხალხი ტიროდა, ტაქსის მძღოლები ტიროდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ხალხს როგორ ვყვარებივარ. ამიტომ იმ ადამიანს, ვინც ეს ჭორი გაავრცელა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მუხლმოდრეკილი ვუხდი მადლობას! გუჯა ბუბუტეიშვილმა დამირეკა, ქელეხი არ გამოვა, ცოცხალი ხარ, მაგრამ 500 კაციანი პურმარილი გავაკეთოთ და ხალხს პატივი ვცეთო.
– როგორ ფიქრობთ, ვის დასჭირდა ამ ჭორის გავრცელება?
– არც ეგ ვიცი. ალბათ იმ ადამიანს ძალიან ვეზიზღები, მაგრამ მე საოცრად შემიყვარდა. მას, ვინც ბოროტად იხუმრა, სიკეთეში დაუბრუნდეს.
– ამ ჭორს საფუძველი ალბათ იმან მისცა, რომ "ცეკვები" დატოვეთ და მიზეზად თქვენი ავადმყოფობა დასახელდა. მართლა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოგიწიათ პროექტიდან წასვლა?
– თავიდანვე ვთქვი, რომ საკუთარი წლოვანება დუელში გამოვიწვიე. ჩემი ასაკი პირველი ცეკვით, პასადობლით დავჩაგრე, სულ ათიანები მივიღე. ტანგო, ფოქსტროტი, ვალსი, სამბა ვიცეკვე. ბოლოს ათიანებით ოსური დავამთავრე. ოსური ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ცეკვაა. ოსურის ცეკვის შემდეგ საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებდი, რომ ქვიკსტეპი და რაღაცეები მეცეკვა. ამისთანა მედიდურ, არწივების ცეკვას რომ შეასრულებ, მერე ეშმაკის ცეკვა აღარ უნდა იცეკვო. თანაც, ადგილი ბავშვებს დავუთმე.
– ანუ პროექტი ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ დაგიტოვებიათ?
– იმ დღეს როგორ ჯანმრთელადაც ვიყავი, ისეთი ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა ყველა ჩემს მოყვარულ ხალხს! პროდიუსერ ალინა არველაძეს ბოდიშს ვუხდი, რომ პროექტი დავტოვე, რადგან ავად ვიყავი.
– როცა კონკურსანტი პროექტს საკუთარი სურვილით ტოვებს, რამდენადაც ვიცი, ფულადი ჯარიმაა დაწესებული. თქვენ არ მოგიწიათ ჯარიმის გადახდა?
– გენაცვალე, ავადმყოფობის გამო დავტოვე პროექტი და როგორ დამაკისრებდნენ ჯარიმას?!

0
188
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:terjolski
terjolski
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0