ყველა ქალაქში უნდა განისაზღვროს რამდენი ადამიანის დასახლება შეიძლება ერთ ჰექტარზე, რა რაოდენობის მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს ერთ სულ მოსახლეზე, რა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები სჭირდება მას, როგორ ნიავდება გარემო და ა. შ. ასე რომ, ქალაქის ამა თუ იმ ტერიტორიის შეფასება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ, დღეს თბილისში, ამ თვალსაზრისით, უამრავი პრობლემაა, რომელთა ერთობლიობა, ცხადია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დონეზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს იმ ქალაქებს შორის, რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, თბილისი მე-15 ადგილზეა.
მსოფლიო მეგაპოლისების ეს რეიტინგი ხუთი ფაქტორის გათვალისწინებით არის შედგენილი: ქალაქის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ცხოვრების დონე, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მდგომარეობა, ასევე სოციალური სამართლიანობა. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, 2025 წლისთვის თბილისის მოსახლეობა 1990 წელთან შედარებით 7, 42 პროცენტით შემცირდება.