უკრაინის წამომადგენელი 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა
2012, 2 დეკემბერი, 22:44
რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი გახდა, მან საკონკურსო სიმღერით “Nebo“ 138 ქულა დააგროვა.
საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა The FUNKIDS – 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი Compass – 98 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა ამსტერდამში “ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში“ ჩატარდა და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) უმასპინძლა.
საღამო 2011 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა გახსნა. ანტრაქტების დროს 2009 წლის საბავშვო ევროფესტივალის მონაწილემ, ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რალფ მაკენბაჩმა იმღერა. კონკურსანტებმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის ჰიმნი შეასრულეს. თემატური სიმღერა "Break the Ice" საბავშვო ევროფესტივალის ერთ-ერთმა წამყვანმა კიმ-ლიენმა შეასრულა. საბავშვო ევროფესტივალს კიმ-ლიენი და ევოუთი უძღვებოდნენ.
მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS, სიმღერით “Funky Lemonade“ სცენაზე მე-10 ნომრად გამოვიდა. ჯგუფთან The FUNKIDS პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა. საკონკურსო სიმღერის ტექსტი ბავშვებთან ერთად ნანა ცინცაძემ დაწერა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკურსში მეექვსედ მონაწილეობდა.
2007 წელს როტერდამში მარიამ რომელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა; 2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა “ბზიკებმა” გამარჯვება მოიპოვა; 2009 წელს კიევში ჯგუფმა "პრინცესები" მეექვსე ადგილი დაიკავა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით „მარი–დარი“ მეოთხე ადგილი დაიმსახურა; 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა “ქენდიმ”, სიმღერით “Candy Music“ გამარჯვება მოიპოვა. 2012 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო ჯგუფმა - “The FunKids” წარადგინა.
მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.