საკალათბურთო ევროლიგის მორიგი ტური წარუმატებელი აღმოჩნდა
მანუჩარ მარკოიშვილის ”კანტუსთვის”. იტალიური კლუბი რუსულ ”ხიმკისთან” სტუმრად 53:77 განადგურდა, რითაც გვარიანად გაირთულა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი.
მარკოიშვილმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და თანაგუნდელთაგან აშკარად გამორჩეული გახლდათ. ”მანუმ” 30:41 წუთში 16 ქულა (8-4 ორქულიანი, 3-2 სამქულიანი, 2-2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა მოინაგრა. ამას გარდა, ჩვენებურზე რუსები ექვსჯერ დაჯარიმდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) კი მარკოიშვილი ამერიკელ ლეგიონერ მარტინ ლეუნენთან ერთად, საუკეთესო იყო კანტუელთა შორის.
ამრიგად, მანუჩარის გუნდს რვა ტურის შემდეგ მხოლოდ 2 გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი აქვს. მომდევნო ტურს ”კანტუ” 6 დეკემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ.