კოლექციები მომავალი სეზონი პარიზის კვირეულზე 2012, 9 მარტი, 12:01 პარიზში გაიმართა შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის კოლექციების ჩვენება. Lanvin კოლექცია კონკრეტული ფერით, წელზე გაკეთებული აქცენტით, რთული საყელოებით და განუმეორებელი აქსესუარებით იყო წარმოდგენილი. კარლ ლაგერფელდმა შანელის კოლექციაში ახალი ქმნილება კოსტუმი-სამეული წარმოადგინა-პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი. მოდელების მაკიაჟიც გამორჩეული გახლდათ. მათი წარბები ბჭყვიალა მძივებით იყო გაფორმებული. დიორის ჩვენება როდენის მუზეუმში გაიმართა. კოლექციაში აქცენტი წელზე იყო გაკეთებული, მასიური ყელსაბამები არ-დეკოს სტილში, სხვადასხვა ტექსტურის ნარევი და მეტად ქალური კაბები გახლდათ ბილ გაიტენის საშემოდგომო კოლექციის მთავარი ხაზი. YSL-ის ჩვენებაზე მოდელები გოთიკურ მაკიაჟს და მუქ სამოსში გამოწყობილები წარდგნენ. სარა ბარტონის კოლექცია Alexander Mcqueen-თვის ოპტიმისტური გახლდათ. კოლექცია შედგებოდა ბეწვის, მეტალის ფურნიტურის და უზარმაზარი ფუტურისტული სათვალეებისგან, რომელიც სახის ნახევარს ფარავდა. Givenchy-ის კოლექციაში მრავლად არის ტყავი, რომელიც ერწყმის აბრეშუმს და ხავერდს. შავი ფერის ტყავს ექსპრესიულობას მატებს წითელი ფერის დეტალები. Viktor&Rolf კოლექცია მოიცავს აბრეშუმის შარვლებს და კომბინიზონებს, მდიდრულ ქურქებს, ნახევრად გამჭვირვალე შიფონის კაბებს, რომელიც მძივებით, ბეწვით და რუშებით იყო გაწყობილი. კრისტოფერ დეკარნერის წასვლის შემდეგ Balmain არ დაკარგა ხიბლი. ახალი კოლექცია გადაწყვეტილია კანისფერში და მოიცავს რთულ ყვავილებიან ნაქარგებს. ნიკოლა ფორმიკეტის კოლექცია Thierry Mugler-სთვის ტრადიციულად ფუტურისტული გახლდათ. 113 1-ს მოსწონს
|