x
”დინამო” მცხეთაში გაჩერდა
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

ვიტ-ჯორჯია - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ჩისკო (4), 1:1 გაბრიჭიძე (17)
ტურის სენსაცია ”მცხეთა პარკზე” დაფიქსირდა, სადაც სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ”დინამო” თბილისურ დერბიში აუტსაიდერთა მარაქაში მყოფ ”ვიტ ჯორჯიას” დაუზავდა. არადა, დინამოელებმა პირველ წრეში 5:0 გადაურბინეს მეტოქეს, წინა ტურში კი უშუალო კონკურენტი ”დილა” 3:0 გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, დუშან უჰრინის ბიჭებისგან დღეს ყველა გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ”ვიტ ჯორჯიამ” ძალიან მოინდომა და მრისხანე მეტოქეს ქულაზე მეტი არ გაატანა.


ჩიხურა - ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 ოდიკაძე (40, პენ.), 2:0 კირკიტაძე (64)
სეზონის უდავო აღმოჩენა განაგრძობს ტრიუმფალურ სვლას.
საჩხერელებმა ამჯერად ”ზუგდიდი” მოინელეს და კვლამ მესამე საფეხურზე არიან მოკალათებულები.
მატჩის გმირი დავით კირკიტაძე გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი მოინადირა, მეორეში კი თავადაც გაიტანა და თანაგუნდელებს სამი ქულა მოუტანა.


დილა - ზესტაფონი 1:0
გოლი: 1:0 ონიანი (68)
მორიგი მძიმე მატჩი ჩაატარა გორის ”დილამ”. გიორგი დარასელიას
სამწყსომ წინა ტურში ”დინამოსთან” მწარე მარცხი იწვნია და სატურნირი ცხრილის სათავეში წამოსკუპების შანსი ხელიდან გაუფრინდა. დღეს კი გორელებმა ”დინამოს” წაფორხილებით ისარგებლეს და ”ზესტაფონის” ძლევით სამ ქულამდე დაიყვანეს ლიდერთან ჩამორჩენა.
პირველ ტაიმში იმერლები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას,
მაგრამ შესვენების შემდეგ გორელებმაც გამოიდეს თავი. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში ”დილას” ონიანის კინკილა გოლმა მოაგებინა.


ბათუმი - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 დათუნაიშვილი (23), 0:2 ტუღუში (51)
ბოლო ხანს კრიზისში მყოფმა ”ტორპედომ” ხასიათი ბათუმში მოგებული მატჩით გამოიკეთა. გია გეგუჩაძის გუნდმა
აუტსაიდერ ზღვისპირელებს აჯობა და მესამეადგილოსან ”ჩიხურასთან” სამქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. ბათუმელებს კი ალბათ თავადაც დაავიწყდათ, ბოლოს როდის მოიგეს და თუ ასე
გააგრძელეს, გაისად პირველ ლიგაში დაბრუნება არ ასცდებათ.

სიონი - მერანი 2:1
გოლები: 1:0 ისიანი (6), 2:0 ჭედია (55), 2:1 ლომია (87)
ბოლნისელებმა საკუთარ მოედანზე მარტვილის ”მერანთან”
საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და გასავარდნ ზონას უკვე მთელი 8 ქულით დაშორდნენ - მართალია, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მაინც...
მასპინძლებს ვილი ისიანის ჩინებულმა თამაშმა მოაგებინა.
21 წლის ფორვარდმა ჯერ თავად გაიტანა, მერე კი ჭედიას უბოძა საგოლე პასი...



კოლხეთი - მეტალურგი 2:3
გოლები: 0:1 სიხარულიძე (25), 1:1 ინწკირველი (33, ს.კ), 2:1 დათუნაიშვილი (57), 2:2 სიხარულიძე (62), 2:3 ტატანაშვილი (76)
ფოთელთა დამრიგებელი სოსო ფილია იმედოვნებდა, რომ გუნდის
კრიზისი დღეს დასრულდებოდა და ”მეტალურგთან” მატჩით დაიწყებოდა ”კოლხეთის” გამარჯვებათა სერიის ათვლა. ზღვისპირელებმა მართლაც შეუპოვრად იბრძოლეს, მაგრამ ისევ არ ეყოთ კლასი და ენერგია. საბოლოოდ, ხუთგოლიან თრილერში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, კოლხებმა კი სეზონის პირველი გამარჯვების გასანაღდებლად მინიმუმ, მომდევნო ტურამდე უნდა მოიცადონ.
ვიტ-ჯორჯია - დინამო

0
230
4-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0