მუსიკა იოჰან სებასტიან ბახი 2012, 20 ნოემბერი, 18:38 სამას წელზე მეტი გავიდა გენიალური კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან, მისი შემოქმედება XVII-XVIII საუკუნეების პოლიფონიური მუსიკის უმაღლესი მწვერვალია.
ბახის მუსიკალური მემკვიდრეობა უზარმაზარია თავისი მოცულობით და ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი. ბახი შეეხო იმჟამად არსებულ ყველა მუსიკალურ ჟანრს, ოპერის გარდა და ყოველ მათგანში უდიდესი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებები შექმნა. ბახი წერდა, როგორც საეკლესიო, ისე საერო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მაგრამ ფილოსოფიური სიღრმით გამორჩეული მისი გენიალური შემოქმედება თანამედროვეთა მიერ ჯეროვნად ვერ იქნა დაფასებული. მას უფრო მეტად იცნობდნენ, როგორც ორგანზე ვირტუოზ შემსრულებელს და არა როგორც კომპოზიტორს.
ბახის მუსიკას მაღალ შეფასებას აძლევდნენ მომდევნო თაობის კომპოზიტორები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. მისი მუსიკით აღფრთოვანებულმა ბეთჰოვენმა თქვა:"ნაკადული კი არა, ზღვა უნდა იყოს მისი სახელი"... ("ბახი" - გერმანულად ნაკადულს ნიშნავს).
ბახის ცხოვრება მოკლებული იყო გარეგნულ მრავალფეროვნებას. იგი არ გასცილებია თავისი ქვეყნის საზღვრებს და არც სიცოცხლეში მოუხვეჭია დიდება. ბახი, როგორც გენიალური კომპოზიტორი, აღიარეს მისი გარდაცვალებიდან თითქმის საუკუნის შემდეგ 1829 წელს, როდესაც ახალგაზრდა გერმანელი კომპოზიტორის ფელიქს მენდელსონის დირიჟორობით, საჯაროდ პირველად შესრულდა ბახის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება - "მათეს პასიონი".
იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წელს გერმანიის პატარა ქალაქ აიზენახში, მევიოლინე ამბროზიუს ოჯახში. იგი მერვე შვილი იყო, ვიოლინოზე დაკვრას მამა ასწავლიდა. პატარა იოჰანს შესანიშნავი ხმა ჰქონდა და მღეროდა სკოლის გუნდში. ცხრა წლის ბახი დაობლდა და ქალაქ ორდრუფში, უფროსი ძმის იოჰან კრისტოფის ოჯახში მოუწია ცხოვრება. იოჰან კრისტოფი ეკლესიაში ორგანისტად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ბახი სწავლობს კლავირზე და ორგანზე დაკვრას, დადის გიმნაზიაში. ბახის განსაკუთრებული ინტერესი მუსიკისდამი უფროსი ძმის გაღიზიანებას იწვევდა. ერთხელ ბახმა ძმის კარადაში იპოვა რვეული, გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებით. ეს ნაწარმოებები კრისტოფის აზრით, მეტად რთული იყო პატარა იოჰანისთვის და ამიტომ აუკრძალა მათი ხელის ხლებაც კი. მაშინ ბახმა ღამღამობით, მთვარის შუქზე, მალულად დაიწყო რვეულის გადაწერა. ასე გრძელდებოდა თითქმის ნახევარი წელი, რის გამოც მას მხედველობა დაუზიანდა. მას გადაწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ნაწარმოები, როდესაც ერთხელ ძმამ მიუსწრო და ჩამოართვა ნაშრომი. შემდგომშიც, მთელი ცხოვრების მანძილზე ბახი არ ეგუებოდა და არ ემორჩილებოდა არანაირ აკრძალვას. იგი უდიდესი ინტერესით ეცნობოდა და სწავლობდა თავისი წინამორბედი და თანამედროვე ოსტატების ნაწარმოებებს- პალესტრინას, ფრესკობალდის, კუპერენის, კორელის, ვივალდის, ჰენდელის და ტელემანის მუსიკას. იმედია მოგეწონათ! გაგრძელებასაც დავწერ. 2903 13-ს მოსწონს
|