ნაყინის შექმნასთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-
ერთი ვერსიის მიხედვით ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მეორე ვერსიის მიხედვით პირველი ნაყინი რომის იმპერატორის ნერონის დროს დამზადდა. იმ დროს ნაყინი ხილისა და ყინულისგან კეთდებოდა. მესამე ვერსიის მიხედვით კი ნაყინი XVII საუკუნეში ფრანგების მიერ იყო შექმნილი.
ევროპაში ნაყინი ჩინეთიდან ჩამოიტანეს და რეცეპტმა XIV საუკუნეში მარკო პოლოსთან ერთად ჩამოაღწია. ის მაშინვე პოპულარული გახდა და არისტოკრატები ხშირად მიირთმევდნენ. ეკატერინე მედიჩის საფრანგეთში გათხოვებასთან ერთად, ნაყინის „ინდუსტრიამ” იტალიიდან პარიზის სამეფო კარზე გადაინაცვლა. ახალგაზრდა დედოფალმა მზითვად გამოცდილი მზარეული წაიყვანა, რომლის ხელოვნებამაც მეფე შარლ I ისე მოხიბლა, რომ ნაყინის რეცეპტი სახელმწიფო საიდუმლოდ გამოაცხადა, ცოლის მზარეული სამეფოს მთავარ მენაყინედ შერაცხა და სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაუნიშნა. იმდროინდელ საფრანგეთში მეფის ხაზინის გაქურდვისთვის უფრო მსუბუქი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე ნაყინის რეცეპტის გამხელისთვის.
1649წ. ფრანგმა მზარეულმა ჟერარ ტირსენმა ორიგინალური რეცეპტი შექმნა. ის რძისგან და ნაღებისგან ამზადებდა გაყინულ ვანილის კრემს. ამ ახალ პროდუქტს დაერქვა „ნეაპოლიტანური ნაყინი“.
1686 წელს ფრანჩესკო პროკოფიო დი კოლტელიმ პარიზში პირველი კაფე-სანაყინე გახსნა.
1774წ. საკვები პროდუქტების მომმარაგებელმა, ლონდონელმა ფილიპ ლენზიმ პირველად გაუშვა სხვადასხვა ტკბილეულის და ასევე ნაყინის რეკლამა ნიუ-იორკის გაზეთში.
1776წ. ამერიკაში პირველი სანაყინე გაიხსნა. მას მერე, რაც გაყინული დესერტი მოხვდა ამერიკაში ცნობილმა ადამიანებმა მაშინევე შეიყვარეს ის. ჯორჯ ვაშინგტონი და ტომას ჯეფერსონი უმასპინძლდებოდნენ ნაყინით საკუთარ სტუმრებს. 1813წ. კი ა.შ.შ -ს პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის მეუღლემ დოლი მედისონმა თავისი ქმრის ინაუგურაციაზე სტუმრებს დესერტად ნაყინი მიართვა.
1799წ. ჰამბურგში პირველი სანაყინე გაიხსნა. საინტერესოა ის, რომ ეს კაფე დღესაც არსებობს.
1843წ. ნენსი ჯონსონმა გამოიგონა ხელის მოწყობილობა, რითაც ამზადებდა ნაყინს. მან დააპატენტა ეს გამოგონება, მაგრამ ფული არ ეყო ახალი ტექნიკის შესაძენად, ამიტომ ამერიკელებს მიყიდა პატენტი და 1851წ. ბალტიმორში, ჯაკობ ფუსელმა გახსნა პირველი ნაყინის ქარხანა და გამოუშვა პირველი ნაყინის პარტია.
მომდევნო საუკუნეში ვენაში კულინარიული წიგნიც კი გამოიცა, რომელშიც ნაყინის დამზადების სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი: ნაყინი ათქვეფილი ნაღებითა და დარიჩინით, ვანილითა და „მარასკინით” (ალუბლის ლიქიორი), ლიმონით, ფორთოხლით, ღვინით, მარწყვითა და ჟოლოთი. სხვათა შორის, ეს კრებული სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომად ითვლებოდა და მასში წყლის გაყინვის თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ახსნას რეცეპტებზე უფრო დიდი ადგილი ეთმობოდა. მუყაოს ჭიქაში ჩასხმული ნაყინი და პლომბირი ნაპოლეონ III-ის დროს (1852-1870) გამოიგონეს. შოკოლადის ნაყინისა და ყავის გლიასეს სამშობლოდ კი ავსტრიის დედაქალაქს თვლიან.
კარგი სტატიაა