x
სინანული
უბრალო რამეზე წაიჩხუბებენ, 15 წუთი დაიგვიანა ბიჭმა, 15 წუთი ელოდა გოგო. საღამოა... გოგო ნამტირალევი თვალებით მისჩერებია ტელეფონს.
- სულელი, მთელი 20 წუთი მალოდინა და ვითომ არაფერი. მორჩა ჩვენს შორის ყველაფერი, დამთავრდა. დღეს უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რანაირად მცემს პატივს და როგორ ვუყვარვარ. თანაც ეს პირველი შემთხვევა არაა. ახლა უკვე ვისწავლე ჭკუა, დამირეკოს და მეხვეწოს რამდენიც უნდა, ანდა სადაა აქამდე ამ შუა ღამისას, იქნებ სპეციალურად გააკეთა? არა... ვერ დავიჯერებ, შეუძლებელია... მოიცა... მგონი ყვავილები ეჭირა, კი ეჭირა, ღმერთო, საჭყალი ბიჭი... მოვიდა, მომიტანა ყვავილები, უნდოდა გავეხარებინე, მე კი... მე საყვედურებით ავავსე. ნამდვილად დავაშავე, სადაცაა დამირეკავს და შევრიგდებით. მერე რა თუ ვჩხუბობთ "სიყვარულს ჩხუბი ჩვევია" მთავარია ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მე უიმისოდ მართლაც რომ ვერ შევძლებ სიცოცხლეს, დამირეკავს და ყველაფერს ავუხსნი. მე თვითონ დავრეკავ ასე აჯობებს, მაგრამ არა, ეს ჩემი თავმოყვარეობის ამბავია, მან თვითონ უნდა დამირეკოს და დამირეკავს კიდეც!!!...
საღამოა... ოთახში ერთი კუთხიდან მეორეში ნერვიული ნაბიჯით დადის ბიჭი და და დროდადრო თუ შეავლებს თვალს ტელეფონს...
-უცნაური გოგოა, მაინც რა მოხდა ვერ გავიგე, მაშინვე ყვირილი დამიწყო. ეხლა ასე მიკეთებს და მერე რა იქნება... ეს უბრალო გაუგებრობაა, მან კარგად იცის, რომ უიმისოდ ცხოვრება არ შემიძლია. დამნაშავე ვარ, მაგრამ აქამდე უნდა დაერეკა. იქნებ მე დავრეკო? არა, არა, წეღანაც სამჯერ ავიღე ტელეფონი და სამჯერვე უკან დავდე, თავის დამცირება გამომდის, უმჯობესია თვითონ დარეკოს. ყველა გოგო ერთნაირია აუცილებლად დამირეკავს, თუ მართლა ვუყვარვარ და მაინც იქნებ... არა მე არა, თვითონ უნდა დამირეკოს პირველმა...
გავიდნენ დღეები... თვეები... წლები... გოგო სხვას გაყვა, ბიჭმა სხვა მოიყვანა. თავისი გზით წავიდა ცხოვრება და მხოლოდ ხანდახან, როცა "უაზროდ დაკარგული სიყვარული" შორეული წარსულიდან მაინც შეახსენებდათ თავს, ისინი საოცარი ტკივილით შეხედავდნენ ტელეფონს და სინანულით ჩურჩულებდნენ:
-"არ დავშორდებოდით მე რომ მაშინ დამერეკა, არასდროს არ დავშორდებოდით!".....
1
20
3-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყიფშიძე
სალომე ყიფშიძე
20
  
2012, 12 აპრილი, 14:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1