x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
პოლიტიკური ლიდერი
ნებისმიერი ტიპის სოციალურ ურთიერთობაში ჩნდება მიმართება _ დომინანტი-დაქვემდებარებული. ლიდერი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ბერკეტი ჯგუფის წევრებზე ზეგავლენის image
მოსახდენად. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ თავად ლიდერი არ განიცდის ჯგუფის ზეგავლენას; ისევე როგორც ლიდერის პიროვნება და მისი ქცევის წესი განსაზღვრავს ჯგუფის ცხოვრებას, ასევე ჯგუფის წევრთა ღირებულებითი ორიენტაციები ახდენს გავლენას ლიდერის მოქმედებაზე.

პოლიტიკური ლიდერის კატეგორია საინტერესოა, რადგანაც მის ხელშია პოლიტიკის საფუძველი - ძალაუფლება და სწორედ ის აძლევს მიმართულებას პოლიტიკურ პროცესებს. მაქს ვებერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკა მომხიბვლელია სწორედ იმის გამო, რომ იძლევა ძალის ფლობის შეგრძნებას. “ძალაუფლების ინსტინქტი”, რომელიც ბინებრივია პოლიტიკოსისთვის, აძლევს მას საშუალებას იმოქმედოს საკუთარი მიზნის მისაღწევად ზნეობრივი ნორმების დაცვის გარეშე, რადგანაც მთავარი არის მიზანი. ვებერის მტკიცებით, “მხოლოდ ის, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, შეძლებს თქვას - “და მაინც!” - მას გააჩნია “პროფესიონალური მოწოდება”.

ფრანგი პოლიტოლოგის ჟან ბლონდელის განმარტებით, ლიდერობა - ესაა ძალაუფლება, იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს “მწვერვალზე” მყოფი ერთი ან რამდენიმე პირის უნარს აიძულოს სხვები გააკეთოს ის პოზიტიური ან ნეგატიური, რასაც ისინი არ გააკეთებდნენ, ან საბოლოო ანგარიშით, შეეძლოთ არ გაეკეთებინათ საზოგადოდ. პოლიტიკური ლიდერობა კი მასთან განმარტებულია, როგორც “ძალაუფლება, რომელსაც ახორციელებს ერთი ან რამდენიმე ინდივიდი იმ მიზნით, რათა ერის წევრები სამოქმედოდ განაწყოს”.

პოლიტიკურ ლიდერს გააჩნია ძალაუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს რესურსები “რიგგარეშე” და გარანტიები ძალადობის წინააღმდეგ. ძალაუფლება თავად არის სპეციფიკური რესურსი ხელი მიგიწვდებოდეს სხვა დანარჩენ რესურსებთან, ამიტომაც ძალაუფლების დაკარგვის შიში არის კონცენტრირებული შიში “ყველაფრის დაკარგვისა”.


ამერიკელმა მკვლევრებმა, ოფერმა და სტროზაერმა ჩამოაყალიბეს პოლიტიკური ლიდერის “მე-კონცეფცია”, რომელიც ექვსი ელემენტის ერთგვარ მთლიანობას წარმოადგენს. ესენია:

1. ფიზიკური მე - წარმოდგენა საკუთარ გარეგნობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძალასა თუ სისუსტეებზე; მკვლევრებს ამის მაგალითად მოყავთ ჰიტლერისა და სტალინის ტანჯვა საკუთარი ფიზიკური ნაკლის გამო;

2. სექსუალური მე - წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე. ოფერისა და სტროზაერის განცხადებით, მართალია, არავითარი სტატისტიკური მასალა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ტირანთა უმრავლესობა სექსუალური პათოლოგიებით იტანჯებოდა;

3. ოჯახური მე - პიროვნების ფორმირების პროცესში ოჯახის განსაკითრებულ როლზე ფსიქოანალიზი საუბრობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში განცდილ ტრავმებს ზოგიერთი ლიდერი მარტივად იშუშებს, ზოგიც მის ფრუსტრირებას ახდენს გარე სამყაროზე;

4. სოციალური მე - წარმოდგენა საკუთარ გარემოცვასა და მასთან ურთიერთობის ფორმებზე;

5. ფსიქოლოგიური მე - წარმოდგენა საკუთარ შინაგან სამყაროზე, ფანტაზიებზე, ოცნებებზე, სურვილებზე, კონფლიქტებზე და ა.შ;

6. კონფლიქტების გადამჭრელი მე - წარმოდგენა იმ გზებსა და საშუალებებზე, რომელიც დაეხმარება პოლიტიკურ ლიდერს პრობლემის დაძლევაში.

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერები გამოყოფენ ასევე ლიდერს დაბალი და მაღალი თვითშეფასების სისტემით. მიიჩნევენ, რომ ლიდერები დაბალი თვითშეფასებით განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიო არენაზე, რადგან ისინი მუდმივად უკმაყოფილონი არიან საკუთარი მიღწევებით და ცდილობენ მეტს მიაღწიონ; ხოლო, მაღალი თვითშეფასების სისტემის მქონე ლიდერები ორიენტირებულნი არიან საშინაო პოლიტიკაზე და წარმატებებსაც ამ სფეროში აღწევენ. ასევე გამოყოფენ ლიდერს ადეკვატური თვითშეფასებით, რომლებიც გამონაკლისს წარმოადგენენ.

მკვლევრები ასევე საუბრობენ პოლიტიკურ წარმოდგენათა, რწმენათა, სისტემის “ოპერაციონალურ კოდზე”. ეს უკანასკნელი რწმენათა ორი განსხვავებული ჯგუფის -ფილოსოფიური და ინსტრუმენტული - არსებობას გულისხმობს.

ფილოსოფიური ანუ სტრატეგიული პოლიტიკური რწმენები გულისხმობს წარმოდგენას პოლიტიკის ბუნების (კონფლიქტი-ჰარმონია), ოპონენტის ტიპის (თანამშრომელი-მტერი), მოქმედების სტილის (ავტონომიური-დამოკიდებული) შესახებ.

ინსტრუმენტული ანუ ტაქტიკური პოლიტიკური რწმენები კი გულისხმობს პრიორიტეტებს (საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა), რისკის დონეს (მაღალი თუ დაბალი), მოქმედების ტიპის არჩევანს (მოლაპარაკება ძლიერის თუ სუსტის პოზიციიდან), გამოყენებულ საშუალებებს (სამხედრო ინტერვენცია თუ ჩაურევლობა), და ზოგადად მოქმედების სტილს (აქტიური თუ პასიური).

ლიდერობის ამხსნელ თეორიათა შორის ერთ-ერთია ნიშან-თვისებათა თეორია, რომლის მიხედვითაც ლიდერი ფლობს განსაკუთრებულ თვისებებს, რომელიც გამოარჩევს მას სხვებისაგან და სწორედ ამ თვისებების გამოა ის ლიდერი.

არსებობს სიტუაციური კონცეფციაც, რომლის თანახმადაც ლიდერი ყალიბდება გარკვეულ გარემოში, ეს უკანასკნელი ქმნის გარკვეულ მოთხოვნებს, დაბრკოლებებსა და შესაძლებლობებს ლიდერისა და მისი მიმდევრებისათვის და ლიდერიც მოქმედებს კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. ამ კონცეფციის თანახმად, ლიდერი არის გარკვეული სიტუაციის ფუნქცია.

არსებობს განსხვავებული მიდგომაც, რომლის თანახმადაც ლიდერობის საიდუმლო თავად ლიდერში კი არა, მისი მიმდევრების მოლოდინებსა და მოთხოვნილებებშია.ეს ადამიანები ლიდერად აღიარებენ იმას, ვინც ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ ინტერესებს.

თუმცა, ფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად, ადამიანის ფსიქიკა არის პირველადი; სწორედ ის დევს საზოგადოების ცხოვრების საფუძველში, განსაზღვრავს მას და ლიდერიც, როგორც ამ საზოგადოების წევრი, ყალიბდება ამ საზოგადოებაში ბავშვობაში. ფსიქოანალიზის მიხედვით ლიდერობა არის გარკვეული ნევროზის გამოხატულება.


ლიდერთა ტიპები

არსებობს ლიდერთა მრავალი ტიპოლოგია. ვილფრედო პარეტოსა (ლიდერი-მელა და ლიდერი-ლომი) და მაქს ვებერის (ტრადიციული, რაციონალურ-ლეგალური და ქარიზმატული) ცნობილი ტიპოლოგიზაციის გარდა, პოლიტიკურ ლიდერებს ასევე ყოფენ ავტორიტარულ და დემოკრატიულ ტიპებად. თუმცა, საინტერესოა ერტრიჯის ტიპოლოგიაც. ის პოლიტიკურ ლიდერებს ორ ჯგუფში - დომინანტები და ექსტრავერტები - აერთიანებს.

დომინანტი-ლიდერები, თავის მხრივ, იყოფიან ორ ქვეჯგუფად - დომინირების მაღალი ხარისხის მქონენი, რომლებიც ცდილობენ საერთაშორისო ურთიერთობების შეცვლას, და ლიდერები დომინირების დაბალი ხარისხით, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.

ექსტარვერტები, რომლებიც ასევე ორ ქვეჯგუფად იყოფიან. ინტროვერტებად, ანუ ლიდერებად, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სისტემაში მოღვაწეობას, რომლის ფუნქციონირებაც ადამიანებზე მეტად ინსტიტუტებზე იქნებოდა დამოკიდებული; და საკუთრივ ექსტრავერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნებების, სხვა ლიდერების ჩართვით პოლიტიკურ დისკუსიებში.

პოლიტიკური ლიდერის მოქმედება არის მიზანმიმართული და მოტივირებული. მრავალი კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც პოლიტიკური მოქმედების მოტივს წარმოადგენს. ესენია:

ძალაუფლების მოთხოვნილება;

რაღაცის მოღწევის მოთხოვნილება;

მოთხოვნილება აკონტროლო ადამიანები და სიტუაცია;

აფილაცია, ანუ მოთხოვნილება მიეკუთვნებოდე ჯგუფს, რომელიც შენს საქციელს ამართლებს.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი ხშირად თვითშეფასებას უკავშირდება. შეიძლება გამოიყოს მიზეზთა სამი ტიპი, რომელთა გამოც ადამიანს სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს მიზეზებია:

1. არ იყოს დამოკიდებული და/ან არ ჩაერიონ მის საქმეში;

2. იყოს დომინანტი და/ან შეზღუდოს სხვების ქცევა;

3. მიაღწიოს რაღაც მიზანს.

ადამიანი ლიდერი ხდება იმის გამო, რომ აქვს მოთხოვნილება ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა, მაგრამ ეს არ არის ლიდერობის ერთადერთი მიზეზი. შოტლანდიელი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის თომას კარლეილის თქმით, ყველა ეპოქაში, მსოფლიო ისტორიაში შეიძლება აღმოვაჩინთ დიდი პიროვნება, რომელსაც “შეიძლება ეწოდოს მხსნელი, ის ნაპერწკალი, რომელიც იწვევს ალს”. თუმცა, ეს “მხსნელი” კონკრეტულ ჯგუფს სჭირდება. ამდენად, ისტორიული რეალობის გარდა, ლიდერის არსებობისათვის აუცილებელია იმ ჯგუფის არსებობა, რომელიც მას მხარს უჭერს.

არ არსებობს ლიდერი მიმდევრების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც მას ენდობიან. ლიდერი არეგულირებს ურთიერთობებს ჯგუფში, აძლევს მათ გარკვეულ მიმართულებას, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თანამედროვე PR-ტექნოლოგები ჯგუფის მნიშვნელობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ლიდერი, როგორც წესი, უნდა აღიქმებოდეს როგორც “ერთ-ერთი ჩვენთაგანი” და, იმავდროულად, როგორც “საუკეთესო ჩვენს შორის”.

ცხადია, არსებობს ლიდერის სხვა ტიპოლოგიები და ლიდერობის განსხვავებული ახსნა, რაც თავად ფენომენის სირთულითაა გამოწვეული. თუმცა, შეიძლება იმის თქმა, რომ ლიდერს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე სხვებს და მას სხვაზე მეტად შეუძლია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მინიმალური “დანახარჯებით”. მაგრამ ლიდერად ყოფნა არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნების უნარებზე დამოკიდებული; ლიდერი იმიტომ არის ლიდერი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აძლევენ მას ამის უფლებას და აღიარებენ, როგორც ლიდერს.

0
1960
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0