x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ლიკა შუბითიძემ ამერიკაში უკვე სამი ალბომი გამოუშვა

imageმომღერალი ლიკა შუბითიძე ერთი თვეა რაც ამერიკაში წასვლიდან ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა. ქართველ მსმენელს მონატრებულმა მუსიკოსმა ერთი საღამო უკვე გამართა, სადაც როგორც თავად გვითხრა ხალხი ვერც კი დაეტია.
საქართველოში დაწყებულ საკმაოდ წარმატებულ კარიერას ის ამერიკაში აგრძელებს, სადაც სამი ალბომი ჩაწერა. ლიკა თავისი გეგმებასა და განხორციელებულ პროექტებზე ვრცლად გვესაუბრა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში არ მღერიან მე სიმღერა ადრეული ასაკიდანვე შემიყვარდა. სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ წლინახევრისა რიტმში ვცეკვავდი და მუსიკა ძალიან მიყვარდა. ოთხი წლიდან ვმღეროდი ანსამბლ “ცისარტყელაში”. ანუ ამ პერიოდიდან სულ სცენაზე ვდგავარ. თუმცა ჩვენს საახლობლოში არიან ისეთები, ვინც კარგად მღერის. ნიჭი ალბათ მათგან გამომყვა. ჩემი მშობლები ყველანაირად მიწყობდნენ ბავშვობიდან ხელს, რომ წარმატებული ვიყო ჩემს საქმიანობაში. ჩემს არჩევანს პატივს სცემენ. სკოლაშიც თავიდან თითქმის ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, საერთო ჯამშიც ნორმალური მოსწავლე ვიყავი.
– როგორ განაგრძე შემდეგ შენი კარიერა?
– ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში და დავამთავრე პედაგოგიური ფაკულტეტი, ინგლისური ენა და ლიტერატურა. თუმცა ამ პროფესიით არასდროს არ მიმუშავია. ჯერჯერობით არ ვაპირებ ამ პროფესიით მუშაობას, თუმცა რასაკვირველია მადგება ნასწავლი.
რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ კარიერას. როგორც გითხარით ოთხი წლიდან ვმღერი. კონცერტები და ფესტივალებში მონაწილება ხშირად მიწევდა. ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა და დატვირთულიც ვიყავი. ხშირად ვიღებდი კონკურსებში მონაწილეობასაც. თუმცა ვამბობ ხოლმე, რომ კონკურსები არ არის ჩემი სტილი, რადგან არ შეიძლება იყოს შეჯიბრი მუსიკაში. თუმცა მე მოვხვდი კონურსებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი იყო.
– ამ კონკურსებიდან გაგიცნო ხალხმა და შეგიყვარა.
– პირველი კონკურსი იყო “ნუცას სკოლა” იმედის არხზე, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ მე არ მინდოდა თავიდან ამ პროექტში შესვლა. საბოლოოდ კი ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და პედაგოგმა ნუნუ გაბუნიამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ერთად მოათავსა ჩემი ჩანაწერები და მითხრა უნდა მიხვიდე და სცადოვო. ის, რომ მე “ნუცას სკოლაში” მოვხვდი, საიდანაც გამიცნო ხალხმა არის ქალბატონი ნუნუს დამსახურება. ამ პროექტში ფინალამდე მივედი.
2004 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ნაყოფიერი. ამავე წელს იყო ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი “ჯეოსტარი”, რომელშიც სამეულში გავედი. მოკლედ ჩემი სამუსიკო კარიერა აქედან დაიწყო.
ამ პროეტების შემდეგ იყო ალბათ შემოთავაზებებიც. როგორ გაარძელე მოღვაწეობა?
– კი იყო რაღაც შემოთავაზებები. ყველაზე კარგი სკოლა კი იყო ჩემთვის კლუბებში და ბარებში დაკვრა. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი საქმიანობა იყო ჩემი შემოსავლის წყაროც. ძალიან გავიზარდე მუსიკალურად იმ დროს. ბევრ კარგ მუსიკოსთან მიწევდა ურთიერთობა. მანამ, სანამ 2008 წელს ამერიკაში გადავიდოდი საცხოვრებლად ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ასევე გადავიღე სამი კლიპი, რომელიც გამიკეთეს მეგობრებმა. მათი დახმარების გარეშე ამას მე ნამდვილად ვერ შევძლებდი. ყოველთვის მანებივრებდნენ. ზოგი კინორეჟისორი იყო, ზოგი ფოტოგრაფი და მათი დახმარებით ხდებოდა ვიდეო რგოლების გადაღება. ვერ ვიტყოდი, რომ ამისთვის რაიმე თანხა დავხარჯე, რადგან გვერდში მყავს მეგობრები.
დღემდე ჩემი ექვსი კლიპი ტრიალებს მუსიკალურ არხებზე და ეს ძალიან მახარებს.
– უკვე 4 წელია ამერიკაში ცხოვრობ. რატომ გადაწყვიტე წასვლა აქ ხომ გქონდა შენი კარიერა აწყობილი. თუ იყო სხვა რაიმე მიზეზი?image
– იმ პერიოდში წავედი ამერიკაში საცხოვრებლად, როდესაც მქონდა შემოქმედებითი პაუზა. მაშინ ჩავთვალე, რომ ჩემი თავი და ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე საქართველოში. მინდოდა, რომ უფრო მეტი მესწავლა, მეტად განვითარებულიყავი მუსიკალურად, მეტი ხალხი გამეცნო და ა.შ. ეს ყველაფერი მოვახერხე ამ ხნის მანძილზე და მგონია, რომ კიდევ ბევრს შევძლებ.
რაც შეეხება თუ როგორ წავედი ამერიკაში. გავთხოვდი, ვიტყოდი, რომ არაწარმატებულად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად წავედი და რვა თვე ერთად ვიცხოვრეთ. შემდეგ დავშორდით. გადავედი მარტო საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც უკვე სამი წელია მარტო ვცხოვრობ. მუსიკა მეხმარება იმაში, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა და სხვანაირად არც შეიძლება.
გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ სტუდიასთან. ეს მოხდა მთლიანად პირადი კონტაქტების საშუალებით. მყავს პროდიუსერი დეიმონ დევისი, რომელიც არის მუსიკოსი და აქვს თავისი სტუდია ამერიკაში. მან მომისმინა თავდაპირველად, მოეწონა ჩემი მუსიკა და დღემდე გვერდში მიდგას. ყველანაირ საქმეს ის აკეთებს. ხშირად მეკითხებიან რა მუსიკას ვუკრავ. მე გავაერთიანე რამდენიმე მიმდინარეობა და დავარქვი ექსპერიმენტალური. ამერიკაში ჩემი სამი ალბომი გამოვიდა მათი დახმარებით.
– როგორ მიიღეს ამერიკელებმა მუსიკის შენებური შესრულება?
– თავიდან გამოვიდა ჩემი ალბომი, რომელშიც შესული იყო თავისუფალი ჯაზის მუსიკა. ეს არ არის ამ საუკუნის მუსიკა. ამას ალბათ ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები მოუსმენენ
– დროს გაუსწარი. . .
– კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ასეა. მეორე ალბომში შესულია აკუსტიკური ცოცხალი შესრულება, ჩემი დაწერილი. არანჟირება არის არასტანდარტული და რაც მთავარია მსმენელს მოეწონა. ამერიკაში გაყიდვაშიც არის უკვე. მესამე ალბომი გამოდის უახლოეს მომავალში, რომელშიც ექსპერიმენტალური პოპმუსიკა შევა.
– როგორი დაგხვდა საქართველო 4 წლის შემდეგ?
– საქართველო დამხვდა ძალიან აქტიური. როგორც აღმოჩნდა ლიკა შუბითიძე ისევ ახსოვს ხალხს. მაკითხავენ ჟურნალისტები, ტელევიაზია. ეს რა თქმა ძალიან მახარებს. ოთხი წლის მანძილზე ვეცადე არ გამეწყვიტა ქართველი მსმენელთან ურთიერთობა და გავაკეთე ორი კლიპი. არ ვარ მარტო იქ, აქაც ვარ.
ცოტა ხნის წინ მქონდა საღამო ღე ლიფე- ში, სადაც დავუკარი. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და იმის გამო, რომ ადგილი აღარ იყო უკან გააბრუნეს. დიდი მადლობა მათ ამ ყურადღებიათვის და ბოდიშს ვუხდი ადგილის სიმცირის გამო დასწრება რომ ვერ მოხერხდა. იგეგმება კიდევ ჩემი საღამო, მანამ, სანამ წავალ ამერიკაში მინდა ქართველ მსმენელს ქართულად ვუმღერო. სოციალური ფონი კი ისეთი გვაქვს ახლა სიმართლე გითხრათ დიდად არც მემღერება, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი ამ საღამოს გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუმცა ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება და ჩემს გამოსვლას საქართველოში დაჩაგრულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს მივუძღვნი.
– აქედან ჩასულს რა გეგმები გაქვს ამერიკაში?
– როგორც გითხარით მაქვს კონტრაქტი და ამის ფარგლებში იგეგმება რაღაც-რაღაცეები. ფიზიკურად იქ უნდა იყო, რომ რაიმე კონკრეტულად დაგეგმო. ვნახოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ არ იქნება სიმშვიდე ნამდვილად არ წავალ და ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები. მიუხედავად იმისა, რომ 47 კილო ვარ მუსიკის გარდა რაღაცეების გაკეთება მეც შემიძლია (იცინის), ენერგიული ვარ. ჩემი ქვეყანაა, ჩემი ხალხია და მინდა, რომ მათთვის მეც რაღაც გავაკეთო.
– როგორ ატარებ თავისუფალ დროს ამერიკაში?
– ვერთობი ისევ და ისევ მუსიკით და ჩემი თავისუფალი დროც მუსიკას ეთმობა. ყოველთვის ვუკრავ და ვმღერი.
– ქართულ შოუ-ბიზნესზე რას გვეტყვი, რა ცვლილებას ხედავ?
– სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა. შოუ შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ბიზნესი არ არის. არ არსებობს ქართული მუსიკის ბიზნესი, რაც არის ძალიან ცუდი. დღეს ქართულად ძალიან ცოტა მღერის. საქართველოში უნდა იმღერო ქართულად, რომ შეიქმნას ბაზარი. თუ მე დავინახავ, რომ რაიმეს შეცვლა შემიძლია აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ.
ძალიან ნიჭიერია ქართველი ხალხი, უბრალოდ გვაკლია პროფესიონალიზმი. არ შეიძლება ჩაწერო წელიწადში ერთი სიმღერა და იმითი აკეთო ფული, ეს არ არის შოუ-ბიზნესი.
რომ არა ჩემი მშობლები და მეგობრები მე უფრო ადრე დავბრუნდებოდი ამერიკაში, რადგან იგივე სიტუაცია დამხვდა სამწუხაროდ რაც იყო ოთხი წლის წინ.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არის რამე სიახლე?
– გამორთე დიგტოფონი (იცინის) თაყვანისმცემლები არიან, რაც ძალიან კარგია, თუმცა შეყვარებული არ ვარ. ზოგადად ქართველი კაცები მომწონს. არ ვარ რასისტი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ გვერდით არა ქართველს.
პ.ს. მინდა მოვუწოდო ამ დაძაბულ სიტუაციაში მოსახლეობას, რომ შეწყვიტონ ეს მიტინგები. ძალიან მინდა იყოს მშვიდობა

2
372
3-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
372
  
2012, 31 ოქტომბერი, 2:40
++++++++++
2012, 31 ოქტომბერი, 2:34
+++++
0 1 2