x
პეპელას ფრთების საიდუმლო
imageპეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:

ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში.

იგავის არსი იმაშია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უშრომლად და უწვალებლად არაფერი ხდება და ჩვენი ოცნებები ასრულდება, თუკი სათანადოდ მოვინდომებთ.

გაინტერესებთ საიდან აქვს პეპელას ასეთი ფერები? რისთვის სჭირდება მას იყოს ასეთი თვალწარმტაცი? როგორ და რანაირად ახერხებს ფერთა ასეთი გამის შექმნას? – მას ხომ პიგმენტები არა აქვს?!

პეპელას პალიტრის საიდუმლო ამოხსნა მისი ფრთების ულტრასტრუქტურის შესწავლამ.

როგორც ვიცით, პეპლის ფრთების ქერცლები თხელი ფირფიტებია. მიკროსკოპირებამ აჩვენა, რომ ყოველი ასეთი ფირფიტა შედგება მესრისებურად განლაგებული კუტიკულას ფენებისგან. ამ ფენებს შორის მანძილი და ლამელების დახრის კუთხე განაპირობებს მათზე დაცემული სხივის შთანთქმა-არეკვლის პარამეტრებს და შესაბამისად ვარირებს შეფერილობაც: რა სიგრძის ტალღებიც აირეკლება, იმ ფერად აღიქვამს ობიექტს თვალიც. ვიდეოში მოყვანილია სამხრეთ ამერიკული ცისფერი პეპელას მაგალითი. აქ ადგილი აქვს ღია ლურჯი ტალღების არეკვლას და ამასთანავე, არეკლილი სხივების რეზონანსი აძლიერებს შეფერილობის ინტენსივობას.
0
703
შეფასება არ არის
ავტორი:endel
endel
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0