ფეხბურთი როგორ აღწერს დევიდ ბეკჰემი 90-იანი წლების თბილისს 14 მარტი, 15:14 ![]() გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტს დევიდ ბეკჰემის ავტობიოგრაფიულ წიგნიდან "ჩემი მხრიდან"(My Side), რომელიც პირველად 1998 წელს გამოქვეყნდა. ![]() "ჩემმა მეუღლემ საფეხბურთო სტიკერების ამბომში აღმომაჩინა, მე ის ტელევიზორში ვნახე… 1996 წლის ნოემბერია. თბილისში, სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან უნდა ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს. თუ თამაშებს არ ჩავთვლით, მოგზაურობა და გასვლები ძალიან არ მიყვარს. რეალურად ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ერთფეროვნებით ცხოვრობ – ჭამა, ძილი და ვარჯიში. მთელ დროს ატარებ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სასტუმრო, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო საქართველოში. შიდა აივნები ერთგვარ წრეს ქმნიდა და ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა. ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი. ყველაფერი ლითონისა და მინისგან იყო დამზადებული. ციხეს ჰგავდა. ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული გზა ჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო ის ხედი, რომელიც საღამოს გარეთ გასეირნებას მოგანდომებდა. მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ნევილი ოთახში და ვლაპარაკობთ. კუთხეში მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. Spice Girls-ის ახალი კლიპი იწყება, Say You’ll be there. ისინი უდაბნოში ცეკვავენ, პოშს (ვიქტორია ადამსი) შავი კატის კოსტუმი აცვია, ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის თვალი აქამდე არასოდეს მომიკრავს. ![]() მაგრამ იმ საღამოს, სასტუმროს ჩახუთულ ოთახში პირველად გამინათდა გონება. ვიქტორია ფანტასტიკური იყო და მივხვდი, რომ როგორმე მისკენ მიმავალი გზა უნდა მომეძებნა. აშკარად ლოურენს არაბის სამოსი მჭირდებოდა. როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა. – ისეთი ლამაზი… მიყვარს. გარი, ამ გოგოს უნდა შევხვდე. ალბათ, ნევილმა იფიქრა, რომ გავგიჟდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, ასეთი რამ გარის არასოდეს ენახა – შემიყვარდა პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ახლა კი სწორედ ეს მოხდა – ჩემი გული ვიქტორიამ დაიპყრო.“ ცნობისათვის, მაშინ საქართველო -ინგლისის მატჩი 0:2 დასრულდა. ![]() 485 4-ს მოსწონს
|