სისხლის სამართალი აშშ-ს ყველაზე ძებნილი განგსტერი, რომელიც ხალხს უყვარდა,რადგან ათავისუფლებდა ასობით ადამიანს ბანკის ვალისგან-კრიმინალური არქივიდან დღეს, 11:52 ![]() ერთ-ერთი მათგანი იყო, ჩარლზ ფლოიდი, მეტსახელად "ლამაზი ბიჭი", რომელიც ხელისუფლებამ ყველაზე ძებნილ დამნაშავედ გამოაცხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მრავალი წლის განმავლობაში ახერხებდა მიმალვას და დაპატიმრების თავიდან აცილებას. გასაკვირი ისაა, რომ ამაში მას აქტიურად ეხმარებოდნენ რიგითი მოქალაქეები, პოლიციელებისგან მალავდნენ, თავშესაფარს აძლევდნენ და აღფრთოვანებულებიც კი იყვნენ მისი ქმედებებით. ჩარლზ არტურ ფლოიდი, უფრო ცნობილი, როგორც "ლამაზი ბიჭი" (Pretty Boy) დაიბადა 1904 წლის 3 თებერვალს, პატარა ქალაქ ადირსვილში, ჯორჯია. 1911 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ოკლაჰომაში გადავიდა, სადაც მან გაატარა ბავშვობა. 18 წლის ასაკში ფლოიდმა პირველად დაარღვია კანონი, გაძარცვა მაღაზია, მაგრამ მისი პირველი ნაძარცვი საკმაოდ მოკრძალებული იყო - მხოლოდ 3, 50 დოლარი (ეს არის დაახლოებით 50 დოლარი დღევანდელ ფულში). 1925 წელს ის გადავიდა სენტ-ლუისში, სადაც დააკავეს ინკასატორის ძარცვისთვის. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სამი წლის მოხდის შემდეგ, ფლოიდი გაათავისუფლეს და პირობა დადო, რომ აღარასოდეს წავიდოდა ციხეში. მან გაიცნო გოგონა და მასთან შვილიც შეეძინა, მაგრამ როგორც ამბობენ: "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო" და მალე ისევ ძველ გზას დაადგა. ![]() ასეა თუ ისე, მან კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ბანკების ძარცვა და სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი მთელ ამერიკაში, დაარქვეს მეტსახელი "ლამაზი ბიჭი" - მისი გასაოცარი გარეგნობის, ჯენტლმენური მანერების, საპარიკმახეროს და ძვირადღირებული კოსტუმების სიყვარულის გამო. გაჭირვებულმა ბავშვობამ და მისმა ადრეულმა გამოცდილებამ კრიმინალურ სამყაროში ჩამოაყალიბა მისი ვექტორი, რამაც ჩარლზ ფლოიდი აქცია თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ განგსტერად და "საზოგადოების №1 მტრად " ამერიკული ხელისუფლების თვალში. ფლოიდი რამდენიმ მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მათ შორის კანზას სიტიში ძმების უოლისა და ბოლ ეშების სიკვდილში, რომლებიც რომით მოვაჭრეებმა იპოვეს ცეცხლმოკიდებულ მანქანაში 1931 წლის 25 მარტს. ოკლაჰომაში ყოფილი შერიფი ერვ კელი მაკინტოშის ოლქიდან 1932 წლის 7 აპრილს ფლოიდმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა, როცა ეს უკანასკნელი მის დაკავებას ცდილობდა. ასევე ჩარლზ ფლოიდი და ადამ რიჩეტი გახდნენ მთავარი ეჭვმიტანილები 1933 წლის 17 ივნისს ატეხილ სროლაში, რომელიც ცნობილია "კანზას სიტის ხოცვა-ჟლეტით" და რომლის დროსაც ოთხი სამართალდამცავი დაიღუპა. Pretty Boy Floyd-ის დაჭერისთვის 1930-იან წლებში ამერიკის მთავრობამ დააწესა 5000 დოლარი - (დღევანდელი კურსით 100 000 დოლარი) მოგვიანებით ეს თანხა გაიზარდა 23 000 დოლარამდე - (500 000 $ დღევანდელ ფულში, ინფლაციის გათვალისწინებით) ![]() რატომ უყვარდათ უბრალო მოქალაქეებს ასე ძალიან დამნაშავე და ყაჩაღი? მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მოძალადე კრიმინალი, მკვლელი და "საზოგადოების №1 მტერი", ბევრმა მას "კუქსონ ჰილზის რობინ ჰუდი" უწოდა და ხალხი პოლიციას ყველაფრის ფასად უმალავდა და უარს ამბობდნენ ხელისუფლებისთვის მის გადაცემაზე. ასეთი პოპულარობის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ფლოიდი ბანკების ძარცვის დროს არა მხოლოდ ფულს იპარავდა, არამედ ანადგურებდა იპოთეკურ დოკუმენტებს და სესხის ხელშეკრულებებს, რითაც ათავისუფლებდა რიგითი მოქალაქეებს ბანკის ვალებისგან. ![]() ამიტომ პოლიციამ რამდენიმე წლის განმავლობაში ფლოიდის დაკავება ვერ შეძლო. ხალხი უარს ამბობდა პოლიციასთან თანამშრომლობაზე, ზოგიერთი ფლოიდს ღამის გასათევ ადგილს აძლევდა ან საკუთარ სახლში მალავდა. თუმცა, ამის მიუხედავად, 1934 წელს FBI-ის აგენტებმა შეძლეს ჩარლზ ფლოიდის იდენტიფიცირება და ურთიერთსროლის დროს მოკლეს. დაახლოებით 40, 000 ოკლაჰომელი ესწრებოდა მის დაკრძალვას, რათა პატივი მიეგოთ "კუქსონ ჰილზის რობინ ჰუდისთვის". ეს აშკარად მეტყველებდა იმაზე, თუ რამდენად უყვარდათ და მხარს უჭერდნენ მას რიგითი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყაჩაღი იყო. Pretty Boy Floyd-ზე გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმი და გამოსულია ლიტერატურული ნაწარმოებები. ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |