x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140519
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513360
" საქართველოს ვერ გავყიდი!" არაპროფესიონალის ნახატი, რომელიც ევროპელმა სტუმარმა სოლიდურ ფასად იყიდა
image ავტორი: თუთი ბერძენაძე " ბროწეულები, ტილო, ზეთი


ზოგჯერ, როდესაც ადამიანს დარდი შემოაწვება და სურს, მისი ტრანსფორმირება მოახდინოს რაიმე სხვა სახის ემოციაში, ხატვას იწყებს. ეს თავისებური არტთერაპიაა. მაგრამ ამ დარდმა და სევდამ, ბრაზმა და მწუხარებამ შეიძლება საკუთარ თავში ისეთი უნარები აღმოგაჩენინოს, რომელსაც სიხარულის ჟამს ვერც კი გაიგებდი, რომ შეგიძლია.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე, " დაკარგული ცხვრის საზებნელად", ტილო, ზეთი.

ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.


ერთ საღამოს სოხუმს იხსებნებდნენ ჩემი ოჯახის წევრები. დიდი ბებია აფხაზი მყავდა და დღესაც მყვანან ნათესავები აფხაზეთში, რომლებსაც საშინლად არ უნდოდათ საქართველოსგან განშორება, მაგრამ მაშინ გაჩუმდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასე ამბობენ, როცა სოციალური ქსელებით ვუკავშირდებით. გაჩუმდნენ სხვა აფხაზების შიშით, ან ადგილმამულების დაკარგვის შიშით. გამოდის, რომ კონფორმიზმში გადაზარდეს თავიანთი საპირისპირო სურვილები და შეეგუენ ბედს.

ერთ საღამოს, როცა ამაზე ოჯახის წევრები საუბრობდნენ, გული საშინლად მეტკინა. მომინდა, დამეხატა აფხაზეთი და სოხუმელი ქალი, მიმოზისფერი კაბით, რომელიც ტოვებს აფხაზეთს.

imageავტორი: თუტი ბერძენაძე " სოხუმიდან", ტილო ზეთი


ერთხელაც გერმანელი არქიტექტორი მოჰყვა ჩვენს ახლობელს სტუმრად თბილისიდან. დაათვალიერეს ჩემი ნახატები და გერმანელი მეუბნება, ამას ვიყიდი, რამდენად შეგიძლიათ, მომყიდოთო. არც კი ვიცოდი, რა მეპასუხნა. ბოლოს და ბოლოს ჩემთვის აფხაზეთი იყო, ტკივილი იყო, ამიტომ შეუფასებელი და კუპიურებში გადაუყვანელი შემექმნა.


ავუხსენი ჩემი განცდები. სტერეოტიპული მოსაზრებების გამო რომ ცივი და უგრძნობი ხალხი მეგონენ გერმანელები, თვალები დაენამა ბატონ დირკს, მერე გამიღიმა და მითხრა, კარგი, მაშინ სხვა ნახატს ვიყიდიო.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე " უკრაინული სოფელი", მუყაო, ზეთი

ნახატები შვილებივით არიან. დახატავ და გენანება მერე მათი გაცემა. ძალიან გიყვარდებიან, ის ემოციები გახსოვს, ხატვისას რომ განიცდიდი.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე " ქოლგა", ტილო ზეთი


შევთავაზე, აერჩია დანარჩენიდან. და მიადგა ნახატს, რომელსაც "საქართველო" დავარქვი. იგი 2024 წლის 28 ნოემბერს დავხატე. მთელი ჩემი ტკივილი და სასოწარკვეთა გადმოვეცი საქართველოს თვალებში. როცა თანხა დამისახელა, თვალები კეფაზე გადამიცვივდა.
მაგრამ...

imageავტორი: თუთი ბერძენაძე, ' საქართველო", ტილო ზეთი

ვერც ამას გავყიდი-მეთქი. ჩემთვის შუფასებელია ეს ნახატიც.


ძალიან კი მჭირდებოდა ფული, ბანკის ვალებს დავფარავდი, დედის ჯანმრთელობის გამო რომ დაგვედო. მაგრამ ვერა... ვერც საქართველოს მივუპირწონე კუპიურები. ჩემს შექმნილ საქართველოს თან, სევდიანს, მაგრამ მომავალში გამოდარების იმედიანს, ღვთის მფარველობის იმედიანს.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე, " მარგალიტა", ტილო, ზეთი

- რა სუფთა გერმანულით ლაპარაკობთ! მითხრა სტუმარმა.
არ გავუმხილე, რომ კიდევ 4 ენაზე ვლაპარაკობ ასე. ვიფიქრე, ამ სიამაყისა და კმაყოფილების განცდას არ გავუუფასურებ-თქო და თვალი მოვავლე კედლებს, გასამეტებელი ნახატის შესათავაზებლად.


imageავტორი: თუთი ბერძენაძე. " ქართული მართლმსაჯულება", მუყაო, აკვარელი, ტუში

ათვალიერა დიდხანს და ბოლოს, როგორც იქნა, ერთ ნახატთან გაჩერდა.

იმ დღეს აღარაფერი უთქვამს არც იმ ნახატზე, რომელთანაც გაჩერდა. წავიდა თავის ოთახში. 3 დღე, როცა სასაუზმოდ გამოდიოდა, სიტყვაც აღარ დაუძრავს ნახატის ყიდვაზე.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე. " დედამიწა საჩუქრად", მუყაო, ტუში, აკვარელი

ანუ 3 დღე და ღამე მქონდა ფიქრის დრო. გავორდი. სულ წყალში გადამიცვივდა ბანკის ვალების ნაწილის დაფარვის ოცნებები. რამდენჯერ დავაპირე, მეთქვა, თანახმა ვარ-თქო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღე. ვერა, ვერ გავიმეტე.


imageავტორი: თუთი ბერძენაძე"ბროწეულები", ტილო, აკრილი

მეოთხე დილაა, ანუ როცა უნდა დაგვტოვონ სტუმრებმა. სამზარეულოში შემოვიდნენ და ყავის მომზადება გვთხოვეს. მაგიდასთან დასხდნენ და ბატონი დირკი ისე, სხვათა შორის მეკითხება, ბოლოს და ბოლოს იმ ორიდან რომელი ნახატის დათმობა გადავწყვიტეო. თან თვალებში გამომცდელად მიყურებს.


imageავტორი: თუთი ბერძენაძე " ცრემლები ბებოს ბროშზე", ტილო, აკრილი

იმ ორს ვერა-მეთქი და იმედია, გამიგებთ, დანარჩენს -ნებისმიერს. მართალია, დღეს ყველაზე სარფიანად სამშობლო იყიდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ფულზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგალითად, ჩემი ფსიქოლოგია, რომელსაც ტვირთად დააწვება მერე მთელი ცხოვრება, რომ ჩემი წარმოსახვის აფხაზეთი გავყიდე, ჩემი სევდიანი, ბედკრული, სტაგნაციაში მყოფი საქართველო გავყიდე.


image ავტორი: თუთი ბერძენაძე " მეგრელები", მუყაო, ტუში, აკვარელი

გაეღიმა ბატონ დირკს. არქიტექტორი, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს და ფოტოებს უღებს ღირსშესანიშნაობებს, ზალიან გამიხარდა, ჩემი ნახატებით რომ ასე დაინტერესდა და თან ისიც ზუსტად გაიგო, რატომ ვერ გავყიდე ეს ორი სიმბოლიზმით დატვირთული ნახატი.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე, " გორგონა", ფანქარი

ჩემდა გასაკვირად, უცხოპლანეტელის ნახატს მიადგა, სადაც, თავის დროზე, გრავიტაციის გამრუდება მინდოდა გადმომეცა. უცხოპლანეტელს ხელში დაფნის ტოტზე ყვავილად აზის უსასრულობის ნიშანი. ეს ჩემი პირველი ნახატი იყო. უბრალო ჯვალოს ქსოვილი დავაკარი მაშინ მუყაოს და მორჩა. ჩემი აზრით, არც პლენერია ნახატში, არც პერსპექტივა. იდეა მოეწონა, ალბათ. რა ვიცი>!ფასზე შევთანხმდებით, იმედი მაქვსო.


image ავტორი: თუთი ბერძენაძე " სხვსთა გრავიტაცია", ჯვალო, ზეთი

თქვენი ფასი გვთხარით მეთქი და თვალები მაგიდაზე დავალაგეთ მე და ოჯახის ახლობელმა, როცა თანხა დაგვისახელა. თან მოიბოდიშა, მეტს ვერ გადავიხდიო, გვითხრა. აი, იმ ნახატებში ორჯერ მეტიც შეიძლებოდაო. ვიფიქრე, მომეყურა-მეთქი და გავამეორებინე.

imageავტორი: თუთი ბერძენაძე, " ქვიმიანი საღამომარჯანიშვილის ქუჩაზე". ტილო, აკრილი

აბა, რას იზამო? ისევ გამომცდელი მზერა მეცა.

ახლობელმა ქართულად მირჩია, რომ ასეთ ფასად ცნობილი მხატვრის ტილოც არ გაიყიდებოდა.

მაინც ვერ შეველიე აფხაზეთს და საქართველოს...

როგორც იყო, დანარჩენი განცდების გადმოცემით მკითხველს აღარ დაგღლით, მოვხსენით "უცხო პლანეტელი" ხელის კანკალით კედლიდან და ზედ ბონუსად მეორე ნახატიც მივაყოლე. თავი რომ მართლად მეგრძნო სინდისთან.

image
ავტორი: თუთი ბერძენაძე, "ფლორა", ტილო აკრილი.

- შენსავით 17 წლის ასაკის შვილები მყვანან მეც, ტყუპები, ბიჭი და გოგო, - მებნება დირკი, - ნეტა შენს ადგილზე რას იზამდნენ?




0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0