სისხლის სამართალი გიორგი სანაიას მკვლელობის ქრონიკა დღეს, 10:12 ![]() თავიდანვე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა, ყველაზე პოპულარული იყო პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, რაც თვით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც არ გამორიცხა.პარლამენტარი ელენე თევდორაძე საუბრობდა ვიდეოკასეტაზე, რომელიც პანკისის ხეობას ეხებოდა და რომელიც, ნარკობიზნესის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ვეფხია მარგოშვილიმა გამოატანა სანაიასთვის .თევდორაძის თქმით, მან კასეტა გადასცა სანაიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა არ იცოდა რა ეწერა ამ კასეტაში და თავადაც ნანახი არ ჰქონდა, მოგვიანებით თევდორაძე ხან ადასტურებდა ამ ინფორმაციას, ხანაც უარყოფდა, თავად მოკლულის ძმის, ვახო სანაიას მტკიცებით, ეს კასეტა თითქოს ახლაც ინახება შსს-ში. იყო საუბარი შეკვეთილ მკვლელობზეც, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მკვლელობაში ბრალდებული გრიგოლ ხურცილავა დააკავეს, შსს-ს მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა შეკვეთილი მკვლელობის ვერსია გამორიცხა: “შეკვეთილ მკვლელობას რეგისტრირებული იარაღით არ ჩადიან. მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მე, როგორც პროფესიონალი, ვამბობ, რომ შეკვეთილ მკვლელობას, როგორც წესი, რეგისტრირებული იარაღით არ ჩადიან”. ![]() გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 05 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა (მეტსახელად "გრიცკო")და 2003 წლის 09 ივლისის განაჩენით მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. ხურცილავას ჩვენება სასამართლოზე: "– 2001 წლის 25 ივლისს, საღამოს, მალხაზ ხვედელიანთან მივედი. ლუდი ავიტანე და ლუდს ვსვამდით. იქიდან წამოსვლის შემდეგ 2 ბოთლი ლუდი კიდევ დავლიე. ნასვამი ვიყავი. ვალების გამო ხასიათზე არ ვიყავი, არავის ნახვა არ მინდოდა, ჩემს თავთან მინდოდა მარტო დარჩენა და ვაგზლიდან სახლისკენ წამოვედი, მაგრამ სახლში არ მივსულვარ. 11-სართულიანთან „ნივა“ იდგა, სადაც გოგონები ისხდნენ. გამოველაპარაკე. ერთს დაბადების დღე ჰქონდა და „აჭარაში“ დავპატიჟე. კლუბში რემონტი დაგვხვდა, და ვიფიქრე, რახან გოგონებს დავპირდი, უბანში ავალ, ფულს ვინმეს გამოვართმევ-მეთქი, მაგრამ ვერ ვიშოვე. გოგონებს ბენზინი აღარ ჰქონდათ და მეზობლისთვის გამორთმეული 5 ლარით ჩავუსხი. მათ რესპუბლიკის მოედანზე დამტოვეს. ქალაქში ვბორიალობდი. ვიფიქრე, ხვედელიანთან ავალ-მეთქი და ვაგზლისკენ ფეხით წავედი. ჩელუსკინელების ხიდთან გიორგი სანაია პირველად ვნახე. მას სიგარეტი ვთხოვე და გზა გავაგრძელე. ხვედელიანთან მისვლა გადავიფიქრე და უკან დაბრუნდი. დავინახე, გიორგი ცირკის უკან ასახვევზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გამოველაპარაკე, ალბათ, უფრო ქალებზე, რადგან იმ ადგილზე ქალები დგანან. გვიანი ღამე იყო, ვუთხარი, შენც ქალებს ეძებ-მეთქი? ერთი პერიოდი მეც ვიღაც ქალს ვეძებდი, მაგრამ დაღლილი ვაყავი და სახლში მინდოდა წასვლა. გიორგის ღია ფერებში ეცვა, პანამა ეხურა და „ლენონის“ სათვალე ეკეთა. ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით. წამოდგა და მითხრა, სხვანაირად არ გამიგო და სიგარეტს გიყიდიო. უარი არ მითქვამს. ლუდიც ვთხოვე და მან ჯიხურში ორივე მიყიდა. 11-სართულიანებისკენ წამოვედით. მითხრა, მანქანით ვარო და შემომთავაზა, ცოლ-შვილი მეც დასასვენებლად მყავს გაშვებული, თუ გინდა, ავიდეთ, დავლიოთო. მეძინებოდა და წავყევი. თანაც, ღამე შარი რომ არ ამეკიდებინა, ოჯახში კი ფეხით რა გავა-მეთქი. პროკურორი:– გამოძიებაში ამბობდით, გიორგის ქალები უნდა ამოეყვანა და ამიტომ წავყევიო. ხვედელიანმაც ასე თქვა. ახლა კი ქალებს არ ახსენებთ. – ეს პირადულია. ამდენი ხალხი ისმენს და ცოტა უხერხულია. ქალებზე იყო ლაპარაკი თუ არა, ზუსტად აღარ მახსოვს. პროკურორი:-თქვით, რომ გიორგის არ იცნობდით. უცნობ კაცს მანქანაში რატომ ჩაუჯექით? – ადრეც ყოფილა და სხვებისგანაც გამიგია, რომ ნასვამი კაცი სხვანაირად ხარ, უცნობთან გინდა ღამით ლაპარაკი. მანქანაში გიორგიმ პანამა მოიხადა და მაშინ ვუთხარი, სანაია არა ხარ-მეთქი? გამიხარდა კიდეც, განათლებული ადამიანია და ასეთ ადამიანებთან საუბარიც სასიამოვნოა. მითხრა, სანაია არ ვარ, მამსგავსებენო. მანქანაში ჩემს ამბებს ვუყვებოდი, ვუთხარი, თანამშრომელი ვარ და არ შეგეშინდეს-მეთქი. მანქანა „ღრმაღელეს“ მეტროსთან, სადგომზე დააყენა. მასთან ბინაში რომ ავედით, ფანჯარასთან, ტახტზე ჩამოვჯექი. ჩემი მეუღლე დიღომში სიდედრთან იყო და იქ დავრეკე. მერე მითხრა, დილის ხუთ საათზე რამ დაგარეკინაო და საათიც ამიტომ მახსოვს. გასაღები არ მქონდა და ამიტომ არ წავედი სახლში. ისე, მთვრალი რომ ვყოფილიყავი, ფეხით წავიდოდი. გიორგიმ არაყი დამისხა, მაგრამ ბოლომდე არც დამილევია. მითხრა, ცხელა, წყალს გადავივლებო. ვუთხარი, წავიძინებ და დილით წავალ-მეთქი. ამასობაში გამოვფხილზლდი. დაღლილი ვიყავი და ტახტზე გადავწექი. რაღაცამ გამომაღვიძა. სასამართლოში ეს უკვე ითქვა და აღარ დავაკონკრეტებ. ამან შემაძრწუნა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ![]() პროკურორი:-გამოძიებაში განაცხადეთ, რომ გიორგიმ დაპირება არ შეასრულა, ქალები აღარ ამოიყვანა და თქვენ მისმა ცინიკურმა პასუხმა გაგანაწყენათ: რა დროს ქალებია, თუ გინდა, სახლიდან წადიო? – ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია. გახსოვთ, ამ ფაქტის შემდეგ რა ამბავი იყო. ჟურნალისტებს არ ეწყინოთ, მაგრამ მათ დავაბრალებ ძალიან დიდი აჟიოტაჟის ატეხას. მერე მეც შემეშინდა, მიდი, ჩაბარდი და ამ დროს ასეთი ამბავია, პოლიტიკური, შემეშინდა, გაურკვევლობაში ვიყავი. რომ დამაკავეს, გვიანდელი ვერსია: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობს ავრცელებს. ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთავი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია. "გიორგი სანაიას მკვლელობისთვის სასჯელი გრიგოლ ხურცილავამ, იგივე „გრიცკომ“ მოიხადა. „ეგ „გრიცკო“, ვინც აიღო თავის თავზე, ჩვეულებრივი საქმეების მომცემი იყო. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და პანკისის ბანდას იქიდან გვაწვდიდა უცხოელების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. ეს ადვილი გადასამოწმებელია იმით, რომ მაშინაც მორიგე იყო, როცა ის ორი ესპანელი გავიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა გადასახდელი. სინამდვილეში ჭიჭიაშვილმა მოკლა სანაია. ბაკურაძე, თამაზაშვილი - ყველაფერი მაგათგან მოდიოდა. პროდასავლური ხელისუფლების და მათი მომხრეების, ყველას მოშორება უნდოდათ“, - ამბობს კონსტანტინე ციხისთავი. ციხისთავი ირწმუნება, რომ მაშინდელმა მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი გააყალბა. „ის რაც კასეტაზე იყო, წინასწარ გადაგვაღებინეს, ეგეც მაღალჩინოსნების დავალებით. ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი რომ ყოფილიყო, თითქოს პანკისის შესახებ კასეტა ჩაუვარდა ხელში და მოკლეს“, - აცხადებს ციხისთავი. რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 28 წლის შოთა ჭიჭიაშვილზე ეროვნული მასშტაბით ძებნა 1997 წლიდან იყო გამოცხადებული, 2000 წლიდან კი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება. შოთა ჭიჭიაშვილს, ის ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო. ჭიჭიაშვილი 2003 წელს მოსკოვში დააკავეს და მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა. 2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევდა, რომ პროკურატურამ მისი ძმის მკვლელობის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს, თუმცა საქმე არ განახლებულა. 191 3-ს მოსწონს
|