კინო "ვნახოთ, თუ როლი მომეწონა, შეიძლება ისევ დავუბრუნდე კინოს" - იშვიათი ინტერვიუ ხათუნა კოტრიკაძესთან გუშინ, 14:25 ![]() ხათუნა კოტრიკაძე რაც კინოს ჩამოშორდა, ფაქტობრივად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მედიასთან არ ურთიერთობდა, საზოგადოებამ, რომელიც გოგონა ძირითადად ორი ფილმით, " მხიარული რომანი" და " მოიტაცეს თამარ ქალი" შეიყვარა, მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, დღეს გთავაზობთ სამი ინტერვიუს ნაწყვეტს, რომელიც 1997 წელს(ჟურნალისტი ირინა კუკავა), 2001 წელს არის ჩაწერილი( ჟურნალისტი მარიან ბაბუნაშვილი) და intermedia.ge-დან, თუმცა მესამე ინტერვიუს თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, ხათუნა კოტრიკაძე 2024 წლის 15 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ფილმში შემთხვევით მოვხვდი. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩვენთან მოვიდა რეჟისორი სოსო ჩხაიძე. იგი სატელევიზიო ფილმისთვის გოგონას ეძებდა. სინჯებში მე ამარჩიეს და გადამიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში “ მეთხუთმეტე ზაფხული". ამას მოჰყვა, შემდეგ ის ცნობილი ორი კინოკომედია, ( “მოიტაცეს თამარ ქალი", რეჟისორი ლეილა გორდელაძე და “მხიარული რომანი", რეჟისორი ლევან ხოტივარი), რომელიც შეიყვარა მაყურებელმა. “მოიტაცეს თამარ ქალის" გადაღების დროს 16 წელი შემისრულდა. დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ჩემი დაბადების დღე. გია ფერაძემ მაჩუქა ნახატითა და ლექსებით დამშვენებული დიდი პლაკატი. იმ პლაკატს დღემდე ვინახავ. გიას ხომ იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა. იგი მრავალმხრივ კოლორიტული პიროვნება იყო. მთელი ის დრო, ახლა ერთ მშვენიერ დღესასწაულად მეჩვენება, სადაც ყველაფერი განუმეორებელი იყო. ახლა რომ როლი შემომთავაზონ, რაიმე ფსიქოლოგიურს ვითამაშებდი. მე ზოდიაქოს ნიშნით ლომი ვარ. იქნებ ამიტომაც ვერ ვიტან ტყუილს, უსამართლობას, სიძულვილს, ღალატს; ცოტა ფიცხიც ვარ და მაქსიმალისტიც. ალბათ, ასეთი ხასიათის როლის შესრულება არ გამიჭირდებოდა... რაც შეეხება გადაღებას, ამ ბოლო ხანებში იყო ასეთი წინადადებაც, ვნახოთ, თუ როლი მომეწონა, შეიძლება ისევ დავუბრუნდე კინოს. ქართველი მსახიობებიდან მიყვარს ლეილა აბაშიძე. უცხოელებიდან მერილ სტრიპი. საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდიაა. საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია - ქართული წიგნი, ქართული ფილმი, ქართული სიმღერა. მეამაყება, რომ სულით ხორცამდე ქართველი ვარ. ჩემი საფიცარია ღმერთი და საქართველო. შეიძლება, ეს ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ არ ვაჭარბებ. მარტო სიყვარულს შეუძლია ქმნა და შენება. ბოროტება, შური და სიძულვილი მხოლოდ ანგრევს და ანგრევს!. ბედნიერებისთვის საჭიროა სიყვარული, ოჯახი, საყვარელი საქმე და, რაც მთავარია, ბედნიერი სამშობლო". ხათუნა კოტრიკაძე. *** რატომ დასრულდა თქვენი კინოკარიერა ასე მალე? - (იღიმება) გასაგები მიზეზების გამო. - გინდათ, მე გითხრათ ეს მიზეზები? - აბა, თქვით! - ამბობენ, დათო გოგია ისეთი ეჭვიანი ქმარი აღმოჩნდა, რომ კინოში გადაღება კი არა, შინიდანაც აღარ უშვებდაო. - ეგ მართალია. 17 წლის გავთხოვდი და მაშინვე გამოვემშვიდობე კინოს, რადგან ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა ეს. - მერე არ დაგწყდათ გული? ან მამათქვენს არ შეეძლო სიძეზე ზეგავლენა მოეხდინა? - როგორ არ დამწყდა, მაგრამ რაღა ეშველებოდა ამას? მამა კი არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში. ის ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი კაცი იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ გათხოვების მერე ქალი ქმრის ნება-სურვილს უნდა დაჰყოლოდა. - გინდათ, მეორე ჭორიც გითხრათ? - რა თქმა უნდა. მაინტერესებს, რამდენად მართალია. - იმასაც ამბობდნენ, ხათუნამ ვერ გაუძლო ქმრის გაუთავებელ ეჭვიანობას, მშობლებთან დაბრუნდა და ქმარმა დიდი ხნის მერე ძლივს შეირიგაო. - არც ეგ არის სიმართლეს მოკლებული, ოღონდ, დიდი ხანი არ დასჭირვებია დათოს ამისთვის. მის ეჭვიანობას მეორე მხარე დადებითი ჰქონდა: არაჩვეულებრივად მზრუნველი და ყურადღებიანი იყო და არის. ჩემი მეგობრები გიჟდებიან დათოზე. ის მათთვის მამაკაცის ეტალონია. მე არ მქონდა სხვაგან წასვლის უფლება, თორემ ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო ჩემი მეგობრებით. არ მახსოვს, დილით რაიმე მენატრა და საღამომდე არ შემსრულებოდა. როცა დედას რამეს შევჩივლებდი, მეტყოდა ხოლმე: შენს ქმარს ბევრი კარგი თვისება აქვს, ხელისგულზე გატარებს, ყველა სურვილს გისრულებს და მის ამ ერთადერთ ნაკლს როგორმე დაუხუჭე თვალიო. ზოგჯერ მიჭირდა თვალის დახუჭვა, მაგრამ მეც ტრადიციულ ოჯახში ვიყავი გაზრდილი და ჯერ მშობლების, მერე ქმრის ნება-სურვილს ვემორჩილებოდი. გათხოვების მერე "ოქროს გალიაში"”აღმოვჩნდი. რამდენჯერმე მქონდა გაბრძოლების მომენტი, მაგრამ საბოლოოდ ბედს დავნებდი. ოჯახი, ქმარ-შვილი და სიმშვიდე ჩემთვისაც პრიორეტიტული აღმოჩნდა. - ვიცი, რომ ბევრგან მიგიწვიეს მთავარ როლზე... - დიახ, იყო შემოთავაზებები. ირაკლი კვირიკაძე იღებდა ფილმს და ძალიან უნდოდა, რომ მე მეთამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. თავის მეგობარს, ჩემს“"აღმომჩენ" სოსო ჩხაიძეს სთხოვა დაერეკა ჩვენთან, მაგრამ დედამ აუხსნა, როგორი სიტუაციაც იყო. ჩხაიძემ კი უთხრა: ძალიან გული მწყდება, რომ ხათუნა ასე ჩაჯდა სახლშიო... - თქვენი სპეციალობა რა არის? - დავამთავრე უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი. ერთი დღეც არ მიმუშავია. მახსოვს, ერთხელ მამას ვთხოვე, მომბეზრდა შინ ჯდომა, ეგებ, სამსახური მიშოვო-მეთქი. წარმოიდგინეთ, უარი მითხრა: თუ დათოს არ უნდა, მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავალო. - მამაზე რას მეტყვით? - მამა თავგადაკლული იყო ფეხბურთზე. საქართველოში რაც კი საფეხბურთო ბაზაა, თითქმის ყველა მამაჩემის აშენებულია. პატარაობიდანვე მახსოვს, როგორ ფუსფუსებდა საფეხბურთო მოედნებზე. ათასი წვრილმანი მიჰქონდა ხოლმე სახლიდან. სხვას არავის ანებებდა, თავისი ხელით კრეჭდა მოედნის ბალახს. - დათო გოგია სად გაიცანით? - მამასთან, როგორც მწვრთნელთან, ხშირად მოდიოდა ხოლმე. მამას ძალიან უყვარდა ის და ხშირად ამბობდა, საუკეთესო ფეხბურთელი დადგებაო. სწორედ ჩემს ოჯახში გავიცანი დათო. მან მამას ვერ შეჰბედა ჩემი ხელის თხოვნა, ამიტომ მშობლები მოიყვანა. მაშინ დათო 25 წლის იყო, მე 17-ის. ჩემი ქმარი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მეკარე აღმოჩნდა. ბიძაჩემი სერგოც თავის დროზე მეკარე იყო და სულ ამბობდა, მე რომ დათოს მონაცემები მქონოდა, უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდიო... ![]() *** “იღებდნენ სცენას, როდესაც იპოლიტე ხვიჩია სხვენზეა ასული ჩემს საქმროსთან ერთად და ის თოკით აბამს. ამ დროს იპოლიტეს წყალს ასხამდნენ. ეს ეპიზოდი რამდენიმე დუბლით გადაიღეს. იპოლიტეს იმდენი წყალი შეასხეს, რომ ქვევით ჩამოვიდა და ჩვენც გავიწუწეთ. ფილმში არის ასეთი სცენა, სოფელში მივდივართ და უცებ მანქანა გუბეში ვარდება. იპოლიტეს მხარეს მანქანის კარი დაკეტილი არ იყო, წყალში რომ უნდა შევსულიყავით, მძღოლმა მაგრად დაამუხრუჭა და იპოლიტე მანქანიდან გადმოგორდა. ამ ეპიზოდის გადაღებაზეც ბევრი ვიცინეთ. ქორწილის სცენა, სადაც იპოლიტე პისტოლეტს იღებს და ტყვიას თავში იხლის, ყველაზე სასაცილო იყო. ამ ეპიზოდის გადაღების დროს ყველას სიცილი უტყდებოდა, ვეღარ ჩერდებოდნენ და ყველაფრის თავიდან გადაღება გვიწევდა.” ![]() ![]() “ის დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. გია ავალიშვილი ფილმში ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და საოცარდ მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. სიმღერები და სასიამოვნო მელოდიები არც დაბადების დღეზე მომაკლო. ფილმს სამეგრელოში ვიღებდით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა კოღოები იყო, რომლებმაც ფოთში საშინლად დაგვტანჯეს.” 311 3-ს მოსწონს
|