x
მეტი
  • 15.02.2025
  • სტატია:140237
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513178
"ახლა „ტოპ-ტვინებს“ საკუთარი უტვინობის ახსნა მოუწევთ, მათი პროგნოზების მიუხედავად"-ნანა კაკაბაძე
image

ჩვენ და ტოპ-ტვინები

ჩვენთან თითქმის ყველა, ვისი მოსაზრებებიც საზოგადოებას მეტ-ნაკლები სიხშირით მიეწოდება (პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ექსპერტები, ენჯეოშნიკები თუ ჟურნალისტები) მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების მიხედვით აღწერენ მოვლენებს და გვთავაზობენ ამ მოვლენათა განვითარების მათეულ პროგნოზებს.

გადის გარკვეული ხანი და ირკვევა, რომ კაპიკია ასეთი ანალიზისა და პროგნოზების ფასი, რადგან პრაქტიკულ ცხოვრებაში სრულიად საპირისპიროდ ვითარდება მოვლენები.


უტიფარი „ტოპ-ტვინები“ თავიანთ არასწორ ანალიზებსა და პროგნოზებზე მორალურადაც კი არ აგებენ პასუხს და ისევ მედიდურად განაგრძობენ „ტოპ-ტვინურ“ საქმიანობას.

სამი წელია გვესმის ოპო-მედიის მიერ გაპიარებული უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის, ექსპერტის, ენჯეოშნიკის თუ ჟურნალისტისგან ტვინის გამოსარეცხი ლოზუნგები:

„უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება!“

„უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!“

„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე!“

„სანქციები დაანგრევს და ჩამოშლის რუსეთს!“

„რუსეთის არმია სულს ღაფავს!“

„უკრაინას 50 ქვეყანა ეხმარება და რუსული ჟანგიანი ტანკები მალე განადგურდებიან!“

დღემდე ამ მეინსტრიმული ლოზუნგების საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელი და ყველა კითხვის დამსმელიც კი ერთხმად ცხადდებოდა პრორუსად და საქართველოს მოღალატედ.

დღეს დადგა ჭეშმარიტების მომენტი და ტრამპის (ანუ აშშ-ს) პოზიციამ ყველა გამოიყვანა პროპაგანდისტული ბურუსიდან.

ახლა „ტოპ-ტვინებს“ საკუთარი უტვინობის ახსნა მოუწევთ, მათი პროგნოზების მიუხედავად,

რატომ ვერ შედის უკრაინა ნატოში,

რატომ ვერ ამარცხებს რუსეთს,

რატომ დაანგრევინეს ეს საოცარი ქვეყანა და ა. შ.

მაგრამ „ტოპ-ტვინები“ ალბათ მაინც თავის აზრზე იდგებიან და იტყვიან, „რომ არა ამ საშინელი კაცის (ტრამპის) გამარჯვება ამერიკის არჩევნებში, სწორედ ისე იქნებოდა, რასაც ჩვენ ვიძახდით“-ო („აბა თვითონ ხომ არ მოიჭრიან კუდებს?!“)

არადა, სწორედ ტრამპი აღმოჩნდა ყველაზე დიდი რეალისტი, რომელმაც რეალურად შეაფასა მდგომარეობა და არ გამოეკიდა პროპაგანდით ქვეყნის მართვის ცდუნებებს.

რეალობა კი შემდეგშია- ზელენსკის გმირად წარმოსახვის და მთელ მსოფლიოში ტაშისკვრით დახვედრის პარალელურად ბრძოლის ველზე რუსეთი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მიიწევს წინ და მეთოდურად იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს.

მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვისთვის იქნება ეს ტრაგედია და ვისთვის არა. რეალობა ისაა, რომ მალე მთელი დონბასი მისი იქნება, ვინაიდან გადალახავს დნეპრო-პეტროვსკის რეგიონის საზღვარსაც.

დაპყრობის საფრთხე შეექმნება დიდ ქალაქებს - ხარკოვს, ოდესას და ცოტა ხანში უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიების ოდენობა 30%-ს მიუახლოვდება. თუ კიდევ გაგრძელდება ომი, რუსები ალბათ ნახევარ უკრაინასაც დაიკავებს და ა. შ.

შემთხვევით არ თქვა ტრამპმა, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა რუსეთი გახდესო.

„ტოპ-ტვინებს“ რომ ამ საფრთხის გაგონებაც არ უნდათ, ეს არაფერს ნიშნავს, „რეალ-პოლიტიკა“ სხვა რამეა და ჩვენი ან მათი სურვილები და მისწრაფებები - სხვა რამე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ „უკრაინა რუსეთი არ გამხდარა“, ბიზნეს გათვლებში კარგად გაწაფულმა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო გარიგების დადება მოინდომა და 500 მილიარდიანი კონტრაქტი შესთავაზა ზელენსკის. ამ თანხად შეაფასებული ძვირფასი იშვიათი მინერალები, რომელთა საბადოებიც მრავლად ყოფილა უკრაინაში და თუ მათთვის მიწოდებული ამერიკული იარაღის ღირებულებას უკრაინა ვერ აანაზღაურებს, ეს მინერალები უნდა გადავიდეს აშშ-ს მფლობელობაში. ზელენსკი, რა თქმა უნდა, მაშინვე დაეთანხმა ამ წინადადებას, რადგან მინერალები კი არა, მას მილიონობით დაღუპული, დაჭრილი და ქვეყნიდან გაქცეულიც არ ანაღვლებს.

მეორე საკითხია, რამდენად დროზე დასრულდება ეს ომი და რამდენად შეძლებს აშშ თავისი წილი მოგების მიღებას.

აშშ და ყველა ქვეყანა რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს, ეს სულ არ არის გასაკვირი, უბედურება ისაა, რომ უკრაინა უკვე ნახევრად დანგრეულია და ეხლა მთავარია, როგორმე მთლიანად დანგრევას გადარჩეს. უკრაინის ტრაგიკული ბედი, სამწუხაროდ, უკვე ყველასთვის ცხადია.

ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ტრამპისა და პუტინის შეხმატკბილებულმა საუბარმა მარტო უკრაინის კი არა, მთელი ევროპის იგნორირების ფაქტიც წარმოაჩინა.

დაბნეული ევროპელი ლიდერები პირდაპირ საყვედურებს ვერ ბედავენ ტრამპის მიმართ, ხოლო არაპირდაპირი ინერციით მხოლოდ იმას იძახიან, ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და მის უსაფრთხოებას ვუზრუნველყოფთო.

ზელენსკის ყველაზე კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და სასოწარკვეთილი გაიძახის, ამერიკის მონაწილეობის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ევროპული შეპირებები რეალური არ არისო.

ბოლოს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი "ბიზნეს-პოლიტიკური" ტიპის მოლაპარაკებები ალბათ მოკლევადიან ფორმატში ვერ დასრულდება. საყურადღებოა, რომ როგორც ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე შენიშნა, უკრაინა ისრაელისთვის რიგი მოსაზრებების გამო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პალესტინა. ამ ფონზე კი მოსალოდნელია, რომ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის დანიშნული ებრაული წარმოშობის მილიარდერი სტივ უიტკოფისთვის ეს გარემოება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს დაიკავებს."-წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.


0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0