x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140925
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
იმანუელ კანტი: განმანათლებლობისა და რელიგიის ურთიერთობა დაძაბული, მაგრამ გარდაქმნადი პროცესია
იმანუელ კანტი დაიბადა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, რომელსაც თავად კანტი განმანათლებლობის ეპოქად მიიჩნევდა.

იმანუილ კანტი

პერიოდი, რომელშიც მოღვაწეობდა კანტი, გამოირჩეოდა მეცნიერული პროგრესით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ფილოსოფიური აზროვნების მიმართულებას. ტრადიციული ავტორიტეტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასთან ერთად, ვითარდებოდა მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნებაც, რომელსაც თან ერთვოდა მასშტაბური მეცნიერული აღმოჩენები. ამ ყველაფრის შედეგად, ირღვეოდა ტრივიალური წარმოდგენები ავტორიტეტების შესახებ. პარალელურად, იბადებოდა და ფესვებს იდგამდა ახალი იდეები, რაც, თავის მხრივ, საფუძველს უყრიდა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებსაც, რომელსაც რიგი რევოლუციური გადატრიალებებიც მოჰყვა.


ამ პერიოდში დომინირებდა ორი ძირითადი ფილოსოფიური მიმდინარეობა: რაციონალიზმი და ემპირიზმი. რაციონალიზმი ამტკიცებდა, რომ ცოდნის ფუნდამენტი გონების რაციონალური უნარებია, ხოლო ჭეშმარიტების მიღწევა შესაძლებელია ყველანაირი გამოცდილებისა და განცდის გარეშე. ემპირიზმი- პირიქით, ასაბუთებდა, რომ ცოდნის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ გამოცდილებისა და შეგრძნებების მეშვეობით.



კანტი ბოლომდე არცერთს იზიარებდა, თუმცა რენე დეკარტმა, ფრენსის ბეკონმა და სხვა დიდმა მოაზროვნეებმა გარკვეულწილად გავლენა იქონიეს კანტის მსოფლმხედველობაზე. ეს ზეგავლენა იქედანაც იკვეთება, რომ მოგვიანებით კანტი ემპირიზმისა და რაციონალიზმის შერწყმით აყალიბებს სრულიად ახალ მიმდინარეობას, რომელშიც ის აერთიანებს ამ, თითქოს, ურთიერთსაწინააღმდეგო იდეალებს. მიიჩნევა, რომ 1770 წლიდან იწყება მისი შემოქმედების მეორე ნაწილი, სადაც მისი ფილოსოფიური აზრების ერთობლიობის შედეგად შექმნილ მიმდინარეობას — კრიტიციზმს მიჰყვება. კანტმა, იმ დროისთვის არსებულ ფილოსოფიურ დისციპლინებში, ერთგვარი „კოპერნიკისებური შემოტრიალება“ მოახდინა, რამაც დიდწილად შთააგონა XIX და XX საუკუნის ფილოსოფოსები.


კანტმა აჩვენა, რომ ცოდნა არ არის საგნებისგან მიღებული პასიური ინფორმაცია, არამედ საგნები აღიქმება გონებაში უკვე არსებულ კატეგორიებთან და აღქმის ფორმებთან შესაბამისობაში, რაც მათ შემეცნების ობიექტად აქცევს. რაღა თქმა უნდა, ეს მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება კანტის მიერ წარმოდგენილ განმანათლებლობის იდეას, რადგან განმანათლებლობა სწორედ ის პროცესია, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად, საკუთარი გონებით იწყებს აზროვნებას და იძენს ცოდნას, ავტორიტეტებზე დამოკიდებულების გარეშე. ამ ესსეთი კანტი შეეცადა, ხალხისთვის ხმა მიეწვდინა, რაც გაჟღერდებოდა როგორც “Sapere aude” — „გაბედე, გამოიყენო შენი განსჯა!“


ზუსტად ამ მიზეზით კანტი საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე განიხილავს გონების გამოყენების ორ მეთოდს, კერძოს და საჯაროს. გონების საჯარო გამოყენებაში იგი გულისხმობს, რომ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი, მიუკერძოებელი აზრი ფართო საზოგადოებაში. ეს მოიცავს აკადემიურ, ფილოსოფიურ, კულტურულ და პოლიტიკურ დისკუსიებს, სადაც აზრთა ჭიდილი და კრიტიკული მსჯელობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ერთიანი პროგრესისთვის. მაგალითად, მეცნიერი ან ფილოსოფოსი, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლების ან ეკლესიის გადაწყვეტილებებს საჯარო სივრცეში, იყენებს გონებას საჯაროდ. თუმცა, თუ ინდივიდი თავის პროფესიულ ჩარჩოებშია მოქცეული და ვალდებულია, დაემორჩილოს გარკვეულ წესებსა და შეზღუდვებს, იგი იყენებს გონებას კერძოდ. არა პროფესიული, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს, რომელსაც სახელმწიფომ გადასახადები დაუწესა. კანტის აზრით, მას შეუძლია საჯაროდ გააპროტესტოს ან გააკრიტიკოს, თუმცა აუცილებლად გადაიხადოს იგი. მიუხედავად იმისა, რომ კანტი გონების კერძო გამოყენებას წესრიგისა და დისციპლინის შენარჩუნების აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს, უპირატესობას გონების საჯარო გამოყენებას ანიჭებს და თვლის, რომ იგი არის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა.

განმანათლებლობის კონცეფცია, რომელიც გონების დამოუკიდებელ და კრიტიკულ გამოყენებაზეა აგებული, ბუნებრივია, აყენებს რელიგიას და მის როლს განხილვის ეპიცენტრში. კანტის აზრით, განმანათლებლობა არის ადმიანის გამოსვლა უმწიფრობიდან. იმისთვის, რომ უკეთ განსვსაზღვროთ რატომ ეწინააღმდეგება ეს რელიგიურ სტურქტურებს, უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს უმწიფრობა. კანტისეული ახსნით, საკუთარი განსჯის პირადად ვერგამოყენება სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე არის სწორედ უმწიფრობის განსაზღვრება, რაღა თქმა უნდა, ეს სიტყვები პირდაპირ წინაადეგობაში მოდის რელიგიასთან, რადგან რელიგია, როგორც ინსტიტუცია, ხშირად უმწიფრობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რელიგია მოითხოვს რწმენას დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების გარეშე, რელიგიური პოსტულატების მიღებას ბრმად და განსჯის გარეშე.


უნდა აღინიშნოს, რომ კანტი არ არის ათეისტი და არ უაყოფს რელიგიას ყველა მისი გამოვლინებით. თუმცა მას თავისი წარმოდგენა აქვს ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, რომელიც უნდა ემყარებოდეს გონებას და, უკვე აქედან გამომდინარე, ზნეობრივ პრინციპებს, ხოლო დოგმატური ეკლესიური რელიგია თავისი მკაცრი პოსტულატებით ხელს უშლის ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას.


შესაბამისად, კანტის ხედვა განმანათლებობის შესახებ პირდაპირ უპირისპირდება იმ რელიგიურ ინსტიტუციებს, რომლებიც ბრმა მორჩილებას მოითხოვენ. კანტი წერს: “უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო…“

ამ ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ რელიგია ერთ-ერთი დიდი დაბრკოლებაა იმ პროცესისთვის, რომელსაც განმანათლებლობა ჰქვია.

კანტი თვლის და თავის ესეშიც ამაზე საუბრობს, რომ რელიგია და პოლიტიკური სისტემები ხშირად იყენებენ დაშინებისა და თავისი ძალაუფლების სადავეებს, რათა ადამიანები ბრმად დააჯერონ თავიანთ დოგმებში იმ დონემდე, რომ ბოლოს ადამიანები უუნაროები ხდებიან თავისით მიიღონ გადაწყვტილებები, რადგან სამყარო ამ სწორხაზოვანი სისტემების გარეშე ზედმეტად საშიშია.

კანტი წერს: “იგი (განმანათლებლობა) გაბედულებაა, რადგან მიღებული დასკვნები შეიძლება არა მარტო ტრადიციისა და არსებული პოლიტიკის, არამედ თავად ღმერთის არსებობის წინააღმდეგ იყოს მიმართული.“

ამ სიტყვებით კანტი აღიარებს განმანათლებლური აზროვნების უნარს, მივიდეს იმ დასკვნებამდე, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ტრადიციებსა თუ პოლიტიკურ სისტემებს, არამედ თვით რელიგიურ წარმოდგენებსაც კი. თუმცა იგი ამას არ მიიჩნევს პრობლემად, რადგან განმანათლებლობა, მათ შორის, რელიგიაშიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რაციონალური გონებით გადაიხედოს ყველანაირი რწმენა-წარმოდგენა და საკუთარი მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე მივიდეს ადამიანი ისეთ რწმენამდე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მის პირად ზნეობრივ ღირებულებებთან.

კანტის მიხედვით, განმანათლებლობისა და რელიგიის ურთიერთობა დაძაბული, მაგრამ გარდაქმნადი პროცესია. მისი თქმით, რელიგია არ უნდა იყოს შემაფერხებელი ძალა გონების განვითარებისთვის, არამედ მას უნდა შეეძლოს საკუთარი დოგმების გადახედვა. თუმცა, ამასთან ერთად, დიდი ფილოსოფოსი აღირებს, რომ საზოგადიბა მთლიანად ვერ გათავისუფლდება რელიგიის, როგორც ინსტიტუციის მარწუხებისგან. სწორედ ამიტომ რელიგია უნდა ტრანსფორმირდეს ისე, რომ ემსახუროს ადამიანთა ეთიკურ სრულყოფას და არა გონებრივ ემანსიპაციას.


კანტი გარდა რელიგიის და მისი ძალაუფლებრივი ზეგავლენისა, საუბრობს გონებრივი თავისუფლებითა და სამოქალაქო წესრიგით გამოწვეულ გარკვეულ ფილოსოფიურ პარადოქსზე, რომელიც გამოიხატება შემდეგ დებულებაში: რაც უფრო მეტი აზროვნების თავისუფლება ეძლევა ხალხს, მით უფრო საჭირო ხდება გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

განმანათლებლობის თვალსაზრისით, თავისუფლება უშუალოდ მოითხოვს სამართლებრივ ჩარჩოს, რადგან უკონტროლო თავისუფლება შესაძლოა, ანარქიაში გადაიზარდოს. ამდენად, აუცილებელია ბალანსი აზროვნების თავისუფლებასა და მორჩილებას შორის, რათა ეს პროგრესი არ გადაიზარდოს ქაოსში. თუ საზოგადოება უმართავი გახდება, აზროვნების შესაძლებლობაც გაქრება, რადგან ძალადობასა და ქაოსში მსჯელობის საშუაკება მინიმალური იქნება. აქიდან გაამომდინარე, მხოლოდ ძლიერ და განათლებულ მმართველს შეუძლია ხალხს მიმართოს და თქვას: “იმსჯელეთ, რამდენიც გინდათ და რის შესახებაც გინდათ, მაგრამ დამმორჩილდით!” და დაიცვას ოქროს შუალედი - მისცეს ხალხს აზროვნების თავისუფლება და ამავდროულად უზრუნველყოს წესრიგი.

იმანუელ კანტის ფილოსოფია განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ადამიანის აზროვნების თავისუფლებას, მის მიერ გონების რაციონალურ გამოყენებასა და კრიტიკული მსჯელობის უნარს ეფუძნება. მან დააკავშირა რაციონალიზმი და ემპირიზმი, ჩამოაყალიბა კრიტიციზმი და აჩვენა, რომ ცოდნის შეძენა მისი არა მხოლოდ პასიური აღქმა, არამედ გონების აქტიური ჩართულობის პროცესია. კანტი განსაკუთრებით კრიტიკული იყო რელიგიური დოგმებისა და ავტორიტეტების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანს უმწიფრობიდან გამოსვლაში და არ აძლევენ მას დამოუკიდებლად აზროვნებისა და კრიტიკული განსჯის უნარის გამომუშავების საშუალებას. კანტის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ აზროვნებას.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერძენაძე თამარ
ბერძენაძე თამარ
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0