"რა როლსაც მეფისნაცვალი და ცეკას მეორე მდივანი ასრულებდა საქართველოში თავის დროზე, კიდევ უფრო უარეს როლს ასრულებდა ზოგიერთი ელჩი აქ, საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
!["რა როლსაც მეფისნაცვალი და ცეკას
მეორე მდივანი ასრულებდა
საქართველოში თავის დროზე, კიდევ უფრო
უარეს როლს ასრულებდა ზოგიერთი ელჩი
აქ, საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/202502101539396227.png)
"ჩვენ დავინახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ელჩი დიპლომატის ფუნქციას კი არა, უცხოური ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა. რა როლსაც მეფისნაცვალი და ცეკას მეორე მდივანი ასრულებდა საქართველოში თავის დროზე, კიდევ უფრო უარეს როლს ასრულებდა ზოგიერთი ელჩი აქ, საქართველოში, " - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით დასტურდება ის, რაზეც თავად საუბრობდნენ და რაც "შავი ფულით რევოლუციების დაფინანსებას" ეხებოდა.
"ჩვენი და ბატონი შალვა პაპუაშვილის თუ არ სჯერათ, აშშ-ის პრეზიდენტს და მის დღევანდელ ადმინისტრაციას მაინც დაუჯერონ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ USAID-დან მილიარდები იხარჯებოდა იმაში, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ და რევოლუციები მოეწყოთ. ამას ვამბობდით ჩვენ, ამას ამბობდა პაპუაშვილი და არამარტო ამბობდა - შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რომ შეწყვეტილიყო თანხების გადმორიცხვა რევოლუციებისთვის. ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, როცა საუბარია შავი ფულების გადმორიცხვაზე, მათ შორის, USAID-დან და ასე შემდგომ?! ეს ანტიამერიკული განცხადებებია?!" - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭავარიანმა აშშ-ს მაღალჩინოსნების ინიციატივაზე „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ საქმიანობის აკრძალვაზეც ისაუბრა:
"მე ველოდები აქაური ე.წ. პოლიტიკოსების და NGO სექტორის განცხადებებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ილონ მასკის განცხადებას ისინი შეამკობენ ანტიამერიკულად და ანტიევროპულად. საუბარია იმაზე, რომ „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ ემსახურებოდნენ არა დემოკრატიას, არამედ პირიქით, რადიკალიზმს და რომ იქ მოკალათებული იყვნენ USAID-ის დაფინანსებული ძალები, რომლებიც პირდაპირ აღვივებდნენ რადიკალურ პროცესებს, რომელსაც ხელს ეს მედიასაშუალებები უწყობდნენ.