საზოგადოება ბოროტად გამოყენებული ხალხთა თანასწორობის იდეა დღეს, 19:18 მანამდე ჩვენ წავიკითხეთ სასიამოვნო ფანტაზიები პლატონთან, თომას მორთან, შარლ ფურიესთან, სენ სიმონთან, რობერტ ოუენთან. თეორიულად სასიამოვნო იდეები ჰქონდათ, თუმცა კარლ მარქსი მათ შორის ყველაზე ახლოს იყო თეორია პრაქტიკაში დანერგილიყო.
მარქსის აღწერს სხვადასხვა საზოგადოებრივ ფორმაციებს. პირველყოფილი თემური წყობილებისას - საზოგადოების განვითარების პირველივე ისტორიულ პერიოდში, არ არსებობდა რაიმე კლასებად ან მამულებად დაყოფა. ამ ფორმირებას უწოდეს პრიმიტიული კომუნიზმი სწორედ იმიტომ, რომ საკუთრება საზოგადოების ხელში იყო. ყველა დანარჩენი ფორმაციებისას საზოგადოებაში არსებობდა მჩაგვრელი და ჩაგრული კლასი, პატრიციები და პლებეები, ბატონები და ყმები, თავისუფლები და მონები. რა თქმა უნდა, ამ ანტაგონისტურ კლასებს შორის ყოველთვის არსებობდა დაპირისპირება. სწორედ ასეთი კლასობრივი დაპირისპირების საპირისპირო პოლუსებს წარმოადგენდნენ ბურჟუაზია და პროლეტარიატი. ბურჟუაზია გამუდმებით ისწრაფოდა უფრო და უფრო მეტი სარგებელი მიეღო მინიმალური წარმოების ხარჯებით, რაც პროლეტარიატის ექსპლუატაციას გულისხმობდა. როგორც მარქსი ნაშრომში „კაპიტალი“ აღნიშნავს, კაპიტალიზმის პირობებში სამუშაო ძალის ღირებულება განისაზღვრება საარსებო საშუალებათა გარკვეული რაოდენობით. [2] ეს საარსებო საშუალება ძალიან დაბალი იყო, მაგრამ პროლეტარს არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა და იძულებული იყო, საარსებო მინიმუმსა და მძიმე სამუშაო პირობებს დასთანხმებოდა. სწორედ სიმდიდრისა და ძალაუფლების უთანასწორო განაწილება გახდა კლასობრივი ბრძოლის მთავარი საფუძველი. მარქსის მოსაზრებით, კაპიტალიზმი ცდილობს, გაანადგუროს თავისი სიმდიდრის ორივე წყარო: ბუნება და ადამიანი.[3] რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ილაჯის გაწყვეტამდე შრომობს და იღებს მხოლოდ საარსებო მინიმუმს, განადგურებულია არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც, მისი უფლებები შელახულია, ღირსება- დაკნინებული. მარქსი ამ დაპირისპირებიდან გამოსავალს კერძო საკუთრების გაუქმებასა და წარმოების საშუალებების სახელმწიფოსთვის გადაცემაში ხედავდა. როგორც იგი წერდა, პროლეტარებმა უნდა გაანადგურონ ყველაფერი, რაც აქამდე იცავდა და უზრუნველყოფდა კერძო საკუთრებას. კოლექტიური მფლობელობა უზრუნველყოფდა რესურსების თანაბარ განაწილებას. მისი აზრით, კაპიტალიზმის დანგრევითა და კერძო საკუთრების ლიკვიდაციით, ყველა ადამიანი თანასწორი გახდებოდა. მარქსს მიაჩნდა, რომ სადაც თანასწორობაა, იქ გამორჩენა (სარგებელი) არ არის. თანასწორობისთვის იგი საჭიროდ თვლიდა პროლეტარიატის - ექსპლუატირებული კლასის გაერთიანებას ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რაც თვალნათლივაა გადმოცემული ცნობილ მოწოდებაში: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“[4]. მარქსის მოსაზრებით, იმ პერიოდში, როდესაც კლასობრივი ბრძოლა თავის კულმინაციას უახლოვდება, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, მმართველ კლასში დაშლის პროცესი იღებს ისეთ მშფოთვარე ხასიათს, რომ მმართველი კლასის მცირე ნაწილი უერთდება რევოლუციურ კლასს, რომელსაც მომავალი ეკუთვნის. მას მაგალითად მოჰყავდა წინა, ფეოდალური ფორმაციის შეცვლის პერიოდი, როცა თავადაზნაურობის ნაწილი გადავიდა ბურჟუაზიაზე. რევოლუციის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო კომუნისტური საზოგადოება, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნებოდა კლასობრივი დაყოფისა და ექსპლუატაციისგან. კომუნისტური საზოგადოების პირობებში, მხოლოდ ერთი კლასი აღარ გააკონტროლებდა რესურსების უმეტესობას, ეკონომიკის საფუძველი აღარ იქნებოდა ინდივიდუალური სარგებელი, არამედ საერთო კეთილდღეობა. წარმოების დონეს უნდა დაეკმაყოფილებინა ყველა მოქალაქის მოთხოვნილება. ყველა ადამიანს ერთი სოციალური სტატუსი ექნებოდა. კომუნიზმი საზოგადოების განვითარების უმაღლესი ფორმა იქნებოდა. მარქსს განსაკუთრებით აწუხებდა კაპიტალიზმით გამოწვეული სოციალური უთანასწორობა, რომელიც საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს ხდიდა უპირატესს. თუმცა იმ მოტივით, რომ საზოგადოებაში თანასწორობა დაემკვიდრებინა, მან ერთგვარი პარადოქსი, კიდევ უფრო დიდი უთანასწორობა გამოიწვია. მართლაც, „რადიკალური ბოროტება იბადება იქ, სადაც რადიკალური სიკეთის მიღწევა სურთ, “- [5] მარქსის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალს, გაუქმებულიყო კერძო საკუთრება, ეწინააღმდეგებოდნენ კაპიტალისტები. მათი აზრით, ეს დამღუპველი, რეგრესისკენ მიმავალი გზა იქნებოდა, რაც უგულებელყოფდა ადამიანების პირადი ინტერესების გათვალისწინებას. ლოგიკურია, თუ, შრომის დონის მიუხედავად, ყველა ადამიანს თანაბარ გასამრჯელოს მისცემდნენ, გარეგანი მოტივაციის გარეშე ადამიანები აღარ დაინტერესდებოდნენ ინოვაციებით, აღარ ექნებოდათ შრომის სტიმული. ისინი შიშობდნენ, რომ ასეთი ცვლილებები ამავდროულად პიროვნული იდენტობის დაკარგვას გამოიწვევდა, რადგან კერძო საკუთრება მიაჩნდათ როგორც ეკონომიკურ, ისე პიროვნული თავისუფლების გარანტად. მსოფლიო ისტორიაში ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია კომუნიზმს, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რის გამოც მას ხშირად უტოპიურს უწოდებენ. თუმცა კარლ მარქსის შრომები დღემდე საინტერესო და აქტუალურია საზოგადოებრივი მეცნიერებისთვის, ფილოსოფიისთვის, სოციოლოგიისთვის, ეკონომიკისა და პოლიტოლოგიისთვის. 11 1-ს მოსწონს
|