განათლება დროის მენეჯმენტი და მიზანდასახულობა 3 თებერვალი, 21:40 "მიზანი გეგმის გარეშე არის მხოლოდ ოცნება." - დენზელ ვაშინგტონი
რატომ ვგეგმავთ საკუთარ ცხოვრებას და რა შედეგს გვაძლევს გეგმაზომიერი ცხოვრების წესი?
დედამიწაზე ყოველ ადამიანს სამყარო თანაბრად აძლევს დროს, ანუ დღე-ღამეში 24 საათს. არავის მეტს, არავის ნაკლებს. თუმცა ფაქტია, ერთი და იმავე დროის დიაპაზონში, არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ და ასწრებენ, სხვები ნაკლებს, ზოგიერთები კი საერთოდ ვერაფერს.
ბენჯამენ ფრანკლინი - ეს სახელი და გვარი ალბათ ყველასთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. დიპლომატი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, გამომგონებელი, საზოგადო მოღვაწე ... აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებელი და ერის მამად წოდებული. მისი ხელმოწერა ფიქსირდება აშშ-ის 2 უმთავრეს დოკუმენტზე: 1) აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და 2) აშშ-ის კონსტიტუცია.
თუმცა ახლა მსურს ეს პიროვნება სხვა კუთხით წარმოგიდგინოთ.
ბენჯამენ ფრანკლინის პირად არქივში აღმოჩენილი იქნა ერთი საინტერესო ფურცელი, რომელიც არის მის მიერ შედგენილი დღე-ღამის განრიგი, სადაც ფრანკლინს საათობრივად აქვს გაწერილი საკუთარი ცხოვრების 24 საათი.
მოცემული განრიგის მარჯვენა სვეტში ფიქსირდება, რომ ბენჯამენ ფრანკლინი იღვიძებდა დილის 5 საათზე, ყოველ დღე მუშაობას უთმობდა 8 საათს, შესაბამისი დროები ჰქონდა გამოყოფილი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, განტვირთვისთვის, ძილს უთმობდა 7 საათს და ა.შ.
თითქოს არც არაფერია დღის დაგეგმვაში გასაოცარი და მრავლად გვაქვს მაგალითები, რომ სხვა ცნობილი/წარმატებული ადამიანებიც იყენებდნენ ამ მეთოდს. აქ გასაოცარი სულ სხვა რამ არის. კერძოდ, ამ პატარა ფურცლის მარცხენა ნაწილი, სადაც მხოლოდ ორი წინადადებაა ჩაწერილი.
ბენჯამენ ფრანკლინი საკუთარ თავს უსვამს 2 შეკითხვას.
1) Morning Question - What good shall I do this day?
და
2) Evening Question - What good have I done today?
დილის კითხვა საკუთარ თავს - რა კარგი საქმე შემიძლია გავაკეთო დღეს და საღამოს კითხვა საკუთარ თავს - რა კარგი საქმე გავაკეთე დღეს?
ალბათ ეს არის ადამიანის ამქვეყნიური არსებობის მთავარი საზრისი და ფუნდამენტური კითხვები, რომლითაც უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ ჩვენი ამ სამყაროში მოვლინების მისია და გეგმად ჩამოყალიბებული ჩვენი ცხოვრების მიზანიც.
აქვე მახსენდება ქართველი ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძის საოცარი სიტყვებიც:
"კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე."
P.S. შინაარსიან და გეგმაზომიერ ცხოვრებას, ახალ გაცნობიერებებს და ბევრ წარმატებას გისურვებთ.
26 შეფასება არ არის
|